25 ოქტომბერს მედიასაშუალებებმა Оn.ge, MarneuliNews.ge, CNews Exclusive • ახალი ამბები, Info imereti ფეისბუქ-გვერდებმა (1,2) და მომხმარებლებმა (1,2,3) გაავრცელეს ფოტო, რომელზეც, აღწერის მიხედვით, 25 ოქტომბრის ღამით თბილისის გასასვლელის საცობია ასახული. პოსტები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საცობი რეგიონებში ხმის მისაცემად მიმავალმა მოქალაქეებმა შექმნეს.
გავრცელებული ფოტო 25 ოქტომბერს არ არის გადაღებული, ფოტო სულ მცირე 2022 წლიდან ვრცელდება და მასზე ასახულია არა თბილისის გასასვლელი, არამედ შემოსასვლელი გზა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ღამით თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით გასასვლელი მაგისტრალი გადატვირთული იყო.

გავრცელებულ ფოტოზე, მარჯვენა მხარეს ჩანს რომპეტროლის ბენზინგასამართი სადგური, ორი მშენებარე შენობა, ერთ-ერთი შენობის წინ განლაგებული ქოლგები, ყავის ჭიქის ფორმის ბანერი და განათებები. იქიდან გამომდინარე, რომ ფოტო გზის ზედხედია, დიდი ალბათობით ის ფეხითმოსიარულეთა ხიდიდან არის გადაღებული.
ასეთი ადგილი აღმაშენებლის ხეივანზე, ლექსუს თბილისის ცენტრთან არის.

ადგილზე ქუჩის ხედის დათვალიერებაც შესაძლებელია.

Google Maps-ში ხელმისაწვდომია 2024 წლის ოქტომბერში გადაღებული ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ მშენებარე შენობიდან ერთ-ერთი (3) 2024 წლის ოქტომბრისთვის უკვე დასრულებულია. ასევე იგივე ფოტო 2022 წლის 23 დეკემბერს გამოქვეყნდა გამოცემა Ambebi.ge-ს მასალაში, რომელიც თბილისის მასშტაბით სხვადასხვა ადგილას სამანქანო საცობებს და მოძრაობის შეფერხებას ეხებოდა.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, 25 ოქტომბერს თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გასასვლელ გზაზე მოძრაობა ნამდვილად დატვირთული და შეფერხებული იყო.
ფოტოები გადაღებულია თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით გამავალ მაგისტრალზე წყარო: მითების დეტექტორი
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.