2023 წლის დეკემბერში სოციალური ქსელის რუსულენოვანმა მომხმარებლებმა (1, 2) გაავრცელეს პოსტები, რომელთა მიხედვითაც, პარიზის ერთ-ერთი სუპერმარკეტის შესასვლელ კარზე გამოაკრეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სტიკერი წარწერით “მათხოვარი.” პოსტებში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ფრანგული სუპერმარკეტების ქსელის franprix-ის ლოგო და მაღაზიის შესასვლელ კარზე გაკრული ზელენსკის სტიკერი ჩანს.
იგივე ინფორმაცია და ფოტოები რუსულენოვან ვებ-საიტებზეც გავრცელდა (1, 2, 3, 4).
“მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადასამოწმებლად franprix-ს დაუკავშირდა. კომპანიის მომხმარებლებთან ურთიერთობის დეპარტამენტმა კომენტარში უარყო, რომ მათი რომელიმე მაღაზიის კარზე აღნიშნული სტიკერი გამოაკრეს. ამასთანავე, Open Online-ის მიხედვით, ზელენსკის სტიკერის გამოსახულება ფოტოებზე მონტაჟის შედეგია და ფოტოები პროგრამულადაა დამუშავებული.
franprix მთელი საფრანგეთის მასშტაბით ამჟამად 600-ზე მეტ მაღაზიას ფლობს. “მითების დეტექტორთან” კომენტარში კომპანიამ აღნიშნა, რომ ზელენსკის სტიკერის გაკვრის შესახებ ინფორმაცია ტყუილი იყო და მათ არცერთ მაღაზიაში მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
აღსანიშნავია, რომ იდენტური მტკიცება და ფოტოები სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის სტიკერის შესახებ ფაქტების გადამოწმების იტალიურმა პლატფორმა open online-მაც გადაამოწმა.
გამოცემის მიხედვით, გავრცელებული ფოტოები დამონტაჟებულია და ამას მათზე შეუიარაღებელი თვალით დაკვირვებაც ადასტურებს. ფოტოზე, რომელზეც ზელენსკის სტიკერის ზურგის მხარე და წარწერა “მათხოვარია” გამოსახული, მაღაზიის კარის ორივე ნაწილში franprix-ის დიზაინის ნაწილი – ვაშლების დეკორაცია ჩანს, თუმცა მეორე ფოტოზე, რომელზეც წესით იგივე კარზე დაკრული იგივე სტიკერი წინა მხრიდან ჩანს, ერთ-ერთ კარზე გამოსახული ერთადერთი ვაშლი გამქრალია. რაც ადასტურებს, რომ სტიკერის გამოსახულება ფოტოებზე მონტაჟის შედეგია.

საინტერესოა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის დისკრედიტაციის მიზნით მისი გამოსახულების მქონე კარიკატურული გრაფიტების შესახებ მცდარი ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ანგარიში თუ გამოცემა ამტკიცებდა, რომ ამგვარი გრაფიტები ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქალაქში იყო შექმნილი. ვრცლად იხილეთ:
- ზელენსკის გრაფიტის შესახებ გერმანული გამოცემების ყალბი სტატიები ვრცელდება
- ზელენსკი თუ პროტესტი ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ – რას უკავშირდება მილანში დადგმული სკულპტურა?
- ზელენსკის გაყალბებული გრაფიტის მოგზაურობა პარიზიდან ნიუ-იორკამდე
- კრემლის მედია ამჯერად ზელენსკის მადრიდში მდებარე გრაფიტის გაყალბებულ ფოტოს ავრცელებს
- კრემლის მედია ზელენსკის გამოსახულებით პარიზში მდებარე გრაფიტის გაყალბებულ ფოტოს ავრცელებს
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.