9 თებერვალს ფეისბუქ-მომხმარებელმა გაავრცელა ფოტოგრაფ მარი ნაკანის ვიდეო, რომელშიც ის ამბობს: “ფული მოვიდა და უფრო მეტი ადამიანი გამოდის გარეთ და დიდი იმედი მაქვს, რომ ისევ 300 000 ადამიანი გამოვა გარეთ, როგორც ყოველთვის, ასე რომ…” ვიდეოს ერთვის წარწერა: “USAID-ის ფული დაგრჩათ თუ უკვე შეჭამეთ?” და ვხედავთ ტიკ-ტოკ ანგარიშის სახელს georgia_first.
ფოტოგრაფ მარი ნაკანის შესახებ ვიდეომანიპულაცია ვრცელდება. სინამდვილეში, ის არ ამბობს ფრაზას “ფული მოვიდა” და საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების მატებას ფულს არ უკავშირებს. ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტთან საუბრისას მან თქვა, რომ “გაზაფხული მოვიდა” და მოელის, რომ საპროტესტო აქციებს მეტი ადამიანი შეუერთდება. ვიდეო იმგვარადაა მოჭრილი, რომ სიტყვა “გაზაფხულის” ნაცვლად, ისმის “ფული”.
7 თებერვალს თბილისში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. ერთ-ერთი მარშს, რომელიც რუსთაველის გამზირზე შეკრებილ დემონსტრანტებს შეუერთდა, “თავისუფლება სინდისის პატიმრებს” ერქვა. ამ მარშის მონაწილე იყო მარი ნაკანი.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ტელეკომპანია “პირველის” პირდაპირი ეთერიდანაა მოჭრილი (1:13:26). უწყვეტი ეთერის ყურებით აშკარაა, რომ ფოტოგრაფი არ ამბობს ფრაზას “ფული მოვიდა” და არც საპროტესტო აქციებზე ელის ხალხის რაოდენობის მატებას ამ მიზეზით. მან დევნილების პრობლემების, პროტესტის დაწყების შემდეგ სამსახურიდან გაშვებული ადამიანების შესახებ ისაუბრა და მხარდაჭერა გამოუცხადა ამავე პერიოდში დაკავებულებს. ჟურნალისტთან საუბრისას ნაკანი ამბობს (1:14:20):
“ძაან დიდი იმედი მაქვს, ეხლა გაზაფხული მოვიდა და უფრო მეტი ადამიანი გამოდის გარეთ და დიდი იმედი მაქვს, რომ ისევ 300 000 ადამიანი გამოვა გარეთ, როგორც ყოველთვის, ასე რომ…”
ფეისბუქ-მომხმარებლის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე ტიკ-ტოკ ანგარიშის georgia_first სახელიც ჩანს. მან ვიდეო 9 თებერვალს გამოაქვეყნა. georgia_first ქართული ოპოზიცისიის, მედიისა და მიმდინარე პროტესტის მადისკრედიტირებელ ვიდეოებს ავრცელებს. მათ შორის, აქტიურობს და არაერთი ვიდეო გამოაქვეყნა USAID-ის დაფინანსების შესახებ. ასევე, ანგარიში გამოირჩევა პარტია “ქართული ოცნების” მხარდაჭერით.
საქართველოში 28 ნოემბრის შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების შესახებ რამდენიმე ვიდეოფაბრიკაცია გავრცელდა. ამგვარ პოსტებს “მითების დეტექტორი” სისტემატურად ამოწმებს.
წყაროს შესახებ:
ანგარიშმა “ანი ფეიქრიშვილი” წარსულშიც გამოაქვეყნა ვიდეოფაბრიკაცია პარტია “ლელოს” ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის შესახებ, რაც “მითების დეტექტრომა” გადაამოწმა. ის “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ანგარიშია და ჩართულია პარტიის ოპონენტების დისკრედიტაციის კამპანიაშიც.
არქივის ბმული
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.