2019 წლის 13 მაისს Politicano • პოლიტიკანო-მ გამოქვეყნა სურათი ტექსტით „კვლევის მიხედვით აშშ და დიდი ბრიტანეთი ყველაზე სულელი ნაციის რეიტინგში ერთმანეთის გვერდიგვერდ იმყოფებიან.“ აღნიშნულის წყაროდ მითითებულია ონლაინ გამოცემა News Thump-ის მიერ 2016 წლის 27 სექტემბერს გამოქვეყნებული სტატია, რომლის სათაურსაც გაზიარებული სურათი ქართულ ენაზე იმეორებს.
წყარო, რომელსაც პოლიტიკანო ეყრდნობა ცნობილი ბრიტანული სატირული გამოცემაა. პოლიტიკანო არ უთითებს, რომ ინფორმაცია გამოგონილია და არარსებულ კვლევას გვერდი რეალურად ავრცელებს.
News Thump ცნობილი სატირული გამოცემაა. საიტის ბანერზევე მითითებულია, რომ იქ პაროდიები და სატირა ქვეყნდება.
პოლიტიკანოს მიერ მითითებული სტატიის შესავალში კი ვკითხულობთ:
„დანარჩენ სამყაროს ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია, თუ რომელი ნაციაა მსოფლიოში ყველაზე მიამიტი და სულელი, რასაც ყოველი 196 ქვეყნის უახლესი კვლევა ცხადყოფს.“
სტატიის შინაარსი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებსა და ბრექსიტის მიმდინარე მოვლენებს ეხება, კერძოდ, ვინმე სიმონ ვილიამსის ინტერვიუს აღმოსავლეთ ლონდონიდან, რომელიც მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას უჭერს იმდენად, რამდენადაც სასწორის პინა მიამიტი ნაციის ტიტულისაკენ აშშ-ისკენ გადაიხრება. სტატიაში ასევე ვკითხულობთ, „კვლევამ აჩვენა, რომ დიდი ბრიტანეთი საერთაშორისო დონეზე ისევე იყო დაცინვის ობიექტი, როგორც აშშ, პირველად 1976 წლის შემდეგ. 23 ივნისის შემდეგ ბრიტანელები საზღვარგარეთ მოგზაურობისას მათ მიმართ დამცირებისა და დაცინვის 600%-იან ზრდაზე განაცხადებენ, რის გამოც ბევრ მათგანს ურჩევნია თავი შოტლანდიელად გაასაღოს, ვიდრე საშინელ „ბრექსიტის საუბარში“ აღმოჩნდეს.“
სატირულ-იუმორისტული გამოგონილი ამბების რეალურ ინფორმაციად წარმოჩენა
სატირულ-იუმორისტული გამოგონილი ამბების რეალურ ინფორმაციად წარმოჩენა პროპაგანდის ერთ-ერთი მეთოდია. ამ მეთოდით ტაბლოიდური და პროპაგანდისტული გამოცემები ცდილობენ დაამკვიდრონ აზრი, რომ ისეთი მოვლენები, როგორიცაა ზოოფილია, ნეკროფილია, დასავლური საზოგადოებებისთვის დამახასიათებელი ცხოვრების წესია.
“მითების დეტექტორი” გამოგონილ ამბებზე ადრეც წერდა. ადრინდელი სატირული ამბები, რომელიც სხვადასხვა ქართულენოვანმა წყარომ რეალურად წარმოგვიჩინა ალიგატორის, მუმიის და ცვილის ფიგურების გაუპატიურებას ეხებოდა. პეტერბურგის ტროლების ქარხნის პროექტმა “ФАН”-მა კი მიგრანტის მიერ თხის გაუპატიურების ამბავი გამოიგონა.
- დეზინფორმაცია ჯიმი ოლსენის მიერ ალიგატორის გაუპატიურების მცდელობაზე;
- Geworld-ის ფოტომანიპულაციები და დეზინფორმაცია მუმიისა და ცვილის ფიგურის გაუპატიურების შესახებ.
- გამოგონილი ამბავი ფლორიდელი მამაკაცის მიერ თევზის გაუპატიურების შესახებ.
მითების დეტექტორის ლაბორატორია