POSTV და ანონიმური პროსახელისუფლებო გვერდები ნინო ლომჯარიას ვიდეოს კონტექსტის გარეშე ავრცელებენ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ნინო ლომჯარია
129
VIEWS

14 ოქტომბერს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია POSTV-მ, Publicist.ge-მ (1;2) და ანონიმურმა ფეისბუქ გვერდებმა (1;2;3) პლატფორმის “საქართველოს ევროვნული ორბიტა” დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას ვიდეო გამოაქვეყნეს. POSTV-მ  ვიდეოს დაურთო აღწერა: “ნინო ლომჯარია: სამწუხაროდ, ჩვენთვის ყველაზე საყვარელი ჩვენი ქვეყანა არის”, ხოლო ანონიმური გვერდები მას “უსამშობლოსა” და “ქვეყნის მტერს” უწოდებენ. ვიდეოში ყოფილი სახალხო დამცველი ამბობს: “სამწუხაროდ, ჩვენ ყველას, ყველაზე მნიშვნელოვან… ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე საყვარელი ჩვენი ქვეყანა არის, მაგრამ ხშირად ქართველები ვართ ასეთები, რომ სამყაროს ცენტრი არის ჩვენთვის ხომ საქართველო და გვგონია, რომ მთელი მსოფლიო პოლიტიკა ტრიალებს ჩვენი ქვეყნის გარშემო და ასე არ არის”.  

ნინო ლომჯარია

პროსახელისუფლებო მედია და ანონიმური გვერდები ნინო ლომჯარიას ვიდეოს კონტექსტის გარეშე ავრცელებენ. ვიდეოებითა და აღწერით იქნება შთაბეჭდილება, თითქოს ის წუხილს გამოთქვამს, რომ ქართველებს სამშობლო ყველაზე მეტად უყვართ. რეალურად, ვიდეოში ლომჯარია დასავლეთთან “ქართული ოცნების” გაუარესებულ ურთიერთობაზე საუბრობს. სწორედ ამ კონტექსტში ამბობს ლომჯარია, რომ სამწუხაროდ, მოქალაქეების ნაწილს ქვეყნის სიყვარულის გამო მიაჩნია, რომ მსოფლიოს პოლიტიკა საქართველოს ირგვლივ ტრიალებს, თუმცა, რეალურად, დასავლეთი ქვეყანას საკუთარ მხარდაჭერას თავს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ არ მოახვევს.   

ტელეკომპანია პალიტრანიუსის გადაცემა “პოლიტ-ქალაქი”, რომლის სტუმარიც ყოფილი სახალხო დამცველი იყო, მედიის ფეისბუქ-გვერდზე 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა. გადაცემის ერთ-ერთ ნაწილში (21:20-დან) ჟურნალისტი და რესპონდენტი დასავლეთთან “ქართული ოცნების” გაუარესებულ ურთიერთობაზე საუბრობენ – ლომჯარია განიხილავს დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებებს, რომ მმართველი პარტიის რიტორიკით, მიღებული კანონებითა და გეგმებით ევროკავშირში გაწევრიანება და ევროინტეგრაციის განახლება არ მოხდება.  

ჟურნალისტი: ზოგი ამბობს, ისეთი მდგომარეობაა გეოპოლიტიკური, რომ ჩვენც ვჭირდებით ევროკავშირს. ამის საპასუხოდ გერმანიის ელჩმა საგანგებოდ თქვა წინა დღეს, ნუ გგონიათ, რომ თუ არ გინდათ, გამოგეკიდებითო. 

ლომჯარია: მოდი ასე ვთქვათ, ევროკავშირი და დასავლეთი არ არის რუსეთი, ანუ რა არსებითი განსხვავებაა, ხომ? შენ თუ მასთან არ გინდა, ევროკავშირი არ მოვა და არ დაგიპყრობს. არც შეგეხვეწება. რაღაც დოზით ახლა გვეხვეწებიან, მოდი, ესეც ვაღიაროთ, რომ არაორდინალურ ვითარებაში ვართ, ასე არ ყოფილა და იმიტომ მწყდება ზუსტად გული, რომ ასე არ იქცევა ჩვეულებრივ ვითარებაში. მაგრამ, თუ ეს ასე გაგრძელდა, ევროკავშირი, აშშ… 

ჟურნალისტი: შენ თუ არ შეასრულებ, რასაც გავალებენ, რომ შეასრულო, თუ არ გახდები დემოკრატიული და ა.შ. მერე აღარ შეგეხვეწება, ამაზეა ლაპარაკი. ასეთი წარმოდგენა აქვთ, რომ გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაფერზე თვალს დახუჭავენ. 

ლომჯარია: არ არის ასე, ჩვენ, სამწუხაროდ, ჩვენ ყველას, ყველაზე მნიშვნელოვან… ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე საყვარელი ჩვენი ქვეყანა არის, მაგრამ ხშირად ქართველები ვართ ასეთები, რომ რაღაც სამყაროს ცენტრი არის ჩვენთვის ხომ საქართველო და გვგონია, რომ მთელი მსოფლიო პოლიტიკა ტრიალებს ჩვენი ქვეყნის გარშემო. ასე არ არის, შესაძლებელია, ისე შეიცვალოს ვითარება, რომ საქართველო… აშშ-საც ასეთი პოლიტიკა აქვს, იმ ქვეყნებშიც კი, სადაც იომა, სადაც ასობით მილიარდი დახარჯა, როცა ხედავს, რომ იქ არ უნდათ მათი ყოფნა, გადიან უბრალოდ და, შესაბამისად, მათი პოლიტიკა არ არის ის, რომ ძალით მოგახვიონ მათი მხარდაჭერა, დახმარება, მათი გვერდში დგომა თავს. 

სრული ციტატით ირკვევა, რომ ჟურნალისტი და რესპონდენტი საქართველოს მიმართ დასავლური ქვეყნებისა და ევროკავშირის დამოკიდებულებაზე საუბრობენ – განმარტავენ, რომ დასავლეთი საქართველოს საკუთარ დახმარებას თავს არ მოახვევს, თუ ქვეყანას ამ დახმარებისა და მხარდაჭერის მიღების სურვილი არ ექნება. ჟურნალისტი საუბრისას ახსენებს საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულებას, რომ საქართველო ევროკავშირს გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო მაინც სჭირდება და ამ ინტერესებიდან გამომდინარე რიგ საკითხებზე თვალს დახუჭავენ. სწორედ ამ იდეას მიემართება ლომჯარიას მიერ ნათქვამი სიტყვა “სამწუხაროდ” – მისი თქმით, ქართველების ნაწილს ქვეყნის სიყვარულის გამო მიაჩნია, რომ მსოფლიო პოლიტიკა საქართველოს ირგვლივ ტრიალებს, თუმცა ეს ასე არ არის და სიტუაცია, შესაძლოა, შეიცვალოს. POSTV-მ, პუბლიცისტმა და ანონიმურმა გვერდებმა ინტერვიუდან 20 წამიანი ვიდეო ამოჭრეს და უკონტექსტოდ გაავრცელეს ისე, თითქოს რესპონდენტი წუხილს გამოთქვამს, რომ ქართველებს ყველაზე მეტად თავიანთი სამშობლო უყვართ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

წყარო

post
პოს ტვ (POS TV)

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist