20 ნოემბერს დეზინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ანგარიშმა “ირმა ხახუტაიშვილი” გამოაქვეყნა სამთავრობო ტელევიზია POSTV-ის საინფორმაციო ბარათი, რომელზეც წერია: “ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი მკაცრად გმობს აქციის მონაწილეების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმას.” ანგარიში პოსტის აღწერაში წერს: “აჰა დაინახეს მოუწევთ ბევრი რამის დანახვა.” მომხმარებლების ნაწილი აღიქვამს, რომ ელჩმა მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების ჟურნალისტზე ძალადობა დაგმო.
POSTV-ის საინფორმაციო ბარათის საფუძველზე შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება. მასზე დატანილი ციტატა კი ჰერჩინსკის არ ეკუთვნის. POSTV ფეისბუქ პოსტში უთითებს, რომ ელჩი მსგავს განცხადებას მაშინ გააკეთებდა, თუ დემონსტრანტების მიერ ძალადობის ობიექტი “იმედის” ჟურნალისტის ნაცვლად “მთავარი არხის” ჟურნალისტი იქნებოდა. თუმცა, ამ აღწერის გარეშე საინფორმაციო ბარათის გამოყენება მკითხველს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ჰერჩინსკიმ აღნიშნული განცხადება მართლაც გააკეთა.
საინფორმაციო ბარათი, რომელსაც ფეისბუქ მომხმარებლების ნაწილი რეალურად აღიქვამს და პაველ ჰერჩინსკის ციტატაა დატანილი, POSTV-ის ფეისბუქის გვერდზე 19 ნოემბერს გამოქვეყნდა. გარდა ევროკავშირის ელჩის ციტატისა, სამთავრობო მედიამ ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის იდენტური განცხადებაც გაავრცელა. ორივე პოსტის აღწერაში ტელევიზია მიუთითებს, რომ ისინი რეალური არ არის და წერს: “ასეთი იქნებოდა ახალი ამბავი, “ტვ იმედის” ადგილზე “მთავარი არხი” რომ ყოფილიყო!” საინფორმაციო ბარათი, რომელზეც აშშ-ის ელჩის ყალბი ციტატაა დატანილი, POSTV-მ 11 საათით დაასპონსორა.
აღსანიშნავია, რომ საელჩოს პაველ ჰერჩინსკის მსგავსი ციტატა, რომელშიც ის საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობას გმობს, რეპუტაციულ მედიაში (1, 2, 3), საელჩოს ვებგვერდებსა და სოციალური ქსელის გვერდებზე არ გამოქვეყნებულა. ამის საპირისპიროდ, ევროკავშირის საელჩომ 20 ნოემბერს სოციალურ ქსელში დაწერა: “საქართველოში, ახალგაზრდები საკუთარი უფლებების, თავისუფლებისა და მათი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან. ჩვენ მათ გვერდით მტკიცედ ვდგავართ და ხაზს ვუსვამთ მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის აუცილებლობას.”
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგის წინააღმდეგ თბილისში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის პარალელურად, სამთავრობო ტელევიზია “იმედი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ დემონსტრანტები მათ გადამღებ ჯფუფს სიტყვიერ თუ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელს უშლიან. 19 ნოემბერს “იმედმა” გაავრცელა განცხადება, რომ მათი გადამღები ჯგუფისათვის საქმიანობის ხელის შეშლისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე რეაგირებისთვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. მოგვიანებით მათ ასევე განაცხადეს, რომ უსაფრთხოების მიზნით საპროტესტო აქციიდან გადამღები ჯგუფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. ამასთანავე, 19 ნოემბერს რამდენიმე დამოუკიდებელმა ონლაინმედიამ საერთო განცხადება გაავრცელა, რომელშიც იმავე დღეს, საპროტესტო აქციაზე, ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტებზე საუბრობდნენ.
ტელეკომპანია POSTV თავადაც ხშირად ავრცელებს მცდარ ინფორმაციას. მიმდინარე თვეში მათ საპროტესტო აქციებთან და პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებული მცდარი ინფორმაცია თუ მანიპულაციური ფოტო-ვიდეო მასალა გაავრცელეს. “მითების დეტექტორი” მედიას აკვირდება და მათ პოსტებს სისტემატურად იკვლევს.
წყაროს შესახებ:
ირმა ხახუტაიშვილი “ქართული ოცნების” მხარდამჭერია. ის სოციალურ ქსელში სისტემატურად აქვეყნებს ანტიდასავლური შინაარსის, ასევე ქართული ოპოზიციის საწინააღმდეგო ცნობებსა და ყალბ ამბებს. მის მიერ გამოქვეყნებული პოსტები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა და ისიც დაადგინა, რომ აღნიშნული ანგარიში ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიასა და პარტია “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმართულ დისკრედიტაციის კამპანიებშიც მონაწილეობდა.
არქივის ბმული
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.