1 ნოემბერს ტელეკომპანია POSTV-ის ფეისბუქ გვერდზე “POSTV – ანალიტიკა”, ასევე გვერდზე “სიმართლის დროა” ამავე დღეს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის კადრები გამოქვეყნდა. მარცხნივ ვხედავთ ვიდეოს, რომელიც პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხის რაოდენობას ზემოდან ასახავს და ახლავს წარწერა “რეალობა”, ხოლო მარჯვენა მხარეს ამავე აქციის ამსახველ სქრინშოტს ტელეკომპანია პირველის საინფორმაციო გამოშვებიდან, წარწერით “ტვ პირველი”. რადგან მარცხენა ვიდეოში ხალხის მცირე რაოდენობა ჩანს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ტელეკომპანია პირველი აქციაზე ხალხის რაოდენობით მანიპულირებს.
POSTV კადრებს მანიპულაციურად იყენებს და ისე წარმოაჩენს, თითქოს ტელეკომპანია პირველი იმ ფაქტის დამალვას ცდილობს, რომ 11 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე აქციას მცირე რაოდენობის ხალხი ესწრებოდა. რეალურად, შედარებული კადრები სხვადასხვა დროსაა გადაღებული და პროტესტს მოგვიანებით მეტი ადამიანი შემოუერთდა, შესაბამისად ტვ პირველმა ჩართვის მომენტში რუსთაველის გამზირზე მყოფი ადამიანის რაოდენობა ასახა.
ფეისბუქ პოსტებში გამოყენებული ორივე კადრი 11 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციას ასახავს, თუმცა ისინი სხვადასხვა დროსაა გადაღებული.
მარჯვნივ მოცემულ კადრი ნამდვილად ტელეკომპანია პირველს ეკუთვნის. სქრინშოტზე “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრს გიორგი ბუტიკაშვილს ვხედავთ. მისი ჩართვა ტელეკომპანია პირველის პირდაპირ ეთერში 19 საათსა და 21 წუთზე დაიწყო (1,2). პარალელურად ტელეკომპანია აქციის სხვა კადრსაც აჩვენებდა, რომელშიც პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხი ჩანს.

ზემოთმოყვანილი კადრებიდან ჩანს, რომ პარლამენტის წინ არსებული ტერიტორია მეტნაკლებად სავსეა, ასევე, თვალსაჩინოა, რომ ხალხის მასის უკან ტრანსპორტი ჯერ კიდევ მოძრაობს, ანუ რუსთაველის გამზირი ამ მომენტისთვის ჯერ არ გადაკეტილა.
გიორგი ბუტიკაშვილის ჩართვამდე ტელეკომპანიის ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი აქციის მონაწილეებს შორის გადაადგილდებოდა. ეს კადრები ხალხის რაოდენობაზე უკეთეს წარმოდგენას გვიქმნის, 19:19 საათისთვის ხალხს პარლამენტის წინ არსებულ გამწვანებასა და გამზირს შორის ტერიტორიაც დაკავებული ჰქონდა და ხალხის ნაწილი გზის მოპირდაპირე მხარეს, მაგთის მრავალფუნქციური კომპლექსის წინ იდგა.

ხალხის ამ რაოდენობას აჩვენებს ტელეკომპანია მთავარის პირდაპირი ჩართვაც. 19 საათსა და 16 წუთზე მთავარის კადრებში ვხედავთ, რომ აქციის მონაწილეებს პარლამენტის წინა სივრცე ათვისებული აქვთ, თუმცა გამზირი ჯერ გადაკეტილი არაა.

რაც შეეხება ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში მარცხნივ მოცემულ კადრებს, მათი გადაღების ზუსტი დრო უცნობია, თუმცა, სხვადასხვა კადრების ანალიზი ცხადყოფს, რომ ის შედარებით ადრე, აქციის დაწყების მონაკვეთშია გადაღებული, როდესაც პარლამენტის წინ ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანი იყო შეკრებილი.
აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით აქციის მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, 19:23 საათზე აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გადასვლა დაიწყეს და რამდენიმე წუთში გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტა. აქციის მონაწილეთა რაოდენობამ პიკს დაახლოებით 20:46 საათზე მიაღწია, ანუ იმ დროს, როცა აქციას საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპელი პოლიტიკოსები შეუერთდნენ.

შესაბამისად, გავრცელებულ ფეისბუქ პოსტებში ტელეკომპანია პირველის კადრები მანიპულაციურადაა გამოყენებული იმ შთაბეჭდილების შესაქმნელად, რომ არხი აქციის მონაწილეთა რაოდენობას ობიექტურად არ აშუქებს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.