31 ოქტომბერს პროსახელისუფლებო POSTV-იმ გამოაქვეყნა საინფორმაციო ბარათი, რომელზეც დატანილია ტექსტი: “ევროსაბჭოს მომხსენებლები: ფორინგერი (გერმანია) და დიკსონი (UK) ქართულ ოცნებას აკრიტიკებენ სასამართლოში სარჩელის შეტანის გამო. შეხსენება: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებულია, რომ სასამართლოსთვის მიმართვა ფუნდამენტური უფლებაა და მისი შეზღუდვა დაუშვებელია”.

შეცდომაში შემყვანია POSTV-ის საინფორმაციო ბარათი, რომლის მიხედვითაც კრიტიკის მიზეზი სასამართლოში სარჩელის შეტანაა. რეალურად, ფორინგერისა და დიკსონის კრიტიკის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტის წევრების გადაწყვეტილება, “ქვეყანაში სამი ძირითადი ოპოზიციური ძალის აკრძალვის მოთხოვნით” მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს. შესაბამისად, კრიტიკა არა სასამართლოსთვის მიმართვას, არამედ პარტიებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ეხება.
POSTV საინფორმაციო ბარათს ურთავს სქრინშოტს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან, რომელშიც საუბარია სასამართლოსთვის მიმართვის ფუნდამენტურ უფლებაზე. პროსახელისუფლებო მედია მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლზე – “საქმის სამართლიანი განხილვის უფლება”. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადამიანი აღჭურვილია უფლებით მისთვის წარდგენილი ბრალის საფუძვლიანობა გამოარკვიოს მიუკერძოებელმა სასამართლომ დროულად, სამართლიანად და საჯაროდ. მუხლში აქცენტი გაკეთებულია დამოუკიდებელი სასამართლოთი სარგებლობის უფლებაზე. პოსტს მკითხველი შეჰყავს შეცდომაში, თითქოს ბერნარდ ფორინგერმა და სტიუარტ დიკსონმა “ქართული ოცნება” ამ უფლების გამოყენების გამო გააკრიტიკეს.
რეალურად, ფორინგერისა და დიკსონის კრიტიკა მიემართებოდა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით მიმართვას. ამის შესახებ პროსახელისუფლებო მედიის საინფორმაციო ბარათზე ან აღწერაში ინფორმაცია არ გვხვდება. ევროპის საბჭოს კონგრესის თანამომხსენებლების 30 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ:
“მკაცრად ვგმობთ საქართველოს პარლამენტის წევრების გადაწყვეტილებას, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს ქვეყანაში სამი ძირითადი ოპოზიციური ძალის აკრძალვის მოთხოვნით.
დემოკრატია მმართველობის ყველა დონეზე ვერ იარსებებს პოლიტიკური პლურალიზმისა და ეფექტური ოპოზიციის გარეშე. შეშფოთებული ვართ, რომ ქართული დემოკრატიის საფუძველი თანდათან იშლება.
გამოვთქვამთ მწუხარებას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უგულებელყო კონგესისა და ევროპის საბჭოს სხვა ორგანოების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა კომისრისა და საპარლამენტო ასამბლეის განმეორებითი მოწოდებები, მოვუწოდებთ მათ, გააუქმონ ეს ქმედებები.
კონგრესი საქართველოს მხარდაჭერის ერთგული რჩება, ნებისმიერი შესაძლო გზით ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს ვალდებულებების შესრულების, ადგილობრივ დონეზე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიმართულებით”.
28 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარადგინა “ქართული ოცნების”, “ხალხის ძალისა” და “ევროპელი სოციალისტების” კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც ითხოვენ, არაკონსტიტუციურად ცნონ და აიკრძალოს 3 პარტია: “ნაციონალური მოძრაობა“, “კოალიცია ცვლილებისთვის”, ძლიერი საქართველო – ლელო”.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.




















