11 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა გაავრცელა ინფორმაცია ახალი აღმოჩენის შესახებ, რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ პირამიდები ქართველების აგებულია. ტექსტის მიხედვით, ხეოფსის პირამიდაში ერთ-ერთ ბარელიეფზე გამოსახულ ფარაონს თავზე ქართული ანბანის მე-16 ასო “ო=გონიო” ადგას, ხოლო ხელში “უკვდავების და მარადიულობის სიმბოლო “ანხი,” იგივე ქართული ანბანის მე-15 ასო “იოტა” უჭირავს. პოსტს თან ერთვის ფოტო, რომელზეც ნახსენები ბარელიეფიც ჩანს და მითითებულია ინფორმაციის წყარო – წიგნი “საიდუმლო და უძველესი სწავლებანი.”
პოსტს 1100-ზე მეტი გაზიარება აქვს.
ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, ბარელიეფზე არა რომელიმე ფარაონი, არამედ ერთ-ერთი ეგვიპტური ღვთაება ისიდაა გამოსახული და მას თავზე არა ქართული ასო “ო” არამედ მისთვის დამახასიათებელი სამეფო ტახტის ფორმის სამკაული ადგას, ხოლო უძველესი ეგვიპტური სიცოცხლის სიმბოლო “ანხს” კავშირი არ აქვს “იოტასთან”.
გავრცელებულ ფოტოზე ასახული ბარელიეფი რეალურად არა ხეოფსის პირამიდაში, არამედ ხეოფსის პირამიდიდან 27 კილომეტრში მდებარე მაიასა და მერიტის სამარხშია ნაპოვნი და მასზე არა რომელიმე ფარაონი, არამედ ეგვიპტური ქალღმერთი ისიდა (Isis) გამოსახული.

მაია ფარაონ ტუტანხამონის კარზე მოღვაწე გავლენიანი ფიგურა იყო, ის ხაზინას განაგებდა, მერიტი კი მისი ცოლი იყო. მათი სამარხის 3D გამოსახულებაში ჩანს, რომ გავრცელებული ფოტო გაცილებით დიდი ბარელიეფური სცენის ნაწილია.
სამარხში გადაღებულ ფოტოებში, სადაც გამოსახულება საპირისპირო მიმართულებით შებრუნებული არ არის (როგორც ეს 3D სკეტჩის შემთხვევაშია), ჩანს, რომ მასზე გამოსახული ფიგურები მარჯვენა მხარეს იხედებიან, როგორც ეს გავრცელებულ პოსტზე თანდართულ ფოტოზეა ასახული.

სამარხში სხვა მრავალი სცენაა ნაპოვნი, ეს კონკრეტული კი აღმოსავლეთის კედელზეა გამოსახული და მასზე მაია და მერიტი ეგვიპტური ღვთაებების ოსირისის, ნუთის, ისიდასა და ნეფთისის წინაშე არიან გამოსახულნი. ბარელიეფზე დატანილი ტექსტი სხვადასხვა იეროგლიფის გამოყენებითაა დაწერილი. მაია და მერიტი ოსირისის, ნუთის, ისიდასა და ნეფთისის წინაშე სამარხის სამხრეთის კედლის ბარელიეფზეც არიან გამოსახულნი. ორივე ბარელიეფზე შინაარსობრივად იდენტური ტექსტი წერია. ტექსტებში მაია და მერიტი ღვთაებებს სხვადასხვა ეპითეტით ამკობენ, ადიდებენ და მათი სულების მიღებას სთხოვენ.

რაც შეეხება კონკერტულად ქალღმერთ ისიდას გამოსახულებას და მტკიცებას თითქოს მასთან ერთად ქართული ანბანის ასოებია გამოსახული, რეალურად, ისიდას თავზე გამოსახული ნიშანი არა “ო=გონიო” არამედ ამ ქალღმერთის გამოსახვისთვის დამახასიათებელი თავის სამკაულის დაზიანების შედეგად დარჩენილი ფრაგმენტია.
ეს ქალღმერთი განკურნებისა და მაგიის ღვთაებად ითვლებოდა და ეგვიპტურ რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებში დიდი ადგილი ეჭირა. მას თავზე სამეფო ტახტის ფორმის სამკაულით გამოსახავდნენ. ეს სამკაული მის “ტახტის დედოფლობას” უსვამდა ხაზს.

რაც შეეხება სიმბოლოს, რომელიც მას ხელში უჭირავს, ეს ანხია და ის ბარელიეფზე გამოსახულ სამივე ქალღმერთს უჭირავს.
ანხი ერთ-ერთი უძველესი ეგვიპტური სიმბოლოა და ხშირად “სიცოცხლის გასაღებს” უწოდებენ. ის როგორც მიწიერ ასევე მის შემდეგ ცხოვრებასა და მათ შორის კავშირს განასახიერებს, სწორედ ამიტომ მისი სამარხში გამოსახვა სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს.
რაც შეეხება ქართულ იოტას, ის ქართული ანბანის მე-15 ასო იყო.
იოტა გამოითქმის, როგორც მოკლე ი. მართალია, ვიზუალურად იოტა და ანხი ერთმანეთს ჰგავს, თუმცა ეს არ არის საკმარისი საფუძველი იმის სამტკიცებლად, რომ ეგვიპტური ცივილიზაცია ქართველებმა შექმნეს. მით უმეტეს, რომ პირამიდების აგებასა და ქართული დამწერლობის შექმნას რამდენიმე ათეული საუკუნე აშორებს ერთმანეთს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.