24 ივნისს სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზია POSTV-ის გადაცემა ,,ლიბერალიზმის ანატომიაში” ჟურნალისტმა დათა გვასალიამ ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ,,ფერადი კანონების” მიღების გამო გააკრიტიკა. სიუჟეტში ნაჩვენებია ჯო ბაიდენის ინტერვიუც, რომელშიც ის ბავშვებისათვის სქესის შეცვლაზე საუბრობს და ამბობს, რომ არავის აქვს უფლება ბავშვებს სქესის შეცვლა შეუზღუდოს.
ტელეკომპანია POSTV პრეზიდენტ ბაიდენის ციტატას არასწორად თარგმნის. აღნიშნულ ინტერვიუში ის ზოგადად საუბრობს და არ ამბობს, რომ ბავშვებისათვის სქესის შეცვლის უფლება არავის აქვს. ამავე სიუჟეტში ვრცელდება მცდარი ინფორმაცია ვირჯინიის შტატის სკოლაში მომხდარ გაუპატიურების შემთხვევაზეც.
2022 წლის 26 ოქტომბერს ამერიკულმა ონლაინ-მედია NowThis Impact-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც სოციალურ მედიაში პოპულარული ტრანსგენდერი ქალი, დილან მალვენი ამერიკის პრეზიდენტს ტრანსგენდერებისა და მათი უფლებების შესახებ ეკითხება.
პირველივე კითხვაში მალვენმა ჯო ბაიდენს უთხრა, რომ გაუმართლა, რადგან მისი საცხოვრებელი შტატი ტრანზიციის პროცესში წვდომას აძლევდა ყველა საჭირო საშუალებაზე, თუმცა სხვადასხვა შტატში კანონმდებლები ფიქრობენ, ამ პირად საკითხში ჩარევა შეუძლიათ. საბოლოოდ, მალვენი ამერიკის პრეზიდენტს ეკითხება: ,,ფიქრობთ, რომ შტატებს აქვთ უფლება, შეზღუდონ გენდერის დამადასტურებელი მკურნალობა (Gender-affirmative health care)?”, საპასუხოდ ჯო ბაიდენი ამბობს, რომ როგორც მორალურად, ისე სამართლებრივად, არავის აქვს უფლება გენდერის დამადასტურებელი მკურნალობა შეზღუდოს. ბაიდენი აღნიშნავს, რომ ტრანსგენდერები ყველა ცალკეული უფლებით უნდა სარგებლობდნენ, მათ შორის, ჰქონდეთ საშუალება თავისი გენდერული იდენტობის შესაბამისი საპირფარეშოები გამოიყენონ.
,,ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” განმარტებით, გენდერის დამადასტურებელი მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს სოციალურ, ფსიქოლოგიურ, ქცევით ან სამედიცინო ჩარევას, რომელიც ინდივიდის გენდერული იდენტობის ჩამოყალიბებას ემსახურება. ამერიკის პრეზიდენტს გენდერის დამადასტურებელი მკურნალობა ბავშვების კონტექსტში არ უხსენებია და არც ის უთქვამს, რომ არავის აქვს უფლება მათ სქესის შეცვლა აუკრძალოს.
POSTV-ის არასწორი თარგმანი |
ბაიდენის რეალური ციტატა |
შეკითხვა: როგორ ფიქრობთ, შტატს შეიძლება ჰქონდეს უფლება აუკრძალოს ბავშვებს ტრანსგენდერად გარდაქმნა?
ჯო ბაიდენი: მე ვფიქრობ, რომ საერთოდ არავის უნდა ჰქონდეს უფლება აუკრძალოს ბავშვებს სქესის შეცვლა და ასევე, არავის აქვს უფლება აგიკრძალოთ თქვენ ქალების ტუალეტით სარგებლობა. |
შეკითხვა: ფიქრობთ, რომ შტატებს უნდა ჰქონდეთ უფლება, შეზღუდონ გენდერის დამადასტურებელი მკურნალობა?
ჯო ბაიდენი: არ ვფიქრობ, რომ რომელიმე შტატს ან ადამიანს აქვს უფლება ეს გააკეთოს, როგორც მორალურად, ისე სამართლებრივად. ვფიქრობ, რომ ეს არასწორია. […] ასე რომ, მე მჯერა, თქვენ უნდა გქონდეთ ყველა ცალკეული უფლება, მათ შორის, გამოიყენოთ თქვენი გენდერული იდენტობის შესაბამისი ტუალეტები. |
დავით ახვლედიანის საავტორო გადაცემა ,,ლიბერალიზმის ანატომია” POSTV-ის ეთერში კვირაში ოთხჯერ გადის. მაუწყებლობის პერიოდში მის წამყვანსა თუ ჟურნალისტს არაერთხელ გაუვრცელებია დეზინფორმაციული შინაარსის მტკიცებები, რაც, ძირითადად, დასავლურ ქვეყნებში ლგბტქ+ ადამიანებს, ბავშვებსა და მათთვის სქესის შეცვლას ეხებოდა. 24 ივნისის გადაცემაში ჟურნალისტმა დათა გვასალიამ კიდევ ერთი ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. იხილეთ ,,მითების დეტექტორის” მასალა:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.