30-31 აგვისტოს სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია POSTV-მ საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. აგენტების კანონის განხილვიდან “მთის ამბების” რედაქტორის, გელა მთივლიშვილის ციტატები გამოაქვეყნა. POSTV-ის საინფორმაციო ბარათის მიხედვით, მთივლიშვილმა აღიარა, რომ ონლაინმედიას ფარული და გაუმჭვირვალე დაფინანსება აქვს. მედიამ ასევე გამოაქვეყნა ვიდეოკოლაჟი, სადაც მთივლიშვილის საკონსტიტუციო სასამართლოში გამოსვლა და მისი 1 წლის წინანდელი ვიდეოა შედარებული. ძველ ვიდეოში ის ამბობს, რომ გამჭვირვალობის პრობლემა არ არსებობს, ხოლო კანონის საკონსტიტუციო განხილვისას ჟურნალისტმა თქვა: “არ ვასაჯაროვებთ შემომწირველთა ვინაობას და მათი შენატანების მოცულობას, იმ პირობით გვწირავდნენ ეს ადამიანები თანხას, რომ მათი ვინაობა არ გამჟღავნდებოდა”.
POSTV გელა მთივლიშვილის ციტატას მანიპულაციურად ავრცელებს. ჟურნალისტს არ უთქვამს, რომ ონლაინმედიის დაფინანსება ფარული და გაუმჭვირვალეა. ასევე მანიპულაციურადაა შედარებული მთივლიშვილის ორი ვიდეო. ძველ ჩანაწერში ის ზოგადად დაფინანსების, მათ შორის, უცხოური გრანტების შესახებ საუბრობს, საკონსტიტუციო სასამართლოში შეკითხვის დასმისას კი საქართველოს მოქალაქეების მიერ გაღებულ შემოწირულობაზე ისაუბრა.
29 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. აგენტების კანონის განხილვა დაიწყო და სამი დღე გაგრძელდა. პრეზიდენტის, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების, ოპოზიციონერი დეპუტატებისა და ორი ჟურნალისტის (გელა მთვილიშვილი და ნინო ზურიაშვილი) საკონსტიტუციო სარჩელის საფუძველზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, შეაჩერებს თუ არა კანონის მოქმედებას.
-
რა თქვა გელა მთივლიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში?
29 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ განმწესრიგებელ სხდომაზე გელა მთივლიშვილმა საჯარო რეესტრის წარმომადგენელს ჰკითხა სადავო კანონის მე-7 მუხლის შესახებ, რომელიც პერსონალური ინფორმაციის გაცემას გულისხმობს. ჟურნალისტი დაინტერესდა, კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის ფარგლებში, პასუხიმგებელ პირს შეუძლია თუ არა ორგანიზაციას ფიზიკურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულებაც მოსთხოვოს. საჯარო რეესტრის წარმომადგენელმა შეკითხვაზე უპასუხა, რომ მათ ამგვარი დოკუმენტის მოთხოვნის უფლება აქვთ. პასუხის შემდეგ მთივლიშვილი ამბობს:
“ჩვენს ვებ-გვერდზე, რაც ღიად დევს ინტერნეტში, შემოწირულობის მიღების წესები გვაქვს გაწერილი და საჯაროდ გამოქვეყნებული. ვგულისხმობ შემოწირულობებს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებისგან, ფიზიკური ან იურიდიული პირებისგან ვიღებთ მცირე რაოდენობის თანხით ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის მხარდაჭერისთვის. ამ წესებში არის ასეთი პირობა, რომ არ ვასაჯაროვებთ შემომწირველთა ვინაობას და მათი შენატანების მოცულობას საჯაროდ, თუმცა მათი შემოწირული თანხის შესახებ, ცხადია, შემოსავლების სამსახურში დეკლარირდება. მათ შორის, ეს წესი ვრცელდებოდა 2023 წელზეც, იმ პირობით გვწირავდნენ ადამიანები თანხას, რომ მათი ვინაობა არ გამჟღავნდებოდა.”
აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში ჟურნალისტი საქართველოს მოქალაქეების მიერ მთის ამბებისთვის შეწირულ თანხაზე საუბრობს და არა უცხოურ დაფინანსებაზე, რომლის კონტროლის მიზნითაც პარლამენტმა “აგენტების კანონი” მიიღო. POSTV მის ციტატას ავრცელებს მანიპულაციურად, თითქოს ჟურნალისტმა აღიარა, რომ ონლაინ მედიას ფარული და გაუმჭვირვალე დაფინანსება აქვს.
-
რას ამბობდა ჟურნალისტი ონლაინმედიების დაფინანსების გამჭვირვალობაზე?
სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული 2023 წლის თებერვლის ვიდეო ტელეკომპანია პირველის გადაცემა “დღის ამბებში” მთივლიშვილის სტუმრობას ასახავს. მოცემულ ეპიზოდში ის საუბრობს, რომ მედიებს “აგენტების კანონის” გარეშეც აქვთ ვალდებულება, ფინანსური დეკლარაცია წარადგინონ. ის მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების კონტროლის ხუთ მექანიზმს ასახელებს:
- შემოსავლების სამსახურში შემოსავლებისა და დღგ-ის დეკლარაციის წარდგენა;
- სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში კვარტალური ანგარიშის წარდგენა;
- Reportal.ge-ზე წლიური დეტალური ფინანსური ანგარიშის წარდგენა;
- “ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” კანონის საფუძველზე, ბანკები ორგანიზაციებს სთხოვენ საერთაშორისო გრანტის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტებს;
- მედიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული წლიური ანგარიშები.
“დღის ამბებში” გელა მთივლიშვილმა ზოგადად, მათ შორის, უცხოური დაფინანსების, გრანტების მონიტორინგის საშუალებებზე ისაუბრა და საკონსტიტუციო სასამართლოში დასმული კითხვისგან განსხვავებით, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მიერ გაღებულ შემოწირულობებზე არ გაუმახვილებია ყურადღება.
“არაერთხელ გვქონია შემთხვევა, როდესაც ბანკს, რომელიც ჩვენ გვემსახურება, რომლის მომხმარებლებიც ვართ [ორგანიზაცია], წერილობით მოუთხოვია საერთაშორისო ორგანიზაციისგან მიღებული საგრანტო დაფინანსების დამადასტურებელი კონტრაქტი და ჩვენ ეს გაგვიგზავნია. ეს დაუსაბუთებიათ “ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის” კანონმდებლობის კონკრეტული ჩანაწერებით. არასდროს უარი არ გვითქვამს, ცხადია”. – თქვა მან.
შესაბამისად, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს არ უთქვამს, რომ საქართველოში ონლაინმედიის დაფინანსება ფარული და გაუმჭვირვალეა. POSTV ერთმანეთს ასევე მანიპულაციურად ადარებს ორ ციტატას, რომელთაგანაც ერთში მთივლიშვილი ზოგადად მედიის ფინანსებზე საუბრობდა და განმარტავდა, რომ მისი კონტროლის მექანიზმები უკვე არსებობს, რაც “აგენტების კანონის” მიღების საჭიროებას გამორიცხავს. საკონსტიტუციო სასამართლოდან გავრცელებულ ვიდეოში კი ჟურნალისტი საუბრობს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე შემომწირველებზე, რომელთა ვინაობასა და შენატანის მოცულობას კონფიდენციალურობის მიზეზით არ ასაჯაროვებენ, მაგრამ შესაბამის უწყებაში ფინანსური დეკლარაციის ჩაბარებისას, ამ ცნობებსაც უთითებენ.
“აგენტების კანონის” საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის პარალელურად, სამთავრობო მედია POSTV-მა გაავრცელა კიდევ ერთი ნაწილობრივ მცდარი ცნობა, თითქოს მოსარჩელე მხარემ მე-11 მუხლთან დაკავშირებული სარჩელი მოხსნა:
არქივის ბმული
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.