საინფორმაციო სააგენტო News-Front-ი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მთავრობის კომუნიკაციების მარეგულირებელმა სააგენტომ როსკომნადზორმა 2015 წლის 26 ივნისს დაარეგისტრირა, ქართულ მედია ბაზარზე 2019 წლის ოქტომბრიდან გამოჩნდა. ქართული ნიუსფრონტი კრემლისტური სარედაქციო პოლიტიკის სააგენტოს ქსელის ნაწილია, რომელიც ამჟამად 11 ენაზე, მათ შორის ქართულზეც არის ხელმისაწვდომი.
კრემლისტური მედია News Front-ის სარედაქციო პოლიტიკა კრემლის დღის წესრიგის იდენტურია. გამოცემა უკრაინის ტერიტორიების – დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობას აღიარებს, ხოლო ყირიმს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს.
ნიუსფრონტს კავშირები ისეთ ღიად პრო-რუსულ აქტორებთან აქვს, როგორიცაა “საქართველო და მსოფლიო”, “ევრაზიული კავშირი”, “პატრიოტი TV”, ასევე ევგენი პრიმაკოვის ფონდთან დაკავშირებულ პლატფორმასთან “პოლიტიკანო”, რომელიც მეტწილად სოციალისტურ თემატიკაზე მანიპულირებს და საბჭოთა ნოსტალგიის გაღვივებას ცდილობს. News Front-ის ქართულენოვან მასალებს ღიად პრორუსული ვებ-პორტალი “საქართველო და მსოფლიო”, “საქინფორმი” და Facebook გვერდი “სტალინი” აქვეყნებენ. ეს გარემოება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს გვერდები ერთი ჯგუფიდან იმართება.
ქართულენოვანი News Front-ის ფეისბუკ გვერდი 2019 წლის 13 ოქტომბერს შეიქმნა, რომლის ადმინისტრატორი კონსტანტინე ჩიკვილაძე იყო, ხოლო 2020 წლის აპრილში ფეისბუქის ადმინისტრაციამ აღნიშნული გვერდი და ასევე ნიუსფრონტის ქსელის სხვა გვერდები და ჯგუფები წაშალა. კონსტანტინე ჩიკვილაძე ამავდროულად “საქართველო და მსოფლიოს” სტატიების ავტორი და მისი ფეისბუკ გვერდის ადმინისტრატორიცაა. 2019 წლის აპრილში კონსტანტინე ჩიკვილაძე “რუსული სამყაროს” პარტნიორ ორგანიზაციებთან და ულტრა-ნაციონალისტური გაერთიანებების წარმომადგენლებთან ერთად ასევე მონაწილეობდა ღონისძიებაში “ფაშისტური იდეოლოგიის რეანიმაცია”, რომლის ფარგლებშიც “უკვდავი პოლკის” მიერ 9 მაისის აღმნიშვნელი ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კონსტანტინე ჩიკვილაძე ასევე მართავს პატრიოტი ტვ-ს ღია ჯგუფს, რომლის დამფუძნებელიც გიორგი ირემაძეა. გიორგი ირემაძე კი თავის მხრივ პრორუსული ორგანიზაციის “ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირის” პრეზიდენტია, რომელიც კრემლისტურ პარტიას ‘სოლიდარობა მშვიდობისათვის” შეუერთდა.
ნიუსფრონტის ვებ-გვერდზე ხშირად უკრაინის მიერ სანქცირებული, კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი შოთა აფხაიძეც ფიგურირებს.
2020 წლის მაისში ფეისბუქმა კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო Newsfront-ისა და Southfront-ის ქსელი, მათ შორის ქართული გვერდები წაშალა.
წაშლამდე „News Front”-ის ფეისბუკ გვერდი კიდევ 5 ადმინისტრატორთან ერთად მართავდა საჯარო ჯგუფს – “Россия и Грузия- дружба навеки!”.














