4 მარტს სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებაა აღბეჭდილი. პოსტის აღწერაში აღნიშნულია, რომ ფოტოზე ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინია გამოსახული, რომელიც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის არის შედარებული.
მსგავსი ვიზუალის მქონე ფოტო, სადაც ასევე სანა მარინი ჩანს, 2022 წლის 20 აგვისტოს რუსულენოვან სატირულ ტელეგრამ არხზე Политический Юмор გამოქვეყნდა. იმავე პერიოდში ფოტო რუსულენოვან სოციალურ ქსელში, ВКонтакте და რუსულ გასართობ პორტალზე Fishki.net-ზეც გავრცელდა.
გავრცელებული ფოტო პროგრამულად არის დამუშავებული. სანა მარინის სახე ჩასმულია ახალგაზრდა ქალის ფოტოზე, რომელიც ნარკოტიკულ ნივთიერებას მოიხმარს.
ორიგინალი ფოტო, რომელშიც ფინეთის პრემიერ-მინისტრის სახე პროგრამულად არის ჩასმული, გამოქვეყნებულია კომერციული მიზნით გამოსაყენებელი ვიზუალური მასალების პლატფორმებზე – Аlamy და Shutterstock.
ფოტო მედიასაშუალებებს ნაკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულების ილუსტრირების მიზნით აქვთ გამოყენებული და მას არაფერი აქვს საერთო ფინეთის პრემიერ-მინისტრთან.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის აგვისტოში წვეულებაზე გადაღებული სანა მარინის ვიდეო გავრცელდა, რასაც ფინეთში საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. ვიდეოს გავრცელების შემდეგ მარინს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასა და თანამდებობისთვის შეუფერებელ ქცევაში ადანაშაულებდნენ. 19 აგვისტოს მარინმა ნარკოტესტი გაიარა, რომლის შედეგებიც უარყოფითი იყო. ტესტი ამფეტამინებზე, ბარბიტურატებზე, კანაფზე, დექსტროპროპოქსიფენზე, კოკაინზე, მეტადონზე და მთელ რიგ სხვა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე გაკეთდა. მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნარკოტესტის საფასური პრემიერ-მინისტრმა საკუთარი ხარჯებით დაფარა. გარდა ამისა ფინეთის იუსტიციის კანცლერის ოფისმა, დამოუკიდებელმა ორგანომ, რომელიც მინისტრების ქმედებების კანონიერების დაკვირვებაზეა პასუხისმგებელი, მარინის შემთხვევის განხილვის შემდეგ, განაცხადა, რომ დარღვევა არ გამოვლენილა. იუსტიციის კანცლერის, ტოუმას პეისტის, გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრის მოვალების შესრულებისას მისი ქმედებების კანონიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
ფეისბუქზე გავრცელებული პოსტის აღწერაში, მარინი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთანაა შედარებული. სხვადასხვა ვიზუალური მანიპულაცია, რომ თითქოს ზელენსკი კოკაინს მოიხმარს, “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა:
- ჩრდილები, ტელეფონის დამტენები თუ კოკაინი – რა ჩანს ზელენსკის სამუშაო მაგიდაზე?
- ზელენსკისა და მასკის საუბრის პროგრამულად დამუშავებულ ვიდეოში კოკაინი და საბანკო ბარათია დამატებული
- ყავა, ნარკოტიკები თუ სპორტი – რაზე საუბრობდა ზელენსკი რეალურად?
წყაროს შესახებ:
სატირული ტელეგრამ-არხი Политический Юмор პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებულ იუმორისტული შინაარსის პოსტებს ავრცელებს. არხის მიერ გამოქვეყნებული სატირული პოსტები კრემლის პროპაგანდისტულ მედიას და სოციალური ქსელების მომხმარებლებს როგორც რეალური ამბავი არაერთხელ გაუვრცელებიათ. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- ვინ ითხოვს დასავლეთ უკრაინის პოლონეთისთვის გადაცემას: მორავიეცკი თუ А ВОТ МОЙ ЯНДЕКС КОШЕЛЕК?
- იმუქრება თუ არა ზელენსკი ევროკავშირის წევრობის განაცხადის გატანით, თუ გერმანია უკრაინას ტანკებს არ გადასცემს?
- როგორ გავრცელდა სატირული პოსტი ოლაფ შოლცზე?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.