22 მაისს ფეისბუქ მომხმარებელმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის ამბობს: “პირველყოვლისა, მინდა [ევგენი] პრიგოჟინს გუშინდელი შესანიშნავი გამარჯვება მივულოცო უკრაინაში, რომელიც ძალიან დაძაბული ბრძოლა იყო” (“I just want to first congratulate Prigozhin on a terrific win last night in Ukraine, in what was a very competitive battle”). პოსტის ავტორის თანახმად, ბლინკენის ეს განცხადება უკრაინის ქალაქ ბახმუტის დაცემას უკავშირდება.
ენტონი ბლინკენის ვიდეო ხელოვნურად, სავარაუდოდ Deepfake ტექნოლოგიის გამოყენებითაა მოდიფიცირებული. ორიგინალი ვიდეო 2022 წლის ნოემბერშია გადაღებული და ბლინკენი ამერიკის გუნდს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე წარმატებულ მატჩს ულოცავს.
გავრცელებული პოსტი ენტონი ბლინკენის დარედაქტირებულ ვიდეოს შეიცავს. რეალურად, ენტონი ბლინკენის ვიდეო ბახმუტში ბოლო პერიოდში მიმდინარე აქტიურ საბრძოლო მოქმედებებთან არანაირ კავშირში არაა და რამდენიმე თვის წინ, 2022 წლის 30 ნოემბერსაა გადაღებული. ენტონი ბლინკენი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრებში მონაწილეობდა, სადაც განხილვის ძირითადი თემა რუსეთის უკრაინაში შეჭრა იყო.
აღნიშნული ვიდეო შეხვედრების ბოლო დღესაა გადაღებული. ბლინკენმა საკუთარი გამოსვლის შესავალში ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო გუნდს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე ირანის გუნდთან გამარჯვება მიულოცა.
ენტონი ბლინკენი: “სანამ ვისაუბრებ იმაზე, თუ რას ვაკეთებთ აქ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, პირველყოვლისა, მე მინდა, აშშ-ის გუნდს გუშინ ღამით მსოფლიო ჩემპიონატზე, ძალიან დაძაბული მატჩის დროს, შესანიშნავი გამარჯვება მივულოცო. ასევე მინდა მივესალმო ირანის ნაკრების გამოსვლას, რომელმაც ამ ტურნირზე გულით ითამაშა.”
გარდა იმისა, რომ ბლინკენის ციტატაში “ამერიკის საფეხბურთო გუნდი” “პრიგოჟინითაა” ჩანაცვლებული, ჩამატებულია სიტყვა “უკრაინა” და შეცვლილია სიტყვა “მატჩიც” (match), რომლის მაგივრადაც გვესმის სიტყვა “ბრძოლა” (battle).
დეზინფორმაცია, თითქოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინასთან რუსეთის სამხედრო უპირატესობა აღიარა, წარსულშიც გავრცელდა. ვრცლად იხილეთ:
წყაროს შესახებ
ფეისბუქ-ანგარიში Nero Nero ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის პოსტებს ხშირად აქვეყნებს. მას დეზინფორმაციაც არაერთხელ გაუვრცელებია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.