6 ნოემბერს ანტიოპოზიციურმა გვერდმა “ბრძენი კრიტიკოსი” და ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა Katie Toloraya გაავრცელეს ვიდეო, სადაც პოლიტიკოსი მურმან დუმბაძე ამბობს: “ჩვენი ამოცანაა, ეს კაცი შევბოჭოთ, მივიყვანოთ საავადმყოფოში ფსიქიატრებთან, ვუმკურნალოთ და ამის შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხზე. ეს კაცი არის ჩამოყალიბებული ავადმყოფი…” მურმან დუმბაძის საუბრის პარალელურად ვხედავთ მიხეილ სააკაშვილის კადრებსაც, რაც შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს დუმბაძე სააკაშვილის შესახებ საუბრობს.
კომენტარებში ჩანს, რომ ფეისბუქ-მომხმარებლები დუმბაძის სიტყვებს მიხეილ სააკაშვილს უკავშირებენ და რესპონდენტის შეცვლილ პოზიციაზე მიუთითებენ.

ვიდეო, რომელშიც მურმან დუმბაძე TV პირველის პირდაპირ ეთერში საუბრობს, მანიპულაციურად ვრცელდება. სრული ჩანაწერის ყურებით დგინდება, რომ პოლიტიკოსი არა მიხეილ სააკაშილის, არამედ ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრობს.
6 ნოემბერს პოლიტიკოსმა მურმან დუმბაძემ “TV პირველის” გადაცემაში “დღის ამბები” მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, ასევე საპროტესტო გამოსვლების შესახებ ისაუბრა. მან გააკრიტიკა პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. “TV პირველის” პირდაპირ ეთერში ივანიშვილის შესახებ ის ამბობს:
მურმან დუმბაძე (5:00): “…მთელი საქართველო ქუჩაში უნდა გამოვიდეს. შეგვიძლია გამოვიდეთ 100 000, 200 000, ნახევარი მილიონი, ერთი მილიონი ადამიანი. ვერაფერს ვერ იზამს ბიძინა ივანიშვილი, ის იძულებული იქნება აწიოს ორივე ხელი და მიბრუნდეს და გავიდეს იმ სახელისუფლებო ოთახიდან. ეს არის უმთავრესი ამოცანა. გავაკეთებთ ამას? – ძალიან კარგი; არ გავაკეთებთ? მე ვფიქრობ, კიდევ ახალ-ახალ სისულელეებს გამოაცხობს. ეს კაცი არის ფსიქიკურად ავადმყოფი. მას სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ჯერჯერობით არ უნდა დაუდგეს. ჩვენი ამოცანაა ეს კაცი შევბოჭოთ, მივიყვანოთ საავადმყოფოში ფსიქიატრებთან, ვუმკურნალოთ და ამის შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხზე. ეს კაცი არის ჩამოყალიბებული ავადმყოფი…”

ანტიოპოზიციური ანგარიში “ბრძენი კრიტიკოსი” ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე ოპოზიციის წარმომადგენლების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების შესახებ მანიპულაციური შინაარსის პოსტებს ხშირად აქვეყნებს. არაერთი მათგანი “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა:
- ანტიოპოზიციური გვერდი გრიგოლ გეგელიას შესახებ ვიდეომანიპულაციას ავრცელებს
- ანტიოპოზიციური გვერდი დავით აქუბარდიას გადაცემიდან ვიდეოფაბრიკაციას ავრცელებს
- სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას პროგრამულად დამუშავებული ვიდეო ვრცელდება
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















