9 სექტემბერს POSTV-ის ფეისბუკ გვერდზე “POSTV-ანალიტიკა” ვიდეო შემდეგი აღწერით გავრცელდა: “ტვ პირველი – მუდამ სიცრუის სამსახურში”. ტელეკომპანია “პირველის” საინფორმაციო გამოშვებიდან ამოჭრილ 15 წამიან ფრაგმენტში ნაჩვენებია წამყვანი ეკო მაღრაძე, რომელიც ამბობს, რომ აქციაზე არცერთი პოლიციელი არ იმყოფება. ამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ერთვება ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი, რომლის უკანაც მოშორებით დგანან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. ვიდეოს ბოლო კადრებში ჩასმულია იუმორისტ ნიკა არაბიძის ვიდეო, რომელშიც ის ამბობს: “შენი ბრუციანი დედა მ******.”

POSTV ტელეკომპანია “პირველის” მთავარი საინფორმაციო გამოშვებიდან ფრაგმენტს მანიპულაციურად ავრცელებს. პირდაპირი ჩართვის სრულ ვერსიაში გადაცემის წამყვანი და ჟურნალისტი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პოლიციელები, განსხვავებით 8 სექტემბრისგან, როცა კალაძის შტაბის წინ იდგნენ, დღეს (9 სექტემბერს) აქციის მონაწილეებისგან მოშორებით დგანან. ჟურნალისტები არ ამტკიცებენ, რომ ადგილზე პოლიცია არ იმყოფება, როგორც ამაზე POSTV მიუთითებს.
კადრები, რომელსაც POSTV ავრცელებს, 9 სექტემბერს ტელეკომპანია “პირველის” საინფორმაციო გამოშვების 23-ე წუთსა და 48-ე წამზე გვხვდება. სრული ვერსიის მიხედვით, ეკო მაღრაძე ხაზს უსვამს, რომ პოლიცია, რომელიც წინა დღეს მელიქიშვილის გამზირზე კახა კალაძის შტაბის წინ იდგა, 9 სექტემბერს აქციის მონაწილეების უშუალო სიახლოვეს აღარ ჩანდა.
ამის შემდეგ, ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი ოპერატორს სთხოვს, აჩვენოს მაყურებელს, ზუსტად სად დგას პოლიცია და რა დისტანციითაა დაშორებული აქციას. რეალურად, ჟურნალისტები არა პოლიციის სრული არყოფნის, არამედ მათი აქციის მონაწილეებთან დისტანციურად განლაგების პრობლემას უსვამდნენ ხაზს, რაც, მათი შეფასებით, უსაფრთხოების კუთხით რისკს ქმნიდა. ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია არ დგას აქციის მონაწილეებსა და შტაბს შორის, კიბეებთან, სადაც წინა დღეს ძალადობა მოხდა.
POSTV ამ სიტყვებს ფრაგმენტირებულად ავრცელებს, თითქოს წამყვანი ამბობს, რომ “დღეს არცერთი პოლიციელი ადგილზე არ იმყოფება”, და შემდეგ მაკასარაშვილის ჩართვის დროს კადრებში ჩანან მოშორებით მდგარი პოლიციელები. ამ გზით იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს “ტვ პირველი” რეალობას ამახინჯებს, მაშინ როცა რეალურად ისინი ხაზს უსვამდნენ პოლიციის დისტანციით ყოფნას და არა სრულ არყოფნას.
| რა ისმის POSTV-ის ვიდეოში? | რას ამბობენ რეალურად ტვ პირველის ჟურნალისტები? |
| ეკო მაღრაძე, წამყვანი: ”დღეს არცერთი პოლიციელი ადგილზე არ იმყოფება. მარიამ მაკასარაშვილი არკვევს მათ ადგილსამყოფელს და ის გვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. | ეკო მაღრაძე, წამყვანი: “ხალხი ვერ დააშინა ოცნებამ, დღეს იმაზე მეტი ადამიანი გამოვიდა, ვიდრე გუშინ იყო. და სად არის ამ დროს პოლიცია, წინა დღისგან განსხვავებით, როდესაც ფორმიანები კალაძის შტაბის წინ იდგნენ, დღეს არცერთი პოლიციელი ადგილზე არ იმყოფება.მარიამ მაკასარაშვილი არკვევს მათ ადგილსამყოფელს. |
| მარიამ მაკასარაშვილი, რეპორტიორი: ჩვენ ვართ ახლა მელიქიშვილის გამზირზე [კადრებში ჩანან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები] | მარიამ მაკასარაშვილი, რეპორტიორი: “ჩვენ ვართ ახლა მელიქიშვილის გამზირზე და მაყურებლისთვის კარგად აღსაქმელი რომ იყოს, კარგად ვაჩვენოთ შტაბის ტერიტორია, იქ სადაც გუშინ ძალადობის მთავარი ეპიცენტრი იყო. სწორედ იმ კიბეებზე დაასისხლიანეს აქციის მონაწილეები, ქალები ჟურნალისტები და მათ შორის პოლიციელებიც. ახლა თემო, ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს სად არის და რა დისტანციით დგას აქციისგან მოშორებით პოლიცია. აქ არიან პოლიციის მარალჩინოსნები, თუმცა იმ ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეები არიან, მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, იქ არც ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, არც ერთი კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი არ არის. ” |
8 სექტემბერს კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან “ქართული ოცნების” მხარდამჭერები იქ შეკრებილ მოქალაქეებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფიზიკურად იძალადეს და მუშაობაში ხელი შეუშალეს “ნეტგაზეთისა” და “პუბლიკას” ჟურნალისტებსაც. ასევე, იძალადეს უნგრელ ჟურნალისტ ლასლო მეზეშზე. 9 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართა, სწორედ ამ აქციას აშუქებდა ტელეკომპანია პირველი ლაივ ჩართვაში, რომლის ფრაგმენტსაც POSTV მანიპულაციურად ავრცელებს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.




















