18-19 ნოემბერს ფეისბუქზე აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს რიკოთის გვირაბი ჩამოინგრა. ინფორმაცია უმეტესად ეყრდნობოდა 18 ნოემბერს ყალბი ფეისბუკ-ანგარიშის “ბიწაძე ნანას” პოსტს, რომელსაც თანდართული ჰქონდა ვიდეოც.
ამჟამად, ფეისბუქ-ანგარიშს პოსტი დარედაქტირებულია, შეცვლილია პოსტის აღწერა და ვიდეო. ცვლილებების ნახვა პოსტის რედაქტირების ისტორიაშია შესაძლებელი, სადაც ჩანს, რომ რეაქციების უმეტესობა სწორედ პოსტის თავდაპირველმა ვერსიამ დააგროვა.
ფეისბუქის მონიტორინგის ხელსაწყო Crowdtangle-ით საძიებო სიტყვების “რიკოთის გვირაბი ჩამოინგრა” ძიებისას ჩანს, რომ ერთი და იგივე პოსტი 18 და 19 ნოემბერს სულ მცირე 5 ჯგუფში გაზიარდა.
ინფორმაცია რიკოთის გვირაბის ჩამონგრევის შესახებ ყალბია. ვიდეო, რომელიც თავდაპირველად პოსტს თანდართული ჰქონდა, თურქეთში, 2023 წლის ივლისშია გადაღებული. გარდა ამისა “მითების დეტექტორს” საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურმა დაუდასტურა, რომ ბოლო დღეებში რიკოთის უღელტეხილზე გვირაბის ან გზის რაიმე სახის დაზიანება არ მომხდარა.
ამჟამად იმ ჯგუფების ნაწილში, სადაც ყალბი ინფორმაცია ზიარდებოდა, პოსტი წაშლილია, რამდენიმე კი კვლავ ხელმისაწვდომია. პოსტებზე გადასვლილისას, ჩანს, რომ ჯგუფებში “ბიწაძე ნანას” პოსტია გაზიარებული, ამჟამად რედაქტირებული სახით, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხება.
CrowdTanglе-ის ძიების შედეგებში ჯერ კიდევ ჩანს ძველი ვიდეოს კადრი, რომლის საშუალებითაც, ფოტოს უკუძიების ინტერნეტ-ხელსაწყოების გამოყენებით, ვიდეოს პოვნა გახდა შესაძლებელი.
ვიდეო 2023 წლის ივლისში თურქეთშია გადაღებული და ორდუს პროვინციაში, ქალაქ ორდუსა და მესუდიეს დამაკავშირებელ გზაზე გვირაბის წინ გზის ჩანგრევას ასახავს. ნგრევა სამი დღის განმავლობაში ძლიერ წვიმას მოჰყვა. დაზიანებული გზა ხმელთაშუაზღვისა და შავი ზღვის დამაკავშირებული სარტრანზიტო მარშუტის ნაწილია.
ბიწაძე ნანას მიერ თავდაპირველად გამოქვეყნებული ვიდეოს კადრი | კადრი 2023 წლის ივლისის მეწყრის ამსახველი ვიდეოდან |
![]() |
![]() |
“მითების დეტექტორი” ასევე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ რიკოთის გზაზე ბოლო დღეებში რაიმე სახის ნგრევას და დაზიანებას ადგილი არ ჰქონია.
აღსანიშნავია, რომ რიკოთზე გვირაბის ჩამონგრევაზე ვიდეომანიპულაცია 2023 წლის ივლისშიც გავრცელდა, რომელიც “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა:
წყაროს შესახებ:
ყალბი ფეისბუქ-ანგარიში “ბიწაძე ნანა” ყალბ ინფორმაციას სისტემატიურად აქვეყნებს. 2020 წელს აღნიშნული ანგარიში გვერდმა ვინ ვინ არის – Vin Vin Aris შეისწავლა და დაადგინა, რომ ის Альона Тимончук-ის ფოტოებს იპარავს. ანგარიში “ბიწაძე ნანა” დაკავშირებულია მეორე ფეისბუკ-ანგარიშ “მრისხანე ბაბუაწვერასთან”, რომელსაც თედო აბაშიძე მართავს. თედო აბაშიძე სხვადასხვა პოლიტიკოსის ყალბ ციტატებს ძირითადად ირონიული შინაარსით აქვეყნებს, თუმცა არ უთითებს, რომ ინფორმაცია სატირულია, ხოლო ფეისბუკ მომხმარებლების ნაწილი პოსტებს რეალურ ამბად აღიქვამს.
“ბიწაძე ნანას” მიერ გავრცელებული ყალბი პოსტები “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ:
- საპატრიარქოს სახელით “გამონათვლის პროცედურაზე” ყალბი ინფორმაცია ვრცელდება
- უკრაინაში ქართველი მებრძოლის, გიორგი წიკლაურის დაღუპვაზე ყალბი ინფორმაცია ვრცელდება
- ბაია პატარაიას და იაგო ხვიჩიას სახელით გაყალბებული პოსტები ვრცელდება
- ფოტოფაბრიკაცია, თითქოს ომის ვეტერანი სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის გამო დააკავეს
- ინფორმაციას, თითქოს ქართველ მომვლელს “ნაპოლის” ჩემპიონობის გამო ბინა აჩუქეს, ტროლი ავრცელებს
- სააკაშვილის შესახებ ირაკლი კობახიძის ყალბი ციტატა ვრცელდება
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.