რეალურად, რამდენია პენსია ბალტიის ქვეყნებში, რუმინეთსა და ბულგარეთში?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

პენსია
71
VIEWS

11 ნოემბერს დეზინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა, ირმა ხახუტაიშვილმა საკუთარ ორ ანგარიშზე გაავრცელა იდენტური პოსტი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში პენსიის რაოდენობას შეეხება. კერძოდ, ის წერს, რომ ბალტიის ქვეყნებსა და რუმინეთში ეს თანხა 350$-ს, ბულგარეთში კი 300$-ს უდრის, რაც მიახლოებით 800-900 ლარის ტოლია. ის აღნიშნავს, რომ ეს სახელმწიფოები უკვე 20 წელია ევროკავშირში არიან, რაც ამტკიცებს, რომ ორგანიზაციის წევრობა ავტომატურად მაღალ პენსიებს არ ნიშნავს. 

პენსია

ირმა ხახუტაიშვილის მტკიცება, თითქოს მის პოსტში აღნიშნულ ქვეყნებში პენსია მხოლოდ 350$-ა, მანიპულაციურია. რეალურად, ამ სახელმწიფოებში საპენსიო სისტემები კომპლექსურია და რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, რის შედეგადაც პენსიის საშუალო რაოდენობა, რასაც პენსიონერთა უმრავლესობა იღებს, აღემატება პოსტში მოყვანილ რიცხვებს. 

ფეისბუქ-მომხმარებელი არ წერს, თუ რომელ წყაროებს ეყრდნობა ხსენებულ ქვეყნებში არსებულ პენსიებზე საუბრისას. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ამ სახელმწიფოებში საპენსიო სისტემები საკმაოდ კომპლექსურია და თითოეული პენსიონერისთვის თანხა გამოითხვლება მათ მიერ დაგროვებული სამუშაო წლებით, გადახდილი საშემოსავლო გადასახადებითა და სხვა ბონუსებით. შესაბამისად, ყველას შემთხვევაში ერთი კონკრეტული რიცხვი არ არსებობს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ევრონიუსის მონაცემებით, ჯერ კიდევ 2022 წელს, ბულგარეთის გარდა, ყველა ნახსენებ სახელმწიფოში საშუალო პენსიის რაოდენობა აღემატებოდა პოსტში მოცემულ რიცხვს. მონაცემების მიხედვით, 3 წლის წინ ესტონეთში პენსიის საშუალო რაოდენობა 611 ევროს, ლატვიაში 474 ევროს, ლიეტუვაში 444 ევროს, რუმინეთში 424 ევროს, ხოლო ბულგარეთში 301 ევროს (დაახლოებით 350$) შეადგენდა. 

პენსია
2022 წელს საშუალო პენსიის რაოდენობა ევროკავშირის წევრი და კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებში (ზოგიერთი ქვეყნის მონაცემი წინასწარი ან/და სავარაუდო იყო)
  • ესტონეთი

ესტონეთში 2026 წლიდან საპენსიო ასაკად 65 წელი განისაზღვრება. პენსიის მიღება შეუძლია საპენსიო ასაკს მიღწეულ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც გააჩნია მინიმუმ 15 წლიანი საპენსიო სტაჟი. სტაჟში იგულისხმება ცხოვრების მანძილზე დაგროვებული ისეთი აქტივობები, როგორიცაა სწავლა და მუშაობა. იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მისი პენსიის რაოდენობა რამდენიმე კომპონენტისგან გამოითვლება – საწყისი თანხა, რომელიც 377 ევროს შეადგენს, რასაც ემატება ბონუსები, რომელიც გამოითვლება პიროვნების მუშაობის წლების, გადახდილი საშემოსავლო გადასახებისა და სხვა კონტრიბუციებისგან. 2025 წლის ოფიციალური მონაცემებით, საშუალო ასაკობრივი პენსიის თანხა, წინა წელთან შედარებით, 5.7%-ით გაიზარდა და ის 817 ევროს შეადგენს. პენსიის რაოდენობა ქვეყანაში ყოველწიურად იზრდება. მაგალითად, 2024 წელთან შედარებით ზრდამ 43 ევრო შეადგინა.

უნდა აღინიშნოს, რომ ესტონეთში საპენსიო ასაკს მიღწეული პიროვნება იმ შემთხვევაშიც იღებს პენსიას, თუ მას 15 წლიანი საპენსიო სტაჟი არ გააჩნია. კერძოდ, თუ ასეთი პირი განაცხადის შევსებამდე ბოლო 5 წელი ესტონეთში ცხოვრობს, მას დაენიშნება “ეროვნული პენსია”, რომელიც 393 ევროს შეადგენს.

  • ლიეტუვა

ესტონეთის მსგავსად, საპენსიო ასაკი 2026 წლიდან ლიეტუვაშიც 65 წელს გაუთანაბრდება. პენსიის მისაღებად ასაკთან ერთად საჭიროა მინიმუმ 15 წლიანი საპენსიო სტაჟი, რომელშიც იგულისხმება საქმიანობა, რა დროსაც პიროვნება იხდიდა საშემოსავლო გადასახადს და კონტრიბუცია შექონდა ქვეყნის ბიუჯეტში. აღსანიშნავია, რომ სრული პენსიის მისაღებად საჭიროა 34 წლიანი სოციალური დაზღვევის სტატუსის ქონა, რა შემთხვევაშიც მათი პენსია შედარებით მაღალია. ლიეტუვის შემთხვევაშიც, პენსია რამდენიმე კომპონენტისგან გამოითვლება და ითვალისწინებს ადამიანის სამუშაო წლებსა და კონტრიბუციებს. ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წელს მინიმალური სამსახურის ხანგრძლივობის მქონე ხანდაზმული მოქალაქეებისთვის, საშუალო პენსია 640 ევროს შეადგენდა, 2025 წელს კი ის 721 ევრომდე გაიზარდა. ხოლო იმ მოქალაქეთა საშუალო პენსია, რომლებიც აკმაყოფილებენ მინიმუმ 15 წლიანი მუშაობის კატეგორიას, თუმცა ვერ მიაღწიეს 34 წლიან ზღვარს, 600-დან 673 ევრომდე გაიზარდა

ზემოაღნიშნული პენსიების გარდა, ქვეყანაში მოქმედებს კიდევ რამდენიმე განსხვავებული ტიპის პენსია, საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანებისთვის. ისინი ითვალისწინებს შეზღუდულ შესაძლებლობას, მარტოხელა მშობლის სტატუსს და ა.შ. ეს თანხები განსხვავდება და, როგორც წესი, ჩვეულებრივ პენსიაზე ბევრად დაბალია და პიროვნებისათვის ძირითადი საჭიროებების ანაზღაურებაში დახმარებას გულისხმობს. მათ შორისაა სოციალური დახმარების პენსიაც, რომლის მიღება რამდენიმე კატეგორიის პირისთვის არის შესაძლებელი, მათ შორის, მათთვის, ვინც მიაღწიეს საპენსიო ასაკს, თუმცა ვერ აკმაყოფილებენ მოთხოვნილ მინიმუმ 15 წლიან სამუშაო/საგადასახადო კონტრიბუციებს. მათი რაოდენობა პენსიონერების 6.5% შეადგენს, რომლებიც 2024 წელს ამ სისტემიდან ყოველთვიურად 197 ევროს იღებდნენ. 

  • ლატვია

ბალტიის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ლატვიაში საპენსიო ასაკად უკვე არის განსაზღვრული 65 წელი. ამასთანავე, პენსიის მისაღებად აუცილებელია მინიმუმ 20 წლიანი სამუშაო/საგდასახადო სტაჟი. თუმცა, ლატვიის შემთხვევაშიც პენსიის თანხა რამდენიმე კომპონენტისგან ითვლება და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამუშაო წლების რაოდენობას. პირს, რომელიც მიაღწევს საპენსიო ასაკს, მაგრამ არ აკმაყოფილებს მოთხოვნილ 20 წლიან სამუშაო გამოცდილებას, შეუძლია მიიღოს სახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფის შეღავათი, რომელიც ამჟამად 166 ევროს უდრის. 2025 წლის ივნისში, ქვეყანაში საშუალო პენსიის რაოდენობამ 624 ევრო შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ამ თვეში საშუალო პენსიის რაოდენობა მუნიციპალიტეტებს შორის, 515-დან 780 ევრომდე მერყეობდა. 

  • რუმინეთი

საპენსიო ასაკი რუმინეთის შემთხვევაშიც 65 წელს უდრის. იმისათვის, რომ მოქალაქემ, ან მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირმა პენსია მიიღოს, ვალდებულია მინიმუმ 15 წელი იყოს ჩართული საპენსიო პროგრამაში, თუმცა სრულ საკონტრიბუციო პერიოდად 35 წელი არის განსაზღვული. საპენსიო სისტემა ბალტიის ქვეყნებისაზე კომპლექსურია და ყოველთვიურად დაგროვებული ქულებით გამოიანგარიშება. რუმინეთის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში საპენსიო ასაკს მიღწეულმა 3,931,000 ადამიანმა მიიღო პენსია, რომლის საშუალო რაოდენობამ 3239 რუმინული ლეი შეადგინა, რაც დაახლოებით 637 ევროს უდრის. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში ეს რიცხვი 2683 ლეის, ანუ დაახლოებით 527 ევროს უდრიდა. 3,931,000 ადამიანიდან 3,204,000 აკმაყოფილებდა მინიმუმ 35 წლიან სამუშაო გამოცდილების კრიტერიუმს და შედეგად მათი საშუალო პენსია 3407 ლეი-ს (670 ევრო) უდრიდა, ხოლო იმ 727,000 პირს, რომელმაც ვერ შეასრულა აღნიშნული კრიტერიუმი, საშუალოდ 2502 ლეი (492 ევრო) ერგო. 

image 51 | mythdetector.com
წყარო: რუმინეთის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტი
  • ბულგარეთი

ბულგარეთში საპენსიო ასაკი ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მუდმივად იმატებს, ქალებისთვის 2 თვით, კაცებისათვის კი 1 თვით. მთავრობის მიზანია, რომ 2037 წელს ეს ასაკი ერთმანეთთან გათანაბრდეს და 65 წელს მიაღწიოს. ასევე მუდმივად იზრდება მოთხოვნები სრული პენსიის მისაღებადაც. მიმდინარე წელს, ამისათვის კაცებს უნდა გააჩნდეთ 39 წლის და 8 თვიანი საპენსიო სტაჟი, ხოლო ქალებს 36 წელი და 8 თვე მოეთხოვებათ. იმ შემთხვევაში თუ პირი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, თუმცა უკვე შეუსრულდა 70 წელი და მისი შემოსავალი ძალიან დაბალია ან საერთოდ არ გააჩნია, ენიშნება სახელმწიფოს სოციალური პენსია, რომელიც 2025 წელს 333 ლევას, დაახლოებით 170 ევროს უდრის. აღსანიშნია, რომ მიმდინარე წელს პენსიის ამ შესაძლებლობით მხოლოდ 6000 ადამიანი სარგებლობს. რაც შეეხება პენსიის რაოდენობას იმ ხალხისთვის, რომლებიც ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ, მათი რაოდენობა 1,200,000-ს აღემატება და 1 ივლისიდან მათ მიერ მიღებული პენსიის მინიმალური რაოდენობა 630 ლევად განისაზღვრა, რაც დაახლოებით 322 ევროს ტოლფასია. თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პენსიის საშუალო რაოდენობამ წლის დასაწყისში 929 ლევა (475 ევრო) შეადგინა და მომდევნო წლის ბიუჯეტის მიხედვით, 541 ევრომდე, მინიმალური პენსია კი 346 ევრომდე გაიზრდება. ასევე იზრდება სოციალური პენსიის რაოდენობაც, დაახლოებით 7.5%-ით. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ბულგარეთი, რუმინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist