24 აგვისტოს სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია POSTV-მ ფეისბუქზე გამოაქვეყნა საინფორმაციო ბარათი (ქარდი), რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია ,,მთავარმა არხმა” მაყურებელს, საქართველოს კონსტიტუციის დღის ნაცვლად, უკრაინის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. საინფორმაციო ბარათზე ჩანს ,,მთავარი არხის” მიერ უკრაინის დამოუკიდებლობის დღის მისალოცი ფეისბუქ პოსტი.
POSTV მანიპულაციურად ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს ,,მთავარი არხი” მაყურებელს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, ხოლო კონსტიტუციის დღეს – არა. რეალურად, “მთავარმა არხმა” უკრაინის დამოუკიდებლობის დღის მილოცვის შემდეგ, პოსტი საქართველოს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებითაც დადო.
24 აგვისტო უკრაინის დამოუკიდებლობისა და საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღეა. ამავე დღეს ტელეკომპანია ,,მთავარმა” 12:07 საათზე უკრაინის დამოუკიდებლობის დღის მისალოცი პოსტი გამოაქვეყნა, აღწერით: ,,24 აგვისტო უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა!”. რამდენიმე წუთის შემდეგ კი, 12:52 საათზე, გამოაქვეყნა საქართველოს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებული პოსტი და დაწერა, რომ 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს კონსტიტუცია მიიღეს.
24 აგვისტოს ,,მთავარი” არხის მიერ გამოქვეყნებული პოსტები
,,მთავარმა” არხმა კონსტიტუციის დღის აღსანიშნი პოსტი ფეისბუქზე მანამდე გამოაქვეყნა, სანამ სამთავრობო მედია აღნიშნავდა, რომ ტელეკომპანია მაყურებელს, კონსტიტუციის დღის ნაცვლად, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ორი მედიის მიერ აღნიშული პოსტების გამოქვეყნების შუალედი მხოლოდ ერთი წუთი იყო, თუმცა POSTV-ის შემდგომშიც არ მიუმართავს მასალის ჩასწორების ეთიკური სტანდარტისთვის და დამატებითი ახსნის გარეშე, ფეისბუქზე კვლავაც უდევს საინფორმაციო ბარათი, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციურმა ტელევიზიამ მაყურებელს უკრაინის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, ხოლო კონსტიტუციის დღე – არა.
POSTV ინფორმაციას მანიპულაციურად ხშირად ავრცელებს, განსაკუთრებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ. ასეევ, ხშირად ამახინჯებს ან კონტექსტის გარეშე ავრცელებს მათ ციტატებს. ,,მითების დეტექტორი” აკვირდება და სისტემატურად ამოწმებს აღნიშნული მედიის მიერ გავრცელებულ საეჭვო ცნობებს:
- POSTV ავტოავარიებზე ანა დოლიძის ციტატას მანიპულაციურად ავრცელებს
- თურქეთზე ნიკა გვარამიას განცხადება მანიპულაციურად ვრცელდება
- POSTV ურსულა ფონ დერ ლაიენის ციტატას მანიპულაციურად ავრცელებს
არქივის ბმული
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.