16 თებერვალს ყალბი ინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა, ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც ილონ მასკის აუდიტმა ფორტ ნოქსის ოქროს საცავში ყალბი ოქროს ზოდები აღმოაჩინა. პოსტს თან ახლავს ვოლფრამის გამოყენებით გაყალბებული ოქროს ზოდის ფოტო.
ილონ მასკს ფორტ ნოქსის საცავში, აშშ-ის ოქროს რეზერვის აუდიტი არ ჩაუტარებია, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია მცდარია. მასკმა მიანიშნა, რომ რეზერვის შემოწმება სურდა, თუმცა ჯერჯერობით ცნობილი არ არის ჩაატარებს თუ არა მასკი ან მისი სააგენტო ფორტ ნოქსში ოქროს რეზერვის აუდიტს. გავრცელებული ფოტოს კი ოქროს რეზერვთან კავშირი არ აქვს და სოციალურ ქსელებში სულ მცირე 2023 წლიდან ვრცელდება.
17 თებერვალს ილონ მასკმა ფორტ ნოქსში ოქროს რეზერვთან დაკავშირებით რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა. მასკის ერთ-ერთი პოსტი გარკვეულწილად ძველ კონსპირაციულ მტკიცებებს იმეორებს, თითქოს ამ სამხედრო ბაზაზე არსებულ საცავში ოქრო აღარ არის.
“ვინ ადასტურებს, რომ ფორტ ნოქსიდან ოქრო არ მოუპარავთ? შეიძლება იქ არის, შეიძლება არა. ეს ოქრო ამერიკელ ხალხს ეკუთვნის. გვინდა ვიცოდეთ, იქ არის თუ არა” – დაწერა მასკმა და გამოეხმაურა სენატორ მაიკ ლის პოსტს, სადაც ლი აღნიშნავს, რომ როგორც სენატორმა არაერთხელ სცადა სამხედრო ბაზის მონახულება თუმცა ამის საშუალება არ მისცეს.
ფორტ ნოქსთან დაკავშირებით მასკის ერთ-ერთ პოსტს სენატორი რენდ პოლი გამოეხმაურა და ოქროს რეზერვის შემოწმების სურვილი გამოთქვა. მასკის მიერ ოქროს რეზერვის შესაძლო აუდიტის შესახებ ინფორმაცია სწორედ X-ზე პოსტების ამ სერიის შემდეგ გავრცელდა. თუმცა აუდიტი ჯერ არ ჩატარებულა და ჯერჯერობით ისიც უცნობია, ჩატარდება თუ არა.
ფორტ ნოქსი კენტუკის შტატში მდებარე სამხედრო ბაზაა, რომელშიც აშშ-ს ოქროს მარაგების საცავი 1930-იან წლებში აშენდა. წლების განმავლობაში ფორტ ნოქსში შენახულ ოქროსთან დაკავშირებით არაერთი კონსპირაციული თეორია ვრცელდებოდა, თითქოს ოქრო სხვა ლოკაციაზე გადაიტანეს, გაყიდეს, გაყალბებული ოქროთი ჩაანაცვლეს. ოქროს საცავი არაავტორიზებული პირებისთვის მხოლოდ სამჯერ გაიღო. 1943 წელს საცავი პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა მოინახულა, 1974 წელს კონგრესის 10 წევრმა და ჟურნალისტებმა მოინახულეს. 1974 წლის ვიზიტის მიზეზი გახდა ჭორი, რომ საცავში ოქრო აღარ ინახებოდა. ბოლოს საცავი 2017 წელს მოინახულა დელეგაციამ, რომლის წევრებიც სენატორი მიტჩ მაკკონელი და ხაზინის მდივანი სტივენ მნუჩინი იყვენ. ყველა ვიზიტმა დაადასტურა, რომ ოქრო საცავში ინახება, რაც მიანიშნებს, რომ მასკის მიერ გამოთქმულ ეჭვებს რეალური საფუძველი არ აქვს.
-
რა ვიცით გავრცელებულ ფოტოზე?
რაც შეეხება გავრცელებულ ფოტოს, რომელზეც როგორც ჩანს გაყალბებული ოქროს ზოდია ასახული, მას აშშ-ის ოქროს რეზერვთან ან ილონ მასკის აუდიტთან კავშირი არ აქვს. ფოტო სულ მცირე 2023 წლიდან ვრცელდება სოციალურ ქსელებში. ფოტოს ყველაზე ადრეული ვერსია, რომელიც ამჟამად იძებნება, 2023 წლის მარტში ფორუმზე Reddit გამოქვეყნდა, როგორც მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ოქროს ზოდის გაყალბება ვოლფრამის გამოყენებით. Reddit-ზე პოსტის ავტორმა, სავარაუდოდ იმავე ოქროს ზოდის კიდევ ერთი ფოტო გამოაქვეყნა.
ვოლფრამს და ოქროს მსგავსი სიმკვრივე აქვთ, რის გამოც გაყალბებული ზოდი თითქმის იმდენივეს იწონის, რამდენსაც ნამდვილი. იგივე ფოტო 2023 წლის ნოემბერში ძვირფასი მეტალებით ვაჭრობის კომპანიამ თაღლითობაზე მომხმარებლების გაფრთხილებისთვის გამოიყენა. შესაბამისად, ფოტოს მასკთან ან ფორტ ნოქსში ოქროს რეზერვებთან კავშირი არ აქვს. ვოლფრამის გამოყენებით ოქროს გაყალბების შემთხვები ცნობილია, თუმცა ოქროს ნამდვილობის შემოწმების არაერთი მეთოდი არსებობს, რაც ვოლფრამით გაყალბებული ზოდის გამოვლენის საშუალებას იძლევა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.