4 თებერვალს ფეისბუქ-მომხმარებლებმა, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ბონდო მძინარაშვილმა, გაავრცელეს (1,2,3,4,5,6) ფოტო, რომელზეც მაღალი თივის ზვინების და ტრაქტორების ფონზე ეიფელის კოშკი ჩანს. ზოგიერთი ფეისბუქ მომხმარებელი ფოტოს პარიზში ფერმერების მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირებს.
იგივე ფოტო რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებლებმაც აქტიურად გაავრცელეს (1,2,3,4,5,6).
გავრცელებული ფოტო რეალობას არ ასახავს და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის შექმნილი.
გავრცელებული ფოტო 1 თებერვალს ინსტაგრამზე მომხმარებელმა ifonly.ai გამოაქვეყნა. თუმცა მას შემდეგ რაც სურათი სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა, ifonly.ai-იმ ის თავისი პროფილიდან აიღო. ifonly.ai-ის პროფილის თანახმად, ის არტისტია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის პროგრამის Midjourney-ის გამოყენებით ქმნის სხვადასხვა ვიზუალებს. თივის ზვინების და ეიფელის კოშკის სურათზე ifonly.ai-ს მითითებული აქვს, რომ ვიზუალი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის გენერირებული. აღსანიშნავია, რომ პოსტში აღწერაში, ifonly.ai ასევე ითხოვს, ყალბი ინფორმაციის გავრცელების თავიდან არიდებს მიზნით ფოტოების გავრცელების დროს მითითებული იყოს, რომ ის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის შექმნილი და რეალობას არ ასახავს.
მას შემდეგ რაც ფოტო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა და რამდენიმე გამოცემამ ის გადაამოწმა, ifonly.ai-მ ფოტო წაშალა. ინსტაგრამ-სთორისში მან რამდენიმე პოსტი გამოქავეყნა, საიდანაც ჩანს, რომ მისი პოსტი იტალიური ფაქტების გადამოწმების სამსახურის Оpen-ის მასალით მოინიშნა, რის გამოც მან მოგვიანებით ფოტო ანგარიშიდან წაშალა.
ifonly.ai-იმ იმავე თემატიკაზე სხვა ფოტოებიც გამოაქვეყნა, რომელიც ამჟამად მის ანგარიშზე ხელმისაწვდომია. ფოტოები საფრანგეთში გამართულ ფერმერების საპროტესტო გამოსვლებს უკავშირდება.
იანვრის ბოლოს საფრანგეთში ფერმერების ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები გაიმართა. ფერმერებმა პარიზში შემავალი მნიშვნელოვანი მაგისტრალები ტრაქტორებით გადაკეტეს. პროტესტი პარიზსაც შეეხო და დედაქალაქში ფერმერებმა სამთავრობო შენობების წინ სასუქი და გაფუჭებული პროდუქტები დაყარეს. ფერმერები სხვადასხვა მიზეზით – იაფი იმპორტირებული პროდუქციის მოცულობის ზრდის, სუბსიდიების ნაკლებობის და წარმოების გაზრდილი ფასის გამო ბოლო წლებში გაუარესებულ ფინანსურ მდგომარეობას აპროტესტებენ. პროტესტის შედეგად, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალი ფერმერებს ცვლილებებს დაჰპირდა, მათ შორის ფინანსურ სუბსიდიებს, გადასახადებზე შეღავათებს და შეთანხმებას, აიკრძალოს სოფლის მეურნეობის იმ პროდუქტების იმპორტი, რომლებიც ევროკავშირში აკრძალული პესტიციდებით მოჰყავთ. მთავრობის დათმობების შემდეგ საფრანგეთის ფერმერების ორმა უდიდესმა პროფკავშირმა “ახალგაზრდა ფერმერებმა” და “ფერმერების პროფკავშირების ეროვნულმა ფედერაციამ” პროტესტი დასრულებულად გამოაცხადა. ფერმერებმა ევროპის სხვა ქვეყნებშიც გამართეს საპროტესტო აქციები.
წყაროების შესახებ:
ბონდო მძინარაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი და ტვ “ობიექტივის” ყოფილი მთავარი რედაქტორია. მის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია.
ფეისბუქ-მომხმარებლის Levan Mamforia-ის ერთ-ერთი პროფილის მიხედვით, ის ჩხოროწყუში პარტია კონსერვატიული მოძრაობის წევრია. მამფორიას რამდენიმე ფეისბუქ-პროფილი აქვს (1,2,3) და აქტიურად აქვეყნებს კონსერვატიული მოძრაობის და ალტ-ინფოს მხარდამჭერ პოსტებს. მამფორიას მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა (1,2).
ფეისბუქ-მომხმარებელი დავითი დადიანი რეგულარულად აქვეყნებს ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს. დადიანის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.