15 აგვისტოს პრორუსული პარტია “კონსერვატიული მოძრაობა – ალტ ინფოს” მხარდამჭერმა, ნინი ხუნდაძემ, რომელსაც დეზინფორმაცია წარსულში არაერთხელ გამოუქვეყნებია, ფეისბუქზე ახლადშექმნილი პარტია “ფედერალისტების” მოკლე ვიდეო (ე.წ. რილსი) გაავრცელა. ვიდეოში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია “ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებასა და მის დამარცხებაზე საუბრობს, მის სიტყვებს კი ებმის პარტიის კიდევ ერთი წარმომადგენლის, გიორგი ახალაიას ფრაზა, რომელშიც ერთ-ერთ სიტყვას ცენზურა ადევს და მაყურებელი ისმენს: “სწორედ ამიტომ დავირქვით **დერასტები”. ვიდეოს აღწერაში ავტორი წერს: “რაო რა დავარქვიო?”
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, რომელშიც პარტია “ფედერალისტების” წევრები საუბრობენ, რედაქტირებულია. ვიდეოს იმ ნაწილში, რომლის რედაქტირებული ვერსიაც გავრცელდა, გიორგი ახალაია ამბობს: “სწორედ ამიტომ დავირქვით ფედერალისტები”.
15 აგვისტოს ახალშექმნილი პოლიტიკური პარტიის ფეისბუქ-გვერდზე ვიდეო გამოქვეყნდა. აღნიშნული ვიდეორგოლით, რომელშიც წევრები და ლიდერები საკუთარ მიზნებსა და პოზიციებზე საუბრობენ, პარტიამ ამომრჩეველს დაფუძნების შესახებ შეატყობინა. ვიდეოში მონაწილე პირები ხსნიან, თუ რატომ შეარჩიეს პარტიის აღნიშნული სახელი და რატომაა სახელმწიფოს ფედერალისტური მოწყობა მათთვის მისაღები.
ვიდეორგოლი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის სიტყვით იწყება. მოგვიანებით კი გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილის საფრთხესა და მისი დამარცხების გზებზე საუბრობს. ბოკერიას ეპიზოდის შემდგომ კადრში გიორგი ნონიაშვილი ჩნდება, ის ამბობს, რომ ხელისუფლების ცვლილებისათვის საჭიროა, ამომრჩეველმა ალტერნატივა დაინახოს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ამოჭრილი და შეერთებულია გიგა ბოკერიას და პარტიის კიდევ ერთი წარმომადგენლის, გიორგი ახალაიას ფრაზები. ახალაია ვიდეოს 1:30 წუთზე ამბობს სიტყვებს: “სწორედ ამიტომ დავირქვით ფედერალისტები”. თუმცა, ბოლო სიტყვას ცენზურა აქვს დადებული, რის გამოც მაყურებელს ექმნება შთაბეჭდილება, რომ ახალაია ამბობს სიტყვას *ედერასტები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
მსგავსი ვიდეომანიპულაციების სამიზნე პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები ადრეც გამხდარან. “მითების დეტექტორმა” წარსულშიც მსგავსი არაერთი ვიდეო გადაამოწმა:
- ფეისბუქზე მამუკა ხაზარაძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
- ფეისბუქზე ჯაფარიძის “სიცრუის დეტექტორში” სტუმრობის დარედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
- “არ აგარევინებთ” ჯაფარიძის “სიცრუის დეტექტორში” სტუმრობის დამონტაჟებულ ვიდეოს ავრცელებს
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.





















