4 ივნისს ფეისბუქზე გავრცელდა ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემის ფრაგმენტი. ვიდეოში ჩანს, რომ ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი მანქანაში ზის და მძღოლს ეკითხება: “აი, რომ წარმოვიდგინოთ, არ არსებობს ქვეყანაში კრიტიკული მედია, როგორი იქნება რეალობა?”, რაზეც კაცი პასუხობს: “ყველაფერი იქნება კარგად.” ვიდეოთი იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს რესპონდენტი უარყოფითად აფასებს ოპოზიციური ტელევიზიებს.
“ფორმულას” გადაცემიდან ვრცელდება მოჭრილი ვიდეო, რომელიც რესპონდენტის რეალურ პოზიციას არ ასახავს. სინამდვილეში, სრულ ჩანაწერში კაცი საპირისპიროს ამბობს. მედიის შესახებ დასმულ შეკითხვას ის პასუხობს, რომ სინამდვილეში ყველაფერი კარგად არ იქნება, ხოლო პროსახელისუფლებო მედიების მიერ მოვლენების გაშუქებას კრიტიკულად აფასებს.
3 ივნისს “ფორმულას” ეთერში გავიდა გადაცემა “ხალხთან ერთად”, რომლის წამყვანებიც ჟურნალისტები ელისო ჯარიაშვილი და გურამ როგავა არიან. გადაცემის ეს ეპიზოდი მედიისა და მისი რეგულირების შესახებ მიღებულ ახალ კანონებს დაეთმო. გადაცემაში მოხვდა ქუჩის გამოკითხვა, სადაც ელისო ჯარიაშვილი მოქალაქეებს ეკითხება თუ რას ფიქრობენ ქართული მედიის შესახებ, როგორ აფასებენ მედიასთან დაკავშირებულ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს, მიმდინარე პროცესებსა და ა.შ. სწორედ გამოკითხვაში მოხვედრილი ერთ-ერთი რესპონდენტის კომენტარის მოჭრილი ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში.
ქუჩის გამოკითხვისას ჟურნალისტი მანქანაში ესაუბრებოდა კაცს, რომელსაც თავდაპირველად მედიის შესახებ ჰკითხა. შეკითხვაზე (38:20), თუ რას ფიქრობს მედიის რეგულირებასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, კაცი პასუხობს: “არ უნდათ სიტყვის თავისუფლების გამომხატველი ხალხი და ამიტომ აკეთებენ.” მომდევნო შეკითხვა და მასზე პასუხის ნაწილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში მოხვდა. შეკითხვაზე: “რომ წარმოვიდგინოთ, არ არსებობს ქვეყანაში კრიტიკული მედია, როგორი იქნება რეალობა?” კაცი პასუხობს:
“- ყველაფერი იქნება კარგად.
(ჟურნალისტი) – სინამდვილეში?
– არა, სინამდვილეში, არა, ისე ვამბობ.
[…]
(ჟურნალისტი) – სამთავრობო არხებზე რა ხდება, თუ გაქვთ ინფორმაცია?
– არ ვიცი, არ ვუყურებ მაგათ. მაგათ რომ უყურებ, ესე იგი, დღესდღეისობით ყველაფერი კარგად არის. ღმერთმა მასე იყოს, მაგრამ ვერ ვხედავ ვერაფერს კარგს.”
გარდა მედიასთან დაკავშირებული საკითხებისა, ჟურნალისტმა რესპონდენტს მოსახლეობის პრობლემების შესახებაც ჰკითხა. კაცმა მთავარ პრობლემებად გაჭირვება და ძალადობა დაასახელა. ამდენად, კაცი დადებითად აფასებს ოპოზიციური მედიის როლს, თუმცა არ მოსწონს პროსახელისუფლებო მედია და კრიტიკულადაა განწყობილი ხელისუფლების მიმართაც. სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო საპირისპიროს წარმოაჩენს და იმგვარადაა მოჭრილი, თითქოს რესპონდენტს კრიტიკული მედიასაშუალებები არ მოსწონს.
იდენტური ვიდეო იძებნება ტიკ-ტოკ ანგარიშზე, სახელად brdzeni.kritikosi. სავარაუდოა, რომ ვიდეოს პირველწყაროც სწორედ ისაა. ანგარიშზე გამოქვეყნებულ სხვა არაერთ ვიდეოსაც მსგავსი ვიზუალი აქვს: წითელ ფონზე თეთრი წარწერა.
ჟურნალისტები არაერთხელ გამხდარან სოციალურ ქსელებში დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე. ხშირად, მათ შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის ან ვიზუალური მანიპულაციების მიზანი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ტელევიზიების რეპუტაციის დაზიანებაა. “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთი ვიდეო გადაამოწმა, რომელთა ნაწილი ვიდეოფაბრიკაცია აღმოჩნდა, ნაწილი კი არასრული კონტექსტით ან მანიპულაციურად იყო გავრცელებული.
წყაროს შესახებ:
გაბი კამაევი “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ფეისბუქ-ანგარიშია. თავის გვერდზე ის ხშირად აქვეყნებს ქართული პარტიის მხარდამჭერ და ოპოზიციის მადისკრედიტირებელ პოსტებს. გაბი კამაევის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა.
არქივის ბმული
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.




















