5 დეკემბერს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე POSTV-ის წამყვანმა და ფეისბუკ ჯგუფის “ანტი-მაიდანი!” ერთ-ერთმა ადმინისტრატორმა, ლიზა გეგეჭკორმა, ასევე ფეისბუკ გვერდმა “ქართული გვერდი – / Rati’s Page საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუს ფრაგმენტი გაავრცელეს. ლიზა გეგეჭკორის თანახმად, ზურაბიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტისთვის პიროტექნიკის დამიზნებით სროლას გამოხატვის თავისუფლებად აფასებს. თავად ვიდეოში ჟურნალისტ თამთა სანიკიძის შეკითხვას: “ის ფორმა ჟურნალისტების მიმართ ბულინგის, ეს მისაღები იყო თქვენთვის?” ზურაბიშვილი პასუხობს: “ეს ბულინგი არა მგონია რომ იყოს, ეს არის გამოხატვის უფლება.
ვიდეოს ამ ფრაგმენტს თან ერთვის კადრი ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირი ეთერიდან, რომელშიც, სავარაუდოდ, პროტესტის მონაწილე, პირველი არხის გადამღებ ჯგუფს, ფოიერვერკს უმიზნებს. პოსტი ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს პრეზიდენტი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადამღები ჯგუფისთვის პიროტექნიკის სროლას გამოხატვის უფლებას უწოდებს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო შეცდომაში შემყვანი, ხოლო პოსტის აღწერა დეზინფორმაციულია. პრეზიდენტის კომენტარი ეხებოდა არა პიროტექნიკის გამოყენებას, არამედ პროტესტის ფორმებსა და გამოხატვის თავისუფლებას, რაც ჟურნალისტის მიერ დასმულ კონკრეტულ კითხვას, საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოწყობილ საპროტესტო აქციასა და ჟურნალისტების მიმართ გამოხატულ პროტესტის ფორმას პასუხობდა.
2024 წლის 5 დეკემბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჟურნალისტმა თამთა სანიკიძემ ინტერვიუ გამართა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ინტერვიუს ერთ-ერთი თემა იყო 28 ნოემბერს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაწყებული საპროტესტო აქციები და მათი მიმდინარეობა. სანიკიძემ (დროის კოდი [2:01:01] ) ერთ-ერთ კითხვაში პრეზიდენტს შეახსენა მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტი: “ახლა საზოგადოებრივი მაუწყებლის დროა.” ჟურნალისტის თქმით, პოსტის გამოქვეყნებიდან მალევე დაიწყო საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქციები, რაც განსაკუთრებულად მძიმე იყო ჟურნალისტებისთვის, რადგან მომხდარ პროცესებს ბულინგის ელემენტები ჰქონდა და პროტესტის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ჟურნალისტები იქცნენ.
ზურაბიშვილმა საპასუხოდ, აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, არ ასრულებს თავის უმთავრეს როლს, რომელიც მრავალფეროვანი აზრების გაშუქებას და საზოგადოების ყველა ჯგუფის ჩართულობას მოიცავს. ზურაბიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ მან არაეთხელ მიიღო უარი “საზოგადოებრივი მაუწყებლისგან” სხვადასხვა ფორმატის გადაცემებში მონაწილეობაზე. საპასუხოდ, სანიკიძემ ზურაბიშვილს რამდენჯერმე ჰკითხა იყო თუ არა პროტესტის ფორმები მისთვის მისაღები, მათ შორის, ბულინგი ჟურნალისტების მიმართ.
პრეზიდენტმა ჟურნალისტს უპასუხა, რომ ეს ბულინგი არ იყო და პროტესტი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მიმდინარეობდა. მისი თქმით, საზოგადოებას უფლება აქვს გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება, თუმცა ამავე დროს, ჟურნალისტებს ეთიკის ნორმების დაცვა მოეთხოვებათ. ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ზოგ შემთხვევაში პროტესტის ფორმები შეიძლება ყველასთვის მისაღები არ იყოს, მაგრამ ეს თავისუფლების ნაწილია და ყველას უფლება აქვს, გამოხატოს აზრი ისე, როგორც თავად ფიქრობს. სანიკიძე ამ საკითხს არაერთხელ მიუბრუნდა და კითხვა ხელახლა დასვა: “შესაძლოა, პროტესტის ფორმები ზოგისთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ ჟურნალისტების მიმართ გამოყენებულ სიტყვიერ ბულინგს თქვენ მაინც მხარს უჭერთ?”
პრეზიდენტმა კვლავ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება არ უნდა შეზღუდოს გემოვნების საკითხებმა. მისი თქმით, საზოგადოებას აქვს პროტესტის უფლება, მაშინაც კი, როცა ეს სხვებისთვის უსიამოვნო ან მიუღებელია. თუმცა, ამავდროულად, მან ხაზი გაუსვა, რომ ჟურნალისტებიც პასუხისმგებლები არიან ეთიკის ნორმების დაცვაზე, განსაკუთრებით საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ამ შემთხვევაში, ზურაბიშვილმა აღნიშნა რომ ჟურნალისტმა ეთიკის პრინციპები დაარღვია და მისი საქციელი ასევე მიუღებელი იყო. საუბარი ეხებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების ბლოკის დირექტორის გიორგი გვიმრაძის მიერ პროტესტის ქალი მონაწილეების მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს (1,2).
რამდენიმე წუთში [2:13:48] თამთა სანიკიძე კვლავ სხვამს კითხვას: “და ის ფორმა ჟურნალისტების მიმართ ბულინგის, მისაღები იყო თქვენთვის?”
ამ კითხვას ზურაბიშვილი შემდეგ პასუხს სცემს:
“ეს ბულინგი არა მგონია რომ იყოს, ეს არის გამოხატვის უფლება და კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ჟურნალისტებს აქვთ ეთიკის ვალდებულება და საზოგადოებას არ აქვს, საზოგადოება შეიძლება პროტესით გამოვიდეს, შეიძლება იჩხუბოს, შეიძლება ინერვიულოს, შეიძლება გაბრაზდეს. ეს საზოგადოება არის. “
-
რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა პიროტექნიკის გამოყენებაზე?
რაც შეეხება პიროტექნიკის გამოყენებას, ამის შესახებ თამთა სანიკიძემ სალომე ზურაბიშვილს ინტერვიუს დაწყებიდან რამდენიმე წუთში ჰკითხა [1:25:05]. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, აქციის მონაწილეთა ქმედებები შეიძლება სიტუაციის ესკალაციას და დაძაბულობას იწვევდეს. მან გაუსვა ხაზი პიროტექნიკისა და სხვადასხვა საგნის გამოყენებას, რაც მისი თქმით, საფრთხის შემცველი და მიუღებელი იყო, ასევე სანიკიძემ აღნიშნა, რომ პიროტექნიკით დაშავებული იყო მისი ერთი თანამშრომელი და ჰკითხა, თუ ხედავდა ის საფრთხეს ასეთი ქმედებებისგან და შეესაბამებოდა თუ არა ეს მოქმედებები გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს.
ზურაბიშვილმა ამის შესახებ თქვა:
“მე არ შემოვალ ამ ლოგიკაში, რომ ჩვენ აქციის მონაწილეები რაიმე საფრთხედ აღვიქვათ. მე არაერთი დემონსტრაცია მინახავს სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით საფრანგეთში… [აქ] ხალხი მშვიდად გამოდის, ცეკვავენ, მღერიან და ოჯახებით ერთად გამოხატავენ თავიანთ აზრს. რამ შეცვალა ეს სიტუაცია? ვინ გამოიყვანა რობოკოპები? ვინ გააბრაზა ხალხი?”
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ პიროტექნიკის გამოყენებას ის პირადად არ ემხრობა და ამგვარი ქმედებები საფრთხის შემცველად მიაჩნია, თუმცა აღნიშნა, რომ ამაზე უფრო მნიშვნელოვანია ის, როგორ იქცეოდნენ სამართალდამცველები აქციების მონაწილეების მიმართ:
“მე არ მომწონს პიროტექნიკა, მეშინია, როცა ახალ წელსაც კი იყენებენ მას. მაგრამ ეს ხომ არ არის მთავარი პრობლემა? მთავარი პრობლემა ისაა, როგორ დაზდევდნენ ხალხს, როგორ შედიოდნენ სახლებში ღამე, როგორ არ აძლევდნენ მათ საშუალებას, მშვიდად დაბრუნებულიყვნენ სახლში.”
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ პიროტექნიკა საფრთხის შემცველია, მთავარი პრობლემა, ზურაბიშვილის თქმით, სამართალდამცველების მოქმედებები იყო, მათ მიერ ძალის გადამეტებამდე კი პროტესტი ორგანიზებულად და მშვიდობიანად მიმდინარეობდა.
არქივის ბმულები:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















