პოროშენკოს როლი უკრაინის ავტოკეფალიის პროცესში – დაარღვია თუ არა მან უკრაინის კონსტიტუცია?

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

132
VIEWS

2022 წლის 1 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყანაში რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის ცალკეული ასპექტების შესახებ. ამ განკარგულების საფუძველზე მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (УПЦ МП) რიგ სასულიერო პირებს სანქციები დაუწესდათ.  ამ ფაქტს წინ უძღოდა ჩხრეკის პროცესი, რომელიც 2022 წლის ნოემბერში დაიწყო და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გამოძიების ფარგლებში ომის პერიოდში სასულიერო პირის მიერ რუსულ მხარესთან კოლაბორაციის შემთხვევები გამოვლინდა. 

აღნიშნული ფაქტის შემდეგ, რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში გააქტიურდა გზავნილები, რომ უკრაინაში მთავრობის მიერ რელიგიის თავისუფლება იზღუდება. 23 იანვარს, ფეისბუკ-ანგარიშზე გავრცელებულ  ვიდეოში ეკლესიის გადაწყვეტილებაში ჩარევაში ადანაშაულებენ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ – პეტრო პოროშენკოსაც.  ვიდეოში აღნიშნულია, რომ პოროშენკომ უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერითა და მსოფლიო პატრიარქთან 2018 წლის 3 ნოემბერს ხელმოწერილი დოკუმენტით უკრაინის კონსტიტუციის 35-ე მუხლი დაარღვია და “ეკლესიის მართვა დაიწყო”. ვიდეოს თანახმად, პოროშენკომ ეს გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ ხალხისთვის აზრი არ უკითხავს.   

Screenshot 3 პოროშენკოს როლი უკრაინის ავტოკეფალიის პროცესში - დაარღვია თუ არა მან უკრაინის კონსტიტუცია?

მტკიცება, თითქოს უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის ავტოკეფალიის ინიციატივითა და კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტზე ხელმოწერით უკრაინის კონსტიტუცია დაარღვია, სიმართლეს არ შეესაბამება. დოკუმენტი უკრაინის დამოუკიდებელი ეკლესიის შექმნაში ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობდა, უკრაინის კონსტიტუცია კი ახალი ეკლესიის შექმნას არ კრძალავს. გარდა ამისა,  გადაწყვეტილებას ავტოკეფალიის თემაზე სინოდის წევრები იღებენ. 

  • უკრაინის სამი მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის მოპოვებამდე

1990 – იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლამ და შემდგომში უკრაინის დამოუკიდებლობამ  ეკლესიის ფრაგმენტაცია გამოიწვია.  უკრაინაში გაჩნდა სამი მართლმადიდებელი ეკლესია.

პირველი, (УПЦ МП) ყველაზე დიდი და ამავდროულად გავლენიანი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია იყო, რომელიც ავტონომიით სარგებლობდა, თუმცა, მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა. ვლადიმირ პუტინის მეორე ვადით არჩევის შემდეგ, ამ ეკლესიის რუსეთთან კავშირი გაიზარდა. მეორე, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია- კიევის საპატრიარქო (ПЦУ), რომელიც 1992 წელს დაარსდა და უკრაინის ავტოკეფალიის მოპოვებამდე სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ არ იყო აღიარებული. მესამე, უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია (УАПЦ), რომელიც 1917 წელს დევნილობაში მყოფმა უკრიანელებმა დააარსეს, უკრაინის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი უკრაინაში დაბრუნდა და მრევლი ძირითადად დასავლეთ უკრაინაში ჰყავდა. სწორედ ამ ეკლესიამ სცადა დამოუკიდებლობის მოპოვება, თუმცა, თუმცა  ავტონომიის გამოცხადებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ავტოკეფალური ეკლესია საბჭოთა კავშირმა დაშალა. ავტოკეფალიის მოპოვების მეორე მცდელობა მეორე მსოფლიო ომის დროს იყო.1990 წელს კი  УАПЦ -ის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია აღდგა და მას მრევლი ძირითადად დასავლეთ უკრაინაში ჰყავდა. 

ეს ორი ეკლესია (ПЦУ) და (УАПЦ) მოსკოვის საპატრიარქოს გაემიჯნა, თუმცა კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიერ ავტოკეფალია მიღებული არ ჰქონდა.  მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში არაერთხელ იყო ავტოკეფალიის აღდგენის მცდელობა, მოსკოვმა ყველა მათგანი ჩაახშო. 

  • პოროშენკოს ინიციატივა და უკრაინის ავტოკეფალიის აღდგენის მცდელობა

2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ, უკრაინაში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა და ავტოკეფალიის საკითხმა კვლავ წინა პლანზე წამოიწია. აღსანიშნავია, რომ ევრომაიდნის მოვლენებს უკრაინის სამი მართლმადიდებელი ეკლესიიდან მხარს მხოლოდ УПЦ МП უჭერდა. კიევში აცხადებდნენ, რომ მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი ეკლესიები უკრაინაში კრემლის პროპაგანდის გასავრცელებელ ინსტრუმენტად იქცა.  ეროვნული უსაფრთოხებისა და ისტორიული სამართლიანობის აღდგენის მიზეზით, უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა – პეტრო პოროშენკომ უკრაინის ორი მმართლმადიდებელი ეკლესიის (ПЦУ) და (УАПЦ) გაერთიანება და უკრაინის ავტოკეფალიის ინიციატივა გამოიჩინა. პოროშენკომ  ამ თხოვნით 2018 წლის 17 აპრილს კონსტანტინოპოლის პატრიარქს მიმართა. ინიციატივას მხარი უკრაინის რადამაც დაუჭირა. 2018 წლის იმავე წლის 31 აგვისტოს რუსეთის მართლმადიდებელი პატრიარქი კირილე კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომე I-ს ეწვია , თუმცა, ვიზიტმა უშედეგოდ ჩაიარა ორივე მხარემ  ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი შეხედულება შეინარჩუნა.პატრიარქმა ბართლომე I-მა უკრაინის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი განაგრძო, რუსეთის პატრიარქი კირილე კი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის წინააღმდეგი იყო.

2018 წლის 11 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესის გაგრძელების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

2018 წლის 3 ნოემბერს პეტრო პოროშენკომ და მსოფლიო პატრიარქმა – ბართლომე I-მა სტამბოლში ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინისა და მსოფლიო საპატრიარქოს შორის თანამშრომლობის შესახებ. ეს დოკუმენტი უკრაინის დამოუკიდებელი ეკლესიის შექმნის ხელშეწყობისთვის გაფორმდა. 

დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა როსტისლავ პავლენკომ განმარტა, რომ უკრაინის კონსტიტუცია ახალი ეკლესიის შექმნას არ ეწინააღმდეგება. მან უკრაინის კონსტიტუციის მე-5 მუხლზეც მიუთითა (სინდისისა და რელიგიური ორგანიზაციების თავისუფლების შესახებ), რომლის თანახმად, სახელმწიფო იცავს რელიგიური ორგანიზაციების უფლებებსა და ლეგიტიმურ ინტერესებს; ხელს უწყობს რელიგიური და ტოლერანტული ურთიერთობის დამყარებას რელიგიის მიმდევარ თუ არარელიგიურ მოქალაქეებს შორის, სხვადასხვა აღმსარებლობის მორწმუნეებსა და მათ რელიგიურ ორგანიზაციებს შორის. 

პავლენკო ასევე განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელს უწყობს დამოუკიდებელი ეკლესიის შექმნას მისთვის ხელმისაწვდომი მეთოდებით, ხოლო კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ამას ყველა კანონიკური გზით აკეთებს.

  • რა წერია უკრაინის კონსტიტუციის 35-ე მუხლში?

ფეისბუკზე გავრცელებული ვიდეოს თანახმად, სტამბოლში ხელმოწერილი დოკუმენტით პოროშენკომ უკრაინის კონსტიტუციის 35-ე მუხლი დაარღვია და “ეკლესიის მართვა დაიწყო”, მან გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ უკრაინელებისთვის აზრი ამის შესახებ არ უკითხავს.

უკრაინის კონსტიტუციის 35-ე მუხლის თანახმად,  რელიგიური საქმიანობა სახელმწიფოსგან გამიჯნულია. კონკრეტული რელიგია სახელმწიფო რელიგიად ვერ გამოცხადდება.  დაცულია ყველა რელიგიური აღმსარებლობის გამოხატვა და რელიგიური აქტივობების დაუბრკოლებლად ჩატარების უფლება. ამ უფლების შეზღუდვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაშვებული, თუ საფრთხე ექმნება საზოგადოებრივ წესრიგს, ადამიანების ჯანმრთელობას ან სხვა ადამიანების უფლებებსა და თავისუფლებას.

Screenshot 4 პოროშენკოს როლი უკრაინის ავტოკეფალიის პროცესში - დაარღვია თუ არა მან უკრაინის კონსტიტუცია?
წყარო: zakon.rada.gov.ua

პეტრო პოროშენკოს მხარდაჭერით უკრაინაში ორი მართლმადიდებელი ეკლესია გაერთიანდა და სრულიად ახალი შეიქმნა, უკრაინის კონსტიტუცია კი ახალი ეკლესიის შექმნას არ კრძალავს.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით “მითების დეტექტორი” თეოლოგ ბექა მინდიაშვილს დაუკავშირდა. მან აღნიშნა, რომ პოროშენკოს მნიშვნელოვანი როლი აქვს უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების საკითხში, თუმცა მისი ქმედება უფრო ფორმალური ხასიათისაა. მისი თქმით, ტრადიციულად ავტოკეფალია მსოფლიო საპატრიარქოს მიერ ენიჭება იმ ეკლესიებს, რომლებიც ამა თუ იმ სახელმწიფოს ფარგლებში არსებობენ და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საზოგადოებისა და სახელმწიფოს ცხოვრებაში.

ბექა მინდიაშვილი: “საუკუნეების განმავლობაში საერო მმართველები, მეფეები მონაწილეობდნენ ავტოკეფელიის მოპოვების პროცესში და ამ კუთხით ეს ტრადიციული ქმედებად შეიძლება წავიკითხოთ. მაგრამ საერთო ჯამში, უკრაინის პრეზიდენტის მონაწილეობა მაინც ფორმალური ხასიათს ატარებდა, რაკიღა არსებითად, მსოფლიო პატრიარქისა და უკირაინის ეკლესიას შორის მოხდა ავტოკეფალიის შესახებ ძირითადი კომუნიკაცია.”

მინდიაშვილი აღნიშნავს, რომ პოროშენკოს სეკულარიზმის პრინციპი და უკრაინის კონსტიტუცია არ დაურღვევია, არამედ პირიქით, შესაძლებლობა მისცა რელიგიის თავისუფლებით სრულფასოვნად ესარგებლათ ავტოკეფალიის მოსურნე უკრაინის მოქალაქეებს, მეორე მხრივ კი მან მტრული ქვეყნისგან დაიცვა და განამტკიცა ქვეყნის სუვერენტიტეტი და დასავლური ორიენტაცია იმით, რომ დაასუსტა რუსული აგრესიული, პოლიტიკურ-იდეოლოგიური ჯგუფი – უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქო.

ბექა მინდიაშვილი: “არა და პირიქით, არსებითად, უნდა შევეხედოთ იმ კუთხიდან, რომ პეტრო პოროშენკომ რელიგიის თავისუფლების სათანადო განხორციელებაში შეიტანა ამ მხრივ წვლილი, ვინაიდან პრეზიდენტმა უკრაინელი მოქალაქეების, მორწმუნეების დიდ რელიგიურ გაერთიანებას, მხარდაჭერა გამოუჩინა, ოფიციალურად, საერთაშორისო დონეზე ყოფილიყო აღაირებული და ჩამოყალიბებული უკრაინის მართლმაიდიდებელი ეკლესიად, რომელსახ ერთი მხირვ სურდა ეკლესიათა შორის სქიზმის დასრულება და მართლმადიდებელი ეკლესიების ოჯახში სრულფასოვანი წევრობა და დაბრუნება, მეორე მხრივ კი აღარ სურდათ მტრული ქვეყნის იდეოლოგიური მანქანის, – უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს ორგანიზაციის ნაწილად არსებობა.”

აღსანიშნავია, რომ პოროშენკოს მიერ უკრაინის ავტოკეფალიის მოპოვების ინიციატივა სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები იყო. მიუხედავად ამისა, ამ საკითხს ქვეყანაში შიდა დისკუსიები არ გამოუწვევია და  პოროშენკოს კონკურენტ პრეზინდენტობის კანდიდატებს იგი კონსტიტუციის დარღვევაში არ დაუდანაშაულებიათ. 

  • 2019 წელი – უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია და მართლმადიდებელი ეკლესიების გაერთიანება

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 330-წლიანი კონტროლი უკრაინაში დასრულდა, როდესაც 2019 წელს უკრაინამ ავტოკეფალია მოიპოვა. 2019 წლის 5 იანვარს, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომე I-მა ავტოკეფალიის დამადასტურებელ მოწმობას, ტომოსს ხელი მოაწერა და 6 იანვარს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, მიტროპოლიტ ეპიფანეს გადასცა. დოკუმენტის საზეიმო გადაცემა სტამბოლში, წმ. გიორგის ტაძარში მოხდა. საზეიმო ღონისძიებას უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი – პეტრო პოროშენკოც დაესწრო. 

„ტომოსი“ უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების კიდევ ერთი აქტია”, – განაცხადა პოროშენკომ 2019 წლის, 6 იანვარს.

უკრაინის ავტოკეფალიის მოპოვების შემდეგ, უკრაინაში ორი მართლმადიდებელი ეკლესია არსებობს – მოსკოვთან დაკავშირებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია.

(ПЦУ) დღევანდელი სახით 2018 წლის 15 დეკემბერს საბჭოზე ჩამოყალიბდა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (კიევის საპატრიარქო) და უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა იერარქის და ასევე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) ორი მიტროპოლიტის გაერთიანებით. ახალი ეკლესიის მიტროპოლიტი ეპისკოპოსი ეპიფანე გახდა.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ტომოსზე ხელმოწერამდე, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომე I -მა სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებს მოუწოდა, რომ უკრაინის ავტოკეფალიისთვის მხარი დაეჭირათ და ეღიარებინათ. გარდა კონსტანტინოპოლისა, უკრაინის ავტოკეფალია, ალექსანდრიის, კვიპროსის და საბერძნეთის მართლმადიდებელმა ეკლესიებმა აღიარეს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიას დღემდე არ აღიარებს. 

2019 წლის 27 აპრილს უკრაინის პატრიარქმა თქვა, რომ აღიარების პროცესს აქტიურად ეწინააღმდეგებოდა მოსკოვი.

  • ვის შეუძლია ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება?

ზოგადად ავტოკეფალიის მინიჭებაზე ეკლესიაში რაიმე კონკრეტული კანონმდებლობა არ არსებობს და ასეთ დროს ეკლესიები ძირითადად წარსულის გამოცდილებითა და საეკლესიო ტრადიციით ხელმძღვანელობენ

საეკლესიო ტრადიციის თანახმად, ავტოკეფალიის მინიჭების უფლებამოსილება ან კონსტანტინოპოლის პატრიარქს ან კი დედა ეკლესიას აქვს. უკრაინის ეკლესიის შემთხვევაში კონსტანტინოპოლის პატრიარქს ორივე მხრივ ჰქონდა უფლებამოსილება, რადგან უკრაინის ეკლესია ისტორიიდან გამომდინარე მუდმივად მას ეკუთვნოდა, რუსეთის ეკლესიას კი უკანონოდ ჰქონდა მიტაცებული. კერძოდ, 1589 წელს, როდესაც რუსეთის ეკლესიამ საპატრიარქოს სტატუსი მსოფლიო პატრიარქისგან მიიღო, უკრაინის დედაქალაქი კიევის მიტროპოლია მასში არ შედიოდა და ის კონსტანტინოპოლის იურისდიქციის ქვეშ რჩებოდა.

რუსეთის ეკლესია მანამდეც ცდილობდა უკრაინის ეკლესიაში საკუთარი გავლენების გაძლიერებას. კერძოდ მოსკოვის მთავარმა ვასილმა ისარგებლა კონსტანტინოპოლის სისუსტით და 1448 წელს კიევისა და სრულიად რუსის მიტროპოლიტად იონა მოსკოველი წარადგინა და საეკლესიო ტრადიცია დაარღვია. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი კონსტანტინოპოლის საპატრიარქომა არაკანონიერად ცნო. რუსეთის ეკლესიამ შემდგომში კონსტანტინოპოლისგან დამოუკიდებლობა მაინც მიიღო, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, ეს დამოუკიდებლობა კიევის მიტროპოლიას არ ეხებოდა და ის კვლავ კონსტანტინოპოლის დაქვემდებარებაში რჩებოდა. შესაბამისად, კონსტანტინოპოლის ეკლესიას, როგორც დედა ეკლესიას, სრული უფლებამოსილება გააჩნდა უკრაინისთვის ავტოკეფალია მიენიჭებინა. 

აღნიშნულ თემაზე ვრცლად, იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია:

2018 წელს უკრაინის განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინული ეკლესიების გაერთიანება და ტომოსის მინიჭება მეთერთმეტე კლასის სასკოლო საგნის „დამოუკიდებელი უკრაინის ისტორია“ სახელმძღვანელოებში შეეტანა. სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, რომელიც ორგანიზაცია “რეიტინგმა”   2021 წლის 23-25 ​​ივლისის პერიოდში ჩაატარა, შედეგები აჩვენებს, რომ უკრაინელების 45 % უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას მხარს უჭერს, 31%-მა პასუხისგან თავი შიკავა, ხოლო 19% არ ეთანხმება.

აღსანიშნავია, რომ ავტოკეფალიის მინიჭების შემდეგ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრველი გაიზარდა. 2021 წლის მონაცემებით, კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის გამოკითხვის თანახმად, მართლმადიდებლების 58,3% თავს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის  (ПЦУ)  მრევლს მიაკუთვნებდა, ხოლო 25,4% უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას (მოსკოვის საპატრიარქო). ინსტიტუტის მონაცემები აჩვენებს, რომ 2020-იდან 2021 წლამდე (ПЦУ)-ს მხარდაჭერა გაიზარდა, ხოლო (УПЦ МП) -ს – შემცირდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ (УПЦ МП) -ს მხარდაჭერამ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად იკლო – მაისისთვის დაახლოებით 400-მა სამრევლომ ეკლესია დატოვა და (ПЦУ)-ს ნაწილი გახდა.

ფეისბუკზე, უკრიანის ავტოკეფალიის თემაზე გავრცელებული ვიდეო ტიკტოკ-ანგარიშიდან  veraitrud არის აღებული. ანგარიში უკრაინის ავტოკეფალიის წინააღმდეგ სხვადახვა ვიდეოებს აქვეყნებს. (Viagra)  

უკრაინის ეკლესიის თემაზე მითების დეტექტორი ადრეც წერდა. ვრცლად, იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist