18 დეკემბერს ფეისბუქ-ანგარიშმა “შიინ ევროპისკენ” გამოქვეყნა პარტია “ლელო საქართველოსთვის” წევრების – გრიგოლ გეგელიას, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და სალომე სამადაშვილის ფოტო, რომელშიც ხელში ლგბტქი+ დროშა უჭირავთ. “ყველაზე მაგარი პარტია, ნამდვილი დრაქ ქუინი პარტია” – წერს ავტორი.
პოსტის ავტორი ფოტოფაბრიკაციას ავრცელებს. რეალურად, პარტიის წევრებს ხელში არა ლგბტქი+, არამედ საქართველოს დროშა უჭირავთ.
ფოტო, რომელსაც პოსტის ავტორი დარედაქტირებული სახით ავრცელებს, 2023 წლის თებერვალში, უკრაინის უმაღლესი რადის შენობაშია გადაღებული. 24 თებერვალს სალომე სამადაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოში ჩანს, რომ პარტიის წევრებს ხელში არა ლგბტქი+, არამედ საქართველოს დროშა უჭირავთ.
რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით, პარტია “ლელო საქართველოსთვის” წევრები უკრაინაში 2023 წლის 21 თებერვალს გაემგზავრნენ. პოლიტიკოსები შეხვდნენ უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს, 24 თებერვალს კი დაესწრნენ უკრაინის უმაღლესი რადის საგანგებო სხდომას.
წყაროს შესახებ
ანგარიში შიინ ევროპისკენ ამავე სახელწოდების ორ სხვა ანგარიშთან (1,2) ერთად კოორდინირებულად ავრცელებს ჰომოფობიური და ანტიდასავლური შინაარსის ინფორმაციას, მათ შორის, დეზინფორმაციული ხასიათის მტკიცებებსა და გაყალბებულ ფოტო-ვიდეო მასალას. გვერდი არასამთავრობო ორგანიზაციების წამოწყებული სამოქალაქო კამპანიის “შინ ევროპისკენ” საპირწონედ შეიქმნა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.