12 დეკემბერს “ქართული მისიის” დამფუძნებელმა Ramaz Gagnidze-მ ორი ნახევრად შიშველი მამაკაცის ფოტო გამოაქვეყნა, რომლებსაც პარიკები უკეთიათ. ფოტოს ქვემოთ გაკეთებული წარწერის მიხედვით, ის 1999 წელს ნიუ-იორკის პრაიდზეა გადაღებული. ფოტოზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი არიან გამოსახული.
გავრცელებული პოსტი ფოტოფაბრიკაციას წარმოადგენს და ჰომოფობიურ ნიადაგზე ვოლოდიმირ ზელენსკისა და ოლექსი არესტოვიჩის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. რეალურად, ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული და ზელენსკისა და არესტოვიჩის სახეები პრაიდის მონაწილეების სახეების ნაცვლად არის ჩასმული. ასევე ფოტო არა 1999 წელს, არამედ 2006 წელსაა გადაღებული.
ფოტო, რომელსაც იმის არგუმენტად ავრცელებენ, თითქოს ზელენსკი და არესტოვიჩი 1999 წლის ნიუ-იორკის პრაიდს დაესწრნენ, პროგრამულადაა დამუშავებული. ორიგინალ ფოტოზე ნათლად ჩანს, რომ მასზე უკრაინის პრეზიდენტი და მისი მრჩეველი არ არიან გამოსახული. ორიგინალ ფოტოზე გამოსახულ ადამიანებს სახეზე მაკიაჟი აქვთ გაკეთებული, თუმცა დამუშავებულ ფოტოზე მაკიაჟის კვალი აღარ ჩანს.
ფოტოს ავტორი თომას ლოკ ჰობსია, ფოტოგრაფმა ეს და 2006 წლის 25 ივნისის ნიუ-იორკის პრაიდზე გადაღებული სხვა ფოტოები Flickr-ის პლატფორმაზე ატვირთა.
ფოტოებზე გამოსახულ პრაიდის მონაწილეებს სამხედრო თემატიკის ტანსაცმელი აცვიათ. ფაქტების გადამოწმების პლატფორმა AFP პრაიდის ერთ-ერთ მონაწილეს ჯესი არჩერს დაუკავშირდა. მან აღნიშნა, რომ ჯართან დაკავშირებული ვიზუალის შერჩევის მიზეზი ის იყო, რომ იმ პერიოდში ერაყის ომსა და ასევე “არ მკითხო, არ მითხრა” პოლიტიკას (“Don’t Ask, Don’t Tell” policy) აპროტესტებდნენ.
Don’t Ask, Don’t Tell პოლიტიკა კლინტონის ადმინისტრაციის პერიოდში სამხედრო სამსახურში არაჰეტეროსექსუალების მიმართ შემოღებული მიდგომა იყო, რომელიც ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებს ჯარში მსახურების ნებას აძლევდა, თუ ისინი საკუთარ ორიენტაციას არ გაასაჯაროებდნენ.
წყაროს შესახებ
რამაზ გაგნიძე საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მისიის” ერთ-ერთი დამფუძნებელია. მოძრაობა ჰომოფობიური, ანტილიბერალური და რასისტული ნარატივებით გამოირჩევა.
რამაზ გაგნიძე 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივ და ჰომოფობიურ აქციაშიც აქტიურად მონაწილეობდა. ის ერთ-ერთია აქციის იმ ორგანიზატორებიდან, რომლებიც 16 ივლისს პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა.
გაგნიძე წარსულში “ქართული მარშის” აქტივისტი იყო. როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” კვლევაში “ქართული ნეონაციზმის ანატომია” არის აღნიშნული გაგნიძე, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში “ქართული მარშის” სხვა წევრებთან ერთად, ხაშურში დამოუკიდებელ კანდიდატ რამაზ ნოზაძის მხარდასაჭერად ჩავიდა. გარდა ამისა, გაგნიძე 2014 წელს კენჭს იყრიდა დიღმის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად კოალიცია “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” სახელით. რამაზ გაგნიძე ამჟამად მხარს “ალტ-ინფოს” უჭერს და აღნიშნულ ტელევიზიაში რესპონდენტადაც ხშირად იწვევენ.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.























