როგორ უკავშირებს “იმედი” მანიპულაციურად პოლიტიკის სასწავლო მოდულს “ტერორიზმის წახალისებას”

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ტერორიზმის წახალისება
606
VIEWS

28 სექტემბერს პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “იმედის კვირა” გავიდა რეპორტაჟი, სახელწოდებით “ტერორიზმის წამახალისებლები”. გადაცემის წამყვანი სიუჟეტის წარდგენისას ამტკიცებდა, რომ ძალადობისა და ტერორიზმის წახალისების მიზნითა და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით, საქართველოს უნივერსიტეტის ბაზაზე ტრენინგები ტარდებოდა. 

ირაკლი ჩიხლაძე, იმედის კვირის წამყვანი:  “გსმენიათ თუ არა, რა ტრენინგები ტარდება დღეს საქართველოში ძალადობისა და ტერორიზმის წახალისების მიზნით? “იმედის კვირის” მიერ მოპოვებული კადრები და ფოტოები სწორედ ამას ადასტურებს. ხელოვნური პროტესტის ორგანიზების სქემა – მე-3 სერია: ამჯერად მოგიყვებით ფაქტებზე, რომელთა დაჯერებაც, ბევრს, შეიძლება, გაგიჭირდეთ. ალბათ ვერც კი წარმოგიდგენიათ, რომ როდესაც თქვენი შვილები, მაგალითად, საქართველოს უმაღლესი სკოლის მიერ გამოცხადებულ პროგრამაში ერთვებიან და ფიქრობთ, რომ ამ დროს ეცნობიან სხვადასხვა სფეროს, წევრიანდებიან საინტერესო კლუბებში და ესწრებიან მასტერკლასებს, სინამდვილეში, ესწრებიან ამ ფრაზეოლოგიით შენიღბულ ტრენინგებს, სადაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით, ლექტორ-მასწავლებლები ღიად ქადაგებენ, რომ ტერორისტი თავისუფლებისთვის მებრძოლია”.

აღნიშნული სიუჟეტის ფრაგმენტი არხმა Facebook-გვერდზე ე.წ. რილსის სახითაც გაავრცელა და შემდეგნაირად დაასათაურა: “ძალადობისა და ტერორიზმის წახალისების მიზნით ჩატარებული ტრენინგები”.     

Screenshot 2025 10 02 112607 | mythdetector.com

რეპორტაჟში განვითარებულია აზრი, რომ საქართველოს უნივერსიტეტში ტრენინგები ტერორიზმის წახალისების მიზნით ტარდება, რის საილუსტრაციოდაც “High School of Georgia-ს სასწავლო პროცესის ამსახველი საჯარო ფეისბუქ-პოსტებია მოყვანილი. სიუჟეტში გამოყენებულია ტრენინგის ამსახველი ფოტოები, სადაც ჩანს ტრენერი და პრეზენტაციის სლაიდი, რომელზეც ნაწილობრივ იკითხება ტექსტი (Terrorist or freedom fighter? ის ვინც ერთი ადამიანისთვის ტერორისტია, სხვა ადამიანისთვის თავისუფლებისთვის მებრძოლია). 

სანდრო გამსახურდია, იმედის ჟურნალისტი: “ჩვენ ხელთ არსებული და High School of Georgia-ს ანუ ფრანკლინის კლუბი 2-ის მიერვე  გამოქვეყნებულ სასწავლო პროცესის ამსახველ პოსტებში ჩანს სასაუბრო თემებიც. მაგალითად, ტერორისტი თუ თავისუფლებისთვის მებრძოლი? აქტივისტი და შეთავსებით ლექტორი, მარიამ აბესაძე ახალგაზრდებს სემინარზე უხსნის, რომ ის, ვინც ერთი ადამიანისთვის ტერორისტია, სხვა ადამიანისთვის თავისუფლებისთვის მებრძოლია. ასწავლიან, რომ IRA-ს, ანუ ირლანდიის რესპუბლიკური არმიის მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტები თავისუფლებისთვის ბრძოლა იყო. ახალგაზრდებს არწმუნებენ, რომ ტერორისტული ორგანიზაცია ბრიტანეთის მონობისგან განმათავისუფლებელი მოძრაობაა”. 

სიუჟეტში ასევე ჩანს “ფრანკლინის კლუბის” თანადამფუძნებელი რეზი თოფურია, რომლის უკანა ფონზე პრეზენტაციის სლაიდზე “ძირითადი იდეოლოგიური მიმდინარეობები EU-ში” იკითხება, საიდანაც ჩანს, რომ მისი ლექცია ევროკავშირის იდეოლოგიურ მიმდინარეობებს ეხება.

Screenshot 2025 10 02 112613 | mythdetector.com

სიუჟეტში ასევე გამოყენებულია ინკოგნიტო მშობლის კომენტარი, რომელიც აცხადებს, რომ არ სურს, მისმა შვილმა ასეთი შინაარსის ტრენინგი გაიაროს, ხოლო თავად ეს ტრენინგი პარტია “გირჩი მეტი თავისუფლებასთან”, ასევე კაპროვანში ჩატარებულ სხვა შეკრებასთან იყო დაკავშირებული, რომელიც ანტისახელმწიფოებრივად იყო გამოცხადებული.

ტელეკომპანია “იმედის” სიუჟეტი მანიპულაციურია, რადგან ის ტერორიზმის ცნების დეფინიციასთან დაკავშირებით აკადემიურ სივრცეში არსებულ დისკურსს საქართველოს უნივერსიტეტს და ტერორიზმის წახალისებას მანიპულაციურად უკავშირებს. High School of Georgia-ს პროგრამა სხვადასხვა თემატიკას მოიცავს, მათ შორის, პოლიტიკის მოდულის შემადგენელია ტერორიზმის შესახებ აკადემიურ სივრცეში არსებული ცოდნის გაზიარებაც.

ვიდეოში გამოყენებული ფოტოები საქართველოს უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული პროექტის, High School of Georgia-ს, Facebook გვერდზე საჯაროდაა განთავსებული და პროგრამის პოლიტიკის მოდულში შემავალი ერთ-ერთი საკითხის, ტერორიზმის შესახებ ვორქშოფზეა გადაღებული. 

პროგრამის სარეგისტრაციო ბმულის მიხედვით, High School of Georgia დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სასწავლო და საკომუნიკაციო პროგრამაა, რომელიც მათ პროფესიულ ორიენტაციაში ეხმარება. პროგრამის მიზანია მე-10, მე-11 და მე-12 კლასელებს დაეხმაროს, გაიღრმაონ ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით ან გაეცნონ სრულიად ახალ სფეროებს, როგორებიცაა: სამართალი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ეკონომიკა, პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები, მეცნიერება, ხელოვნება, ფსიქოლოგია. 

“იმედის” ე.წ. რილსი, რომელიც “ტერორიზმის წახალისებას” ეხება, წარმოადგენს საჯაროდ ხელმისაწვდომი ფეისბუქ-პოსტების მანიპულაციურ ინტერპრეტაციას, რის მაგალითადაც ტერორიზმის დეფინიციასთან დაკავშირებით აკადემიურ სივრცეში არსებული დისკურსის არასწორი ინტერპრეტაცია გამოდგება. 

ჟურნალისტს ტერორიზმის წახალისების მაგალითად მოჰყავს ფოტოზე ასახული ფრაზა “ის, ვინც ერთი ადამიანისთვის ტერორისტია, სხვა ადამიანისთვის თავისუფლებისთვის მებრძოლია”. აკადემიურ ლიტერატურაში, ასევე ჟურნალისტიკის დამხმარე სახელმძღვანელოებში, რომელიც ტერორიზმის გაშუქებას შეეხება, საუბარია იმაზე, რომ ტერმინის დეფინიციასთან დაკავშირებული კონსენსუსი აკადემიურ წრეებში არ არსებობს.

ბოაზ განორი: “მკვლევრების უმრავლესობა იხრება იმ აზრისკენ, რომ ტერორიზმის ობიექტურ და საერთაშორისოდ მისაღებ განსაზღვრებაზე შეთანხმდება ვერასდროს მიიღწევა. საბოლოოდ, ისინი ამბობენ: ერთისთვის ტერორისტი, სხვისთვის თავისუფლებისთვის მებრძოლია. ამ მოსაზრების მიმდევართა თანახმად, ის, თუ ვინ არის ტერორისტი სრულად დამოკიდებულია სუბიექტურ შეხედულებაზე.”      

ფრაზა, რომელსაც იმედი ტერორიზმის წახალისებად მიიჩნევს (“ის, ვინც ერთი ადამიანისთვის ტერორისტია, სხვისთვის არის თავისუფლებისთვის მებრძოლი“), ტერმინთან დაკავშირებული ბუნდოვანების საილუსტრაციოდ გამოყენებულია ასევე გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ ჟურნალისტებისთვის მომზადებულ სახელმძღვანელოში “ტერორიზმი და მედია”.  შესაბამისად, ამ ფრაზაზე დაყრდნობით მტკიცება, რომ სემინარზე ტერორიზმი რომანტიზებულია და ახალგაზრდებს ძალადობისა და ტერორიზმისკენ მოუწოდებენ, რედაქციის მანიპულაციური ინტერპრეტაციაა. 

რეპორტაჟში არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, დაჰკავშირებოდა უნივერსიტეტს ან ტრენერს და მასთან გადაემოწმებინა სემინარზე განხილული საკითხები და ამ საკითხების განხილვის კონტექსტი.  

რეზი თოფურიას განმარტებით, მისი სალექციო კურსი, რომელსაც ის ამ სკოლაში ადრე კითხულობდა, შეეხებოდა პოლიტიკურ იდეოლიგიებს და არა ტერორიზმის თემატიკას.

საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა კონსტანტინე თოფურიამ 30 სექტემბერს ბრიფინგზე აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის წინააღმდეგ გავრცელებული ბრალდებები “სრული სიცრუე და გაუგონარი აბსურდია”.

კონსტანტინე თოფურია, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი:ტყულია, რომ უნივერსიტეტში არასრულწლოვნებს ტერორისტებად ზრდიან – ეს საერთოდ სასაცილოა. ტყუილია უნივერსიტეტში რაიმე კონსპირაციული ცენტრის ან ორგანიზაციის არსებობა”.

რეპორტაჟში გაჟღერებულ საკითხებს, მათ შორის, High School of Georgia-ს ტერორიზმთან კავშირს, პროექტ High School of Georgia-ს ხელმძღვანელი პავლე ჭყოიძეც Facebook-ის პირად გვერდზე გამოეხმაურა.

პავლე ჭყოიძე, პროექტ High School of Georgia-ს ხელმძღვანელი: “3 თვეში ერთხელ პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მოდულზე ერთი ლექცია ეძღვნება ამ საკითხს და რა თქმა უნდა სრულიად სხვა კონტექსტში. ანალოგიური მიდგომა გამოიყენება უამრავ უნივერსიტეტში  (ჰარვარდი, სტენდფორდი). ლექციიდან ამოღებულ ერთ სლაიდზე აპელირება სისულელეა -კონტექსტიდან ამოგლეჯილი მიზანმიმართული თავდასხმაა, ამავე დროს ლოგიკასაც მოკლებული”

არქივი (1;2)

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist