18 ივნისს ვატო შაქარიშვილის პლატფორმამ Georgia First NEWS და ფეისბუქ-ანგარიშმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც, მათი თქმით, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, ბენ-გვირი და მოსადის (ისრაელის სპეციალური დაზვერვის სააგენტო) ხელმძღვანელი, დავიდ ბარნეა ირან-ისრაელის ომის თემაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ვიდეოზე დატანილი წარწერის თანახმად, ბენ-გვირმა მოსადის ხელმძღვანელი ირანთან ომის პროვოცირებაში დაადანაშაულა. საპასუხოდ კი დავიდ ბარნეა ამბობს, თითქოს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ირანი მსგავს სარაკეტო შესაძლებლობებს ფლობდა.

Georgia First NEWS-ის მიერ გავრცელებული ვიდეო ირან-ისრაელის ომის თემაზე ისრაელელი პოლიტიკოსების დაპირისპირებას არ ასახავს. ვიდეო 2022 წელსაა გადაღებული და იქ მოსადის ხელმძღვანელი, დავიდ ბარნეა არ ფიგურირებს. ვიდეოზე ვხედავთ იმჟამინდელი პარლამენტის ულტრამემარჯვენე წევრს, იტამან ბენ-გვირსა და შიდა უსაფრთხოების მინისტრს, ომერ ბარ-ლევს. მათი კონფლიქტი უკავშირდებოდა ისრაელში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას.
სოციალურ ქსელში ბოლო დღეებში გავრცელებული კადრები ისრაელის მედიაში 2022 წელს გავრცელდა. მაშინ მედია წერდა, რომ ვიდეო ადგილობრივ პოლიტიკოსებს, ომერ ბერ-ლევსა და იტამარ ბენ-გვირს შორის დაპირისპირებას ასახავდა. აღსანიშნავია, რომ ვიდეოში არ ფიგურირებს მოსადის ხელმძღვანელი, დავიდ ბარნეა.
2022 წლის 27 მარტს ისრაელის ქალაქ ჰადერაში, ტერორისტული თავდასხმა მოხდა, რა დროსაც სასაზღვრო პოლიციის ორი ოფიცერი მოკლეს, ხოლო 12 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილას მივიდა იმჟამინდელი შიდა უსაფრთხოების მინისტრი, ომერ ბერ-ლევი.

ისრაელის შიდა უსაფრთხოების ყოფილი მინისტრი, ომერ ბარ-ლევი
წყარო: Here is news/ Flash90
ბერ-ლევს მედიასთან კომენტარის გაკეთებისას ხელი შეუშალა პარლამენტის ულტრამემარჯვენე წევრმა და ახლა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ-გვირმა. ადგილობრივი მედიის თანახმად, ადგილზე მისულმა ბენ-გვირმა, თანამოაზრეებთან ერთად, გზა გადაკეტა და სკანდირებდა “სიკვდილი არაბებს.” მედიები ინფორმაციის გავრცელებისას წერდნენ, რომ ბერ-გვირმა მინისტრს “ყველაზე არაკომპეტენტური მინისტრი” უწოდა და უთხრა, რომ უნდა რცხვენოდეს.

ისრაელის ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი, იტამარ ბენ-გვირი
წყარო: Here is news/AFP
2021 წლიდან მოსადის დირექტორი მართლაც დავიდ ბარნეა, თუმცა ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსა და დაპირისპირებაში არ მონაწილეობს. ასევე, ვიდეო არ უკავშირდება ისრაელ-ირანის 2025 წლის კონფლიქტს და პოლიტიკოსები ომის პროვოცირებაში ერთმანეთს ბრალს არ სდებენ.
13 ივნისის ღამეს ისრაელი თავს დაესხა ირანს, რის საპასუხოდაც ირანმა ისრაელი, მათ შორის, დედაქალაქი თელ-ავივი დაბომბა. ისრაელის ძირითადი სამიზნე ირანის ატომური ინფრასტრუქტურა, სამხედრო გენერლები და ირანის ბირთვული იარაღის ჩართული მეცნიერები არიან. ქვეყნებს შორის დაპირისპირება რამდენიმე დღეა აქტიურად მიმდინარეობს. “მითების დეტექტორმა” ბოლო დღეებში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით არაერთო მცდარი ცნობა და ვიზუალური მანიპულაცია გადაამოწმა.
წყაროს შესახებ:
ერთ-ერთი, ვინც ისრაელელი პოლიტიკოსების შესახებ მცდარ ინფორმაციას ავრცელებს, არის ფეისბუქ-ანგარიში Temuri Kuchava. მის მიერ გავრცელებული მანიპულაციური და დეზინფორმაციული ცნობები, რაც ძირითადად, ანტიდასავლური შინაარსისაა “მითების დეტექტორს” აქამდეც გადაუმოწმებია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.




















