6-9 მარტს რუსულ (pravda.ru, mk.ru, vz.ru, tsargrad.tv) და ბელარუსულ პროპაგანდისტულ მედიაში, ასევე რუსულენოვან და ქართულენოვან ფეისბუკ-ფეისბუკ-ანგარიშებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებულმა ოფშორულმა კომპანიამ – Maltex Multicapital Corp ფრანგული ბანკი – Milleis Banques შეიძინა. წყაროები ფრანგულ მედიას ეყრდნობიან, რომელიც წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ბანკი 1,1 მილიარდ ევროდ შეიძინა. გარიგება კომპანია Rothschild & Co – ის შუამავლობით 2025 წლის თებერვალში გაფორმდა. გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ კომპანიაში საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 2008 წლიდან 2012 წლამდე მუშაობდა. ფეისბუკ-ანგარიშები ვიდეოსაც აქვეყნებენ, რომელშიც მამაკაცი ყვება, რომ Milleis Banques 13 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივებს ფლობს. ვიდეოს მარჯვენა კუთხეში TV 12 – ის ლოგო ადევს.
ინფორმაცია, თითქოს ზელენსკისთან დაკავშირებულმა ოფშორულმა კომპანიამ ფრანგული ბანკი Milleis Banques შეიძინა, სიმართლეს არ შეესაბამება. ვიდეოში გამოყენებული ხმა ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერაა გენერირებული, ხოლო მედია TV 12, რომელშიც თითქოს ამ თემაზე სიუჟეტი გავიდა, არ არსებობს. გარდა ამისა, არცერთ რეპუტაციულ მედიას არ გამოუქვეყნებია ინფორმაცია აღნიშნული ბანკის გაყიდვასა და ზელენსკის კომპანიის მიერ მის შეძენაზე.
“მითების დეტექტორმა” ვიდეოში გამოყენებული აუდიო InVID & WeVerify-ის ხელსაწყოში ჩაშენებული აუდიო დეტექტორის Hiya-ს მეშვეობით გადაამოწმა. აღნიშნული ხელსაწყოს შედეგებით, ვიდეოში გამოყენებული აუდიო 86%- ით AI გენერირებულია.
დამატებითი ინფორმაციისთვის “მითების დეტექტორი” დიპფეიკების ანალიზის პლატფორმას Deepfakes Analysis Unit – საც დაუკავშირდა. მათ აუდიო ჩანაწერი Hive AI-ის აუდიო დეტექტორით გადაამოწმეს. ხელსაწყომ აუდიო 18 ფრაგმენტად დაყო. აქედან 12 ფრაგმენტი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული აღმოჩნდა, დანარჩენი 6 კი რეალური.
აუდიო Deepfakes Analysis Unit – ის პარტნიორმა ContrailsAI-მაც გადაამოწმა. მათი ანალიზით, აუდიოს დასაწყისი, სადაც რეპორტიორი ჩანს და საუბრობს ავთენტიკურია, ხოლო დანარჩენი AI – ის მიერაა გენერირებული.
აღნიშნული ინფორმაცია ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია leadstories – მაც გადაამოწმა. სტატიაში აღნიშნულია, რომ მედია, რომლის ლოგოც ვიდეოშია გამოყენებული არ არსებობს. leadstories ასევე წერს, რომ ფრანგულ მედიაში Le Figaro 2025 წლის 23 თებერვალს გამოქვეყნებულია ფრანგული ბანკის Milleis-ის მმართველი დირექტორის ნიკოლას ჰუბერტის ინტერვიუ, რომელსაც ბანკის გაყიდვაზე არ უსაუბრია.
სხვადასხვა დეზინფორმაციას, თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკის ოჯახი დასავლეთის ფულს პირადი მოხმარების ფუფუნების საგნებში ხარჯავს, კრემლის პროპაგანდისტული არხები უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ აქტიურად ავრცელებენ. აღნიშნული
დეზინფორმაციის გავრცელების ამ ტექნიკის უკან რუსეთია მიჩნეული და საინფორმაციო ოპერაცია Storm-1516 – ის სახელითაა ცნობილი. ისინი ჰქმნიან ონლაინ დეზინფორმაციას რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ, შემდეგ კი სხვადასახვა ენაზე და გეოგრაფიულ არეალში ავრცელებენ. გავრცელების მეთოდი შემდეგია: იქმნება რაიმე ვიდეო, რომელშიც ადამიანი ყვება, რომ მოიპოვა მტკიცებულებები, თუ როგორ შეიძინა ზელენსკიმ გარკვეული ქონება. შემდეგ ვიდეო რომელიმე დასავლურ, ახალშექმნილ ან ანტიდასავლურ მედიაში ვრცელდება. ამ უკანსკნელს კი რუსული წყაროები ეყრდნობიან. სტატიებს ხშირად შესყიდვის დამადასტურებელი ან საჯარო რეესტრის გაყალბებული დოკუმენტები ერთვის, ხოლო ადამიანები, რომლებიც შესყიდვის შესახებ ყვებიან, ძირითადად, ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი.
“მითების დეტექტორს” ამ თემაზე არაერთი სტატია მოუმზადებია. ბოლო სამი წლის განმავლობაში, გავრცლებული დეზინფორმაციის მიხედვით, ზელენსკის ოჯახი არაერთი ძვირადღირებული ქონების მფლობელი გახდა. მათ მათ შორისაა კარიბის ზღვის კუნძულებზე, ღვინის მამული იტალიაში, ჰაიგროვის სასახლე ბრიტანეთში, ბუგატის უახლესი მოდელი, კარტიეს სამკაულები და კიდევ ბევრი სხვა. აღნიშნულ თემაზე “მითების დეტექტორმა” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ორი კვლევა მოამზადა.
წყაროს შესახებ:
ფეისბუკ-მომხმარებლის, ირაკლი ზაქარეიშვილის მიერ წარსულში გავრცელებული დეზინფორმაცია, “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.