10 ოქტომბერს ფეისბუქ-გვერდმა Gogaggg გამოაქვეყნა ვიდეოკოლაჟი, სადაც პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება ჩანს. რამდენიმე ვიდეოში პოლიციის თანამშრომლები აქციის მონაწილეებს თვალებში წიწაკის სპრეის ასხამენ. პოსტს ერთვის აღწერა: “ასე მოქმედებს პოლიცია რადიკალი ლიბერალების წინააღმდეგ”.

გავრცელებული ვიდეოკოლაჟი ხელოვნური ინტელექტით შექმნილ კადრებს შეიცავს. კადრები, რომლებშიც პოლიციელები აქტივისტებს სახეში წიწაკის სპრეის ასხამენ, OpenAI-ს პროგრამა Sora-ს გამოყენებითაა გენერირებული.
ფეისბუქზე გამოქვეყნებული ვიდეოკოლაჟი 13 სხვადასხვა ვიდეოს აერთიანებს. მათგან სამში ასახულია, როგორ უყვირიან აქციის მონაწილეები პოლიციელებს, რის პასუხადაც ისინი დემონსტრანტებს სახეში წიწაკის სპრეის ასხამენ.

სამივე ვიდეო ხელოვნური ინტელექტითაა შექმნილი. მათგან ერთ-ერთზე დაკვირვებით კომპანია OpenAI-ს მოდელის, Sora-ს ჭვირნიშანი შეიმჩნევა. მოდელი მომხმარებლის მიერ შეყვანილი ტექსტის ან ფოტოს გამოყენებით მოკლე ვიდეოებს აგენერირებს. 30 სექტემბერს კომპანიამ Sora 2 გამოუშვა, რომლითაც კიდევ უფრო რეალისტური ვიდეოების შექმნაა შესაძლებელი.
ვიდეოები სოციალურ ქსელებში ოქტომბრის დასაწყისში გავრცელდა. ვიდეოების ავთენტურობა ამერიკულმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Lead Stories-მაც შეისწავლა. 8 და 9 ოქტომბერს გამოქვეყნებული სტატიების (1; 2) მიხედვით, სამივე ვიდეო ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული. ვიდეოები AI-ისთვის დამახასიათებელ ხარვეზებსაც შეიცავს, მაგალითისთვის, მოსაუბრეთა პირის მოძრაობა აუდიოს ზუსტად არ ემთხვევა.
კოლაჟში მოცემული დანარჩენი კადრები ნამდვილია. თითქმის ყველა ვიდეო ამერიკის სხვადასხვა ქალაქში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) საწინააღმდეგო პროტესტის დროსაა გადაღებული, მათი ნაწილი (1; 2; 3; 4) უშუალოდ ICE-ის ობიექტების წინ პორტლენდსა და ჩიკაგოში. ერთ-ერთ ვიდეოში ასახული მამაკაცი, რომელსაც პოლიციელები უკნიდან უახლოვდებიან და ასფალტზე აგდებენ, დარინ ჰეცბერგია, რომელმაც აღნიშნული ფაქტის შემდეგ უსაფრთხოების დეპარტამენტს უჩივლა (1; 2).
ერთ-ერთი ვიდეო ICE-ის საწინააღმდეგო დემონსტრაციებს არ უკავშირდება, ის 2020 წლის ივნისში ლოს ანჯელესში გამართულ დემონსტრაციას ასახავს, რომელიც ჯორჯ ფლოიდის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულების მოთხოვნით გაიმართა.
შესაბამისად, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად გავრცელებული ვიდეო, ნამდვილთან ერთად, ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ კადრებს იყენებს და იმ შთაბეჭდილების შექმნას ემსახურება, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება აშშ-ში ნორმალიზებულია.
არქივის ბმული
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















