20 იანვარს ფეისბუქ მომხმარებლებმა გაავრცელეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ფოტო, რომელიც ტრამპის ინაუგურაციაზე იმყოფებოდა, მას ამერიკის დროშის გამოსახულების მქონე მოსაცმელი აცვია. ერთ-ერთ პოსტს ონლაინ მედია “ტაბულას” სქრინშოტი ერთვის, სადაც ზურაბიშვილს ასევე ამერიკის სიმბოლიკის მოსაცმლით ვხედავთ.
ტრამპის ინაუგურაციაზე მყოფი სალომე ზურაბიშვილის ფოტო, სადაც აშშ-ის სიმბოლიკის მოსაცმელი აცვია, გაყალბებულია. მსგავსი ფოტო არც “ტაბულას” ფეისბუქ გვერდზე იძებენება. რეალური ფოტო ზურაბიშვილმა საკუთარ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა, სადაც მას წითელი პალტო აცვია და წერს, რომ ის ინაუგურაციისკენ მიმავალ გზაზეა გადაღებული.
20 იანვარს ამერიკის ახალი, 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართა. მას დაესწრო სალომე ზურაბიშვილიც. 27 დეკემბერს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა, ზურაბიშვილი, როგორც “ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი” ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვია. ინაუგურაციის ცერემონიამდე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი წინასაინაუგურაციო წვეულებას, ასევე სამხრეთ კაროლინას შტატის წარმომადგნელების საზეიმო ინაუგურაციას დაესწრო. მან ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია Fox News-ს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული, რედაქტირებული ფოტოს რეალური ვერსია სალომე ზურაბიშვილის სოციალური ქსელების ოფიციალურ გვერდებზე იძებნება. ფოტოებზე ვხედავთ, რომ ზურაბიშვილს მოსაცმელი აშშ-ის სიმბოლიკით არ აცვია და ის ინაუგურაციას წითელი მოსაცმლით დაესწრო. ინსტაგრამზე საკუთარი ფოტოს გამოქვეყნებისას ის წერს: “ინაუგურაციისკენ მიმავალ გზაზე.”

ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ონლაინ მედია “ტაბულას” ფეისბუქზე არ იძენება და სქრინშოტიც გაყალბებულია. ტაბულამ სალომე ზურაბიშვილის ავთენტიკური ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მას წითელი მოსაცმელი აცვია.
უკანასკნელ დღეებში ასევე ავრცელებდნენ ცნობებს, თითქოს ზურაბიშვილმა ინაუგურაციაზე დასასწრები ბილეთი იყიდა. “მითების დეტექტორმა” აღნიშნული ინფორმაცია უკვე გადაამოწმა. მსგავსი ინფორმაციისა და ვიზუალური მანიპულაციების გავრცელება ნაწილია სალომე ზურაბიშვილის დისკრედიატაციის კამპანიის, რომელიც სოციალურ ქსელების დახმარებით აქტიურად მიმდინარეობს.
წყაროს შესახებ:
ერთ-ერთი პირი, იმ წყაროებს შორის, ვინც გაყალბებულ ფოტოს აზიარებს, ფეისბუქ-მომხმარებელი ირმა ხახუტაიშვილია. ის მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მხარდამჭერია. ხახუტაიშვილი სოციალურ ქსელში სისტემატურად აქვეყნებს ანტიდასავლური შინაარსის, ასევე ქართული ოპოზიციის საწინააღმდეგო ცნობებსა და ყალბ ამბებს. მის მიერ გამოქვეყნებული პოსტები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა და ისიც დაადგინა, რომ აღნიშნული ანგარიში ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიასა და პარტია “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმართულ დისკრედიტაციის კამპანიებშიც მონაწილეობდა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.