24 აპრილიდან რუსულ მედიაში (News.ru, tsargrad.tv, youtvnews.com, lvov-news.ru) და ფეისბუკის რუსულენოვან ანგარიშზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრინცესა დიანას “შურისძიების კაბა” მეგან მარკლმა უკრაინის პირველ ლედის, ოლენა ზელენსკას მიჰყიდა. გავრცელებული მტკიცებით, კაბა 2,9 მილიონ დოლარად გაიყიდა. სტატიებში ინფორმაცია ნიგერიულ გამოცემა, The Nation – ზე დაყრდნობით ვრცელდება. ზოგიერთი ანგარიში (1, 2, 3 ) ამ თემაზე ვიდეოსაც ავრცელებს, რომელსაც ბრიტანული ტაბლოიდის The Sun – ის ლოგო ერთვის.
პრინცესა დიანას “შურისძიების კაბა” ირლანდიულ მუზეუმში – Museum of Style Icons ინახება და ის მეგან მარკლის საკუთრება არასდროს ყოფილა. ასევე გაყალბებულია The Sun – ის სახელით გავრცელებული ვიდეო.
“შურისძიების კაბა” პრინცესა დიანას 1994 წლის 29 ივნისს, ლონდონის „The Serpentine Gallery“-ის საქველმოქმედო საღამოზე ეცვა. ამ დღეს ტელევიზიით გავიდა დოკუმენტური ფილმი, პრინც ჩარლზის შესახებ, რომელშიც იგი აღიარებდა, რომ მან ცოლი მოატყუა და უღალატა. 1997 წელს კაბა შოტლანდიელმა წყვილმა, ბრიჯ და გრემ მაკენზებმა იყიდეს. მათ განაცხადეს, რომ კაბას დამატებითი თანხის შესაგროვებლად გამოიყენებდნენ საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის, როგორც დიანას სურდა. დღეს ეს კაბა ირლანდიაში, Museum of Style Icons – ში ინახება. მუზეუმს ინსტაგრამ-გვერდზეც უწერია, რომ მათ კოლექციაში პრინცესა დიანას კაბაც შედის.

The Sun – ის სახელით გავრცელებული ვიდეო ყალბია
ზოგიერთი ანგარიში ბრიტანული ტაბლოიდის, The Sun – ის ლოგოთი ვიდეოს ავრცელებს, თუმცა მათ საიტზე და სოციალური მედიის ანგარიშებზე (Facebook, X, Instagram) ვიდეო არ იძებნება. აღნიშნული ინფორმაცია Leadstories – მა გადაამოწმა. მათ The Sun – ის წარმომადგენელმა დაუდასტურა, რომ ვიდეო გაყალბებულია.
აღსანიშნავია, რომ The Sun – ის სახელით გავრცელებულ სიუჟეტში სამეფო ოჯახის ექსპერტის, რიჩარდ ფიცუილიამსის კომენტარია, რომელიც თითქოს კაბის გაყიდვას ეხმიანება. რეალურად, მისი კომენტარი GB News-ისთვის მიცემული 2022 წლის ინტერვიუდან არის აღებული, სადაც იგი ჰარისა და მეგანის Netflix-ის სერიალზე საუბრობდა. “მითების დეტექტორი” სამეფო ოჯახსაც დაუკავშირდა. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
The Nation – ის შესახებ
The Nation ნიგერიული გამოცემაა, რომელსაც ოლენა ზელენსკასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია წარსულშიც გაურცელებია. ეს გაზეთი იყო პირველწყარო მტკიცებისა, თითქოს ოლენა ზელენსკამ Cartier-ში $1 100 000 ღირებულების სამკაულები იყიდა. გარდა ამისა, The Nation ფიგურირებს BBC -ის კვლევაში აფრიკაში ყალბი ამბების შესახებ, როგორც დეზინფორმაციის ერთ-ერთი გამავრცელებელი.
სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.