მცდარია, თითქოს ურსულა ფონ დერ ლაიენის ქმარი ფაიზერში მუშაობს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ფონ დერ ლაიენის ქმარი
195
VIEWS

8 ივნისს გადაცემაში “ევროპის დაისი”  თანაწამყვანმა, გური სულთანიშვილმა თქვა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ ლაიენის ქმარი ფაიზერის კომპანიაში დაასაქმეს.  კომენტარი, სავარაუდოდ, უკავშირდება ევროკომისიის პრეზიდენტისა და კომპანია ფაიზერის სკანდალს ვაქცინების შესყიდვასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე.

გური სულთანიშვილი [16:35]: “მე ის გამახსენდა, ურსულა ფონ დერ ლაიენის ქმარი დაასაქმეს ფაიზერის კომპანიაში და მერე მაქედან მოქაჩეს, რა…”

სულთანიშვილის აღნიშნულ სიტყვებს გადაცემაში დაურთეს სქრინშოტი, რომელზეც ვკითხულობთ სტატიის სათაურს: “ევროპარლამენტარები ურსულა ფონ დერ ლაიენს Pfizer-თან კონტრაქტის საკითხზე დახურულ კარს მიღმა გამოჰკითხავენ”.    

ფონ დერ ლაიენის ქმარი

“ევროპის დაისის” თანაწამყვანის მტკიცება, თითქოს ურსულა ფონ დერ ლაიენის ქმარი დასაქმებული იყო ფაიზერში და ევროკავშირმა ვაქცინები ამ გზით მიიღო, დეზინფორმაციულია. რეალურად, ჰეიკო  ფონ დერ ლაიენი კომპანია  Orgenesis-ის დირექტორია, რომელსაც ფაიზერი არ ფლობს.  

ჰეიკო ფონ დერ ლაიენი ექიმი და ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Orgenesis-ის სამედიცინო დირექტორია. კომპანია ორიენტირებულია უჯრედული და გენური თერაპიის კვლევებზე. ჰეიკო ფონ დერ ლაიენი დირექტორის პოსტს 2020 წლიდან იკავებს.  

Orgenesis-ის ვებ-საიტზე ვკითხულობთ, რომ კომპანია მუშაობს Covid-19-თან დაკავშირებულ ორ პროქტზე, თუმცა რაიმე მითითება ფაიზერის მონაწილეობასთან დაკავშირებით არ გვხვდება. კომპანიის მიერ შემუშავებულ პროდუქტებს შორისაა COVID-19-ის ვაქცინა სახელწოდებით AutoVac, თუმცა, როგორც ვებ-საიტზეა მითითებული, ვაქცინა ჯერ კიდევ პრეკლინიკური კვლევების ეტაპზეა.  

ფონ დერ ლაიენის ქმარი
სქრინშოტი: Orgenesis-ის ვებ-საიტი

მტკიცება, თითქოს ურსულა ფონ დერ ლაიენის ქმარი ფაიზერის კომპანიაშია დასაქმებული, უცხოენოვანი ავტორების მიერ წარსულშიც გავრცელებულა. ინფორმაცია ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Logically Facts-მაც გადაამოწმა. გამომდინარე იქიდან, რომ Orgenesis-ი აშშ-ის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული საჯარო კომპანიაა, მათ გადაამოწმეს აქციონერები და დაადგინეს, რომ Nasdaq-ის მონაცემების თანახმად, Pfizer-ი Orgenisis-ის აქციონერი არ იყო. “Pfizer-ს არ აქვს საქმიანი ურთიერთობები Orgenesis-თან”. – დაუდასტურა Pfizer-ის წარმომადგენელმა Logically Facts-ს. ამჟამად Nasdaq-ზე კომპანიის ინსტიტუციურ მფლობელად მხოლოდ Knoll Capital Management, Llc არის მითითებული. ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ Pfizer-ი Orgenesis-ის მფლობელი ან აქციონერი გახდა, ღია წყაროებით არ იძებნება.  

აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წელს Orgenesis-ისა და ევროკომისიის კავშირებზე საუბარი დაიწყო მას შემდეგ, რაც Orgenesis-მა ევროკავშირის დაფინანსებით ორჯერ ისარგებლა. თუმცა, ევროკავშირის გამჭვირვალობის კომისარმა, ვერა ჟუროვამ მაშინ განაცხადა, რომ ჰეიკო ფონ დერ ლაიენს ევროკავშირის დაფინანსებით სარგებლობის დროს ინტერესთა კონფლიქტის არცერთი პუნქტი არ დაურღვევია. მიუხედავად ამისა, ჰეიკო ფონ დერ ლაიენმა დატოვა პოსტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გენური და უჯრედული თერაპიის პროექტის სამეთვალყურეო საბჭოში. აღსანიშნავია, რომ გრანტის განაცხადის პროცესში ჰეიკო ფონ დერ ლაიენი ჩართული არ ყოფილა და პროექტს მას შემდეგ შეუერთდა, რაც გრანტი Orgenesis-ის იტალიურმა შვილობილმა კომპანიამ მიიღო. 

გური სულთანიშვილის მტკიცების პარალელურად ეკრანზე ნაჩვენებია სტატია, რომელიც ევროპარლამენტარების მიერ ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოკითხვას ეხება. სქრინშოტი წამყვანის ციტატის ფონზე ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ქმრის კომპანიის გამო გამოკითხეს. რეალურად, საქმე ეხებოდა ე.წ. Pfizergate-ის სკანდალს, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც The New York Times-ის ჟურნალისტმა მატინა სტევიმ უარი მიიღო მოთხოვნაზე, რომელიც მიზნად ისახავდა 2021-2022 წლებში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორ ალბერტ ბურლას შორის გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებების გასაჯაროებას. მოლაპარაკებები ვაქცინების შესყიდვასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. 2025 წელს ევროკავშირის გენერალურმა სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკომისიამ შეტყობინებების გასაჯაროვებაზე უარის თქმით არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლოს განცხადებით, კომისიამ ვერ წარმოადგინა დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ შეტყობინებები არ არსებობდა ან არ შეიცავდა მნიშვნელოვნად საჯარო ინფორმაციას. შესაბამისად, მან დააკმაყოფილა The New York Times-ის სარჩელი და კომისიის გადაწყვეტილება არალეგიტიმურად ცნო.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის მეუღლეს, ჰეიკო ფონ დერ ლაიენი, არ ფიგურირებდა ე.წ. „ფაიზერგეითის“ სკანდალში. ის არ იყო ნახსენები სასამართლო პროცესებში, მედიის რეპორტაჟებსა და ოფიციალურ გამოძიებაში. დავა მხოლოდ ევროკომისიის მიერ მის პრეზიდენტსა და „ფაიზერის“ აღმასრულებელ დირექტორს შორის ტექსტური შეტყობინებების გამჟღავნებაზე უარის თქმას ეხებოდა. ამას არაფერი ჰქონდა საერთო ჰეიკო ფონ დერ ლაიენის დასაქმებასთან ან კავშირებთან.

შეჯამებისთვის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ქმრის ფაიზერთან კავშირების შესახებ მტკიცება  დეზინფორმაციაა. ჰეიკო ფონ დერ ლაიენი Orgenesis-ის სამედიცინო დირექტორია, რომელსაც ფაიზერი არ ფლობს.  სქრინშოტზე ნაჩვენები სტატია Pfizergate-ის გამჭვირვალობის საქმეს ეხება, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტის ქმართან კავშირი არ ჰქონდა.  


მოამზადა მარიამ მაისურაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist