2023 წლის 22 ოქტომბერს სოციალურ ქსელ Facebook-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანადის დედაქალაქ ოტავაში პალესტინის მხარდამჭერი აქციები პრაქტიკულად აღარ იმართება, რადგან ასეთ დროს ადგილზე მიდის პოლიცია, რომელსაც მიჰყვება ავტობუსი წარწერით – „აეროპორტი. დაინტერესებულებისთვის ღაზას სექტორში წაყვანა უფასოა“. ფეისბუქ-პოსტს თან ერთვის ავტობუსის ფოტო, რომელზეც აღნიშნული შინაარსის წარწერებია გაკეთებული. პოსტის ავტორის მტკიცებით, ოტავაში პალესტინის მხარდამჭერი აქციები აღარ ტარდება და ეს პოლიციის მანქანების დამსახურებაა.
სოციალურ ქსელში ფოტომანიპულაცია ვრცელდება. სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ოტავაში ავტობუსებს აწერია, რომ დაინტერესებულ პირებს ღაზის სექტორში უფასოდ წაიყვანენ და პოლიცია პალესტინის მხარდამჭერი აქციების რაოდენობას ამ მეთოდით ამცირებს. რეალურად, ფოტო 2009 წლის ივლისშია გადაღებული და ავტობუსს მსგავსი წარწერები არ აქვს.
გავრცელებული ფოტო დარედაქტირებულია ავტობუსზე წარწერები – „აეროპორტი“ და „ღაზის სექტორამდე უფასოდ“ დამატებულია. რეალურად, ორიგინალი ფოტო, ღია წყაროებით იძებნება და 2009 წლით არის დათარიღებული.
გარდა ამისა, ფეისბუქზე გავრცელებულ ფოტოში ჩანს, რომ ავტობუსზე გაკრულია ფილმ Funny People-ის რეკლამა და აწერია თარიღი – 07/31/09, როცა კანადაში მისი პრემიერა იყო ჩანიშნული.

ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ოტავაში პალესტინის მხარდამჭერთა აქციები პოლიციის მიერ მსგავსი მეთოდის (უფასო ავტობუსი ღაზის სექტორამდე) გამოყენების გამო, პრაქტიკულად, გაქრა. ოქტომბერში პალესტინის მხარდამჭერი აქციები კანადის რამდენიმე ქალაქში გაიმართა (1;2;3;4). ასევე, პალესტინის მხარდამჭერი ბოლო (26 ოქტომბრის მონაცემებით) აქცია ქალაქ ოტავაში 25 ოქტომბერს ჩაატარეს. აქციის მონაწილეები გმობენ ისრაელ-ჰამასის ომს და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ, ვინაიდან ომს მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ეწირება.

2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელ-ჰამასის ომის დაწყებიდან სოციალურ ქსელში არაერთი დეზინფორმაცია ვრცელდება. “მითების დეტექტორმა” ამ თემაზე გავრცელებული არაერთი მცდარი ინფორმაცია გადაამოწმა.
ლაშა მაჩაბელი
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.