2024 წლის 29 ნოემბერს “ქართული ოცნების” კომუნიკაციების დეპარტამენტის პლატფორმამ “სინამდვილეში” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის 4 წლით შეჩერებაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადება დეზინფორმაციად შეაფასა. გვერდის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლება მიჰყვება ასოცირების შეთანხმებას და 2028 წლისთვის შეთანხმების 90% შესრულებული ექნება. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, პაველ ჰერჩინსკი “დეზინფორმაციის კამპანიაში” ჩაერთო.
რეალურად, მოლაპარაკებები ინტეგრაციის ფორმალური და აუცილებელი ნაწილია. შესაბამისად, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ საქართველო წყვეტს მოლაპარაკების პროცესს ევროკავშირთან, ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტად განიხილება. სრული ინტეგრაციისთვის საქართველოს ასოცირების ხელშეკრეულებით ნაკისრ ვალდებულებებთან ერთად სხვა მოთხოვნების შესრულებაც უწევს, რადგან ასოცირების ხელშეკრულების შესრულება ევროკავშირში ინტეგრაციას პირდაპირ არ უკავშირდება და მხოლოდ მისი შესრულება საკმარისი არ არის.
დეტალებს, თუ რას ნიშნავს ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტა და საკმარისია თუ არა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ქვემოთ მიმოვიხილავთ.
-
რა გზას გადის ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებამდე?
28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირთან 2028 წლამდე მოლაპარაკებებზე და საბიუჯეტო გრანტებზე უარს ამბობს. მისივე სიტყვებით, საქართველო კვლავს განაგრძობს ეკონომიკურ და დემოკრატიულ განვითარებას და 2028 წელს ის მზად იქნება, რომ 2030 წელს ევროკავშირში გაწევრიანდეს.
ირაკლი კობახიძე: “მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და როგორც დღეს დამტკიცებულ სამთავრობო პროგრამაშია აღნიშნული, 2028 წლისთვის ამ ვალდებულებების 90 პროცენტზე მეტი გვექნება შესრულებული. ამასთან, ყველა ამ ვალდებულებას შევასრულებთ საკუთარი დაფინანსებით, ევროკავშირის ყოველგვარი ფინანსური დახმარების გარეშე. ჩვენ ვაპირებთ არა მათხოვრობით და ცალ ფეხზე დგომით ევროკავშირში შესვლას, არამედ ევროკავშირში ღირსეულად გაწევრიანებას, გამართული დემოკრატიული სისტემითა და ძლიერი ეკონომიკით”.
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი სამ ძირითად ეტაპს მოიცავს. ესენია: კანდიდატის სტატუსის მინიჭება, გაწევრიანების მოლაპარაკებები და ხელშეკრულების რატიფიცირება.
კანდიდატის სტატუსს სახელწმიფოს ევროპული საბჭო ანიჭებს, მას შემდეგ რაც ევროკომისია აღნიშნულ რეკომენდაციას გასცემს. შემდგომში საბჭო და კანდიდატი ქვეყანა უნდა შეთანხმდნენ გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩოზე. კანდიდატი ქვეყნები ამ დროს ასევე იღებენ ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას გაწევრიანების პროცესში, რომელიც მნიშვნელოვანი რესურსია რეფორმების განსახორციელებლად. ამის შემდეგ სახელმწიფო იწყებს საკუთარი კანონების ევროკავშირთან შესაბამისობას, რის შემდეგადაც იწყება მოლაპარაკებების პროცესი.
თუ პროცესმა წარმატებით ჩაიარა, ფორმდება ხელშეკრულება კანდიდატ სახელმწიფოსა და ევროკავშირს შორის, შემდეგ კი კანდიდატ სახელმწიფოსა და ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს შორის. ამის შედეგად, სახელმწიფო ევროკავშირის წევრი ხდება.
კანდიდატის სტატუსი საქართველომ 2023 წლის 14 დეკემბერს მიიღო. აღსანიშნავია, რომ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად სახელმწიფოს მოეთხოვა 12 რეკომენდაციიდან დარჩენილი 9 რეკომენდაციის შესრულება, რის შემდეგაც დაიწყებოდა მოლაპარაკებების პროცესები. 9 რეკომენდაცია დაკავშირებულია ისეთ საკითხებთან, როგორებიცაა: დეზინფორმაციასთან ბრძოლა, პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება, სამართლიანი არჩევნების ჩატარება, სასამართლო რეფორმა, ადამიანის უფლებები და სხვა.
მას შემდეგ რაც პარლამენტმა “რუსული კანონი” მიიღო, ევროკავშირის სახელმწიფოებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. მეტიც, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოს ძლიერი რეფორმები დასჭირდება იმისთვისაც, რომ კანდიდატის სტატუსი შეინარჩუნოს.
პაველ ჰერჩინსკი: “საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება არის საქართველოში გატარებული მიზანიმართული ქმედებებისა და მიღებული კანონმდებლობების შედეგი. ამიტომ, პრობლემა არ არის ბრიუსელსა ან ვაშინგტონში. პრობლემა და გამოსავალი არა კიევში, არამედ საქართველოშია. ეს არის საქართველოს თანამდებობის პირების ქმედებებისა და განცხადებების შედეგი, რომ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა გადაწყვიტეს საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერება.”
საგულისხმოა, რომ პროცესის შეჩერებასთან ერთად, ყოველთვის იყო მოწოდება, რომ თუ მთავრობა კურსს შეცვლიდა და არადემოკრატიულ ცვლილებებზე უარს იტყოდა, საქართველო კვლავ დაუბრუნდებოდა ინტეგრაციის გზას. ბოლო ასეთ გზავნილს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის მარტა კოსის 1 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვხვდებით.
კაია კალასი და მარტა კოსი: “ევროკავშირი ქართველი ხალხის და მისი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას. ევროკავშირში გაწევრიანების კარი კვლავ ღიაა და საქართველოს დაბრუნება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს ლიდერების ხელშია.”
ამის საწინააღმდეგოდ, პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ საქართველო უარს ამბობს მოლაპარაკების პროცესზე, დასავლელი პარტნიორების, მათ შორის, ევროკავშირის ელჩის მიერ განიხილება, როგორც ინტეგრაციის შეჩერება.
-
გულისხმობს თუ არა მოლაპარაკებების დაწყების “გადადება” ინტეგრაციის შეჩერებას?
“მითების დეტექტორი” დაუკავშირდა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს, კახა გოგოლაშვილს. მისი განმარტებით, ჰერჩინსკის შეფასება რეალობას ასახავს, რადგან მოლაპარაკებები ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი ნაწილია.
“საპირწონედ თქვეს, ჩვენ ევროინტეგრაცია არ შეგვიჩერებიაო, თუმცა ჰერჩინსკი არც გულისხმობდა ევროინტეგრაციის შეჩერებას, ის გულისხმობდა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებას. ეს პროცესი არის ძალიან მკაფიოდ ჩამოწერილი ევროკავშირის პროცედურებში, ეს არის: კანდიდატის სტატუსის მინიჭება, შემდეგ მოლაპარაკებების დაწყება, შემდეგ მოლაპარაკებების დასრულება და გაწევრიანების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. თუ ქვეყანამ მიიღო უკვე კანდიდატის სტატუსი და შემდეგ ამბობს, რომ 4 წლის განმავლობაში მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, ეს ნიშნავს ამ პროცესის შეჩერებას. ამ შემთხვევაში ჰერჩინსკი 100%-ით მართალია”. – ამბობს გოგოლაშვილი.
რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულებას, აღნიშნული დოკუმენტი ძალაში 2016 წლის 1 ივლისიდან შევიდა. ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს საშუალება მიეცა, მრავალი რეფორმა განეხორციელებინა სხვადასხვა კუთხით, მათ შორის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, სოციალური პოლიტიკისა და სხვა. ასოცირების ხელშეკრულება მნიშვნელოვანი დოკუმენტია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა ის არ არის ინტეგრაციისთვის ერთადერთი საჭირო ვალდებულება, რომელიც ხელისუფლებამ უნდა დააკმაყოფილოს. აღსანიშნავია, რომ ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირის მხოლოდ ნაწილ დირექტივებსა და რეგულაციებს მოიცავს, მაშინ როცა ევროკავშირში ინტეგრაცია უფრო მეტი ვალდებულების შესრულებას მოითხოვს. კახა გოგოლაშვილის შეფასებით, ევროკავშირში ინტეგრაცია არა პირდაპირ, არამედ “ძალიან ირიბ კავშირშია ასოცირების ხელშეკრულებასთან”.
“ასოცირების შეთანხმება საქართველოსთვის თავისთავად არის ევროპული ინტეგრაციის ნაწილი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ არის ევროკავშირში ინტეგრაციის ინსტრუმენტი. ასოცირების შეთანხმებაში, მაგალითად, გათვალისწინებულია საკანონმდებლო დაახლოება 400-ზე მეტ დირექტივასთან და რეგულაციასთან, მაშინ, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, როცა მოლაპარაკებები იხსნება, ქვეყანას უჩნდება ვალდებულებები, რომ მთლიანად გადმოიტანოს, ტრანსპოზიცია მოახდინოს ევროკავშირის 4 000-ზე მეტი დირექტივისა და რეგულაციის. ამის ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების განხორციელებას გათანაბრება არ შეიძლება. ევროკავშირთან მოლაპარაკებების დასაწყებად საქართველოს კონკრეტული ვალდებულებები აქვს მიცემული, რომლებიც აღნიშნულია 9 ნაბიჯში, რომელიც ევროკავშირმა 2023 წლის ბოლოს დაუდგინა, 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით”. – ამბობს კახა გოგოლაშვილი “მითების დეტექტორთან” ინტერვიუში.
გოგოლაშვილი ტრაბახს უწოდებს ქართული ოცნების გადაწყვეტილებასა და მტკიცებას, რომ ევროკავშირისგან საბიუჯეტო გრანტს არ მიიღებს და დამოუკიდებლად გაატარებს ყველა რეფორმას:
“თუ არ ჩავთვლით ფინეთს, შვედეთსა და ავსტრიას, ევროკავშირში 1990 წლიდან მოყოლებული მისი დახმარების გარეშე არცერთი ქვეყანა არ გაწევრიანებულა. ამიტომ, ევროკავშირის რესურსებზე უარის თქმა ამ შემთხვევაში ნიშნავს საკუთარი თავის ჩაყენებას სიტუაციაში, როდესაც დამოუკიდებლად არ გექნება იმის რესურსი, რომ, მაგალითად, ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრულად დაახლოვო შენი კანონდებლობა და გაატარო ყველა რეფორმა, რომელიც აუცილებელია გასაწევრიანებლად. […] ამის გაკეთება დამოუკიდებლად არის ტრაბახი და მეტი არაფერი”.
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვტილება მიიღეს დათქმით, რომ ქვეყანა 9 პრიორიტეტს შეასრულებდა. ევროკომისიის მიერ 2024 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული გაფართოების ანგარიშის მიხედვით, საქართველოს აღნიშნულ 9 პუნქტში მრავალი მიმართულებით აქვს ხარვეზი, მათ ნაწილში უკუსვლაა დაფიქსირებული. კახა გოგოლაშვილის შეფასებით, აღნიშნულ პუნქტებს, რომლებზეც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე შემდეგ ეტაპზე გადასვლაა დამოკიდებული, საქართველოს მთავრობა შანტაჟად განიხილავს, შესაბამისად, არ არსებოსბ იმის გარანტია, რომ 2028 წელს მათ შეასრულებს.
“კობახიძემ ქართული ოცნების გადაწყვეტილების არგუმენტად ევროკავშირის მხრიდან შანტაჟი მოიყვანა. ეს მათი გაგებით შანტაჟი არის სწორედ ევროკავშირის მხრიდან 9 პუნქტის მოთხოვნა. თუ ახლა ისინი ამას განიხილავენ, როგორც შანტაჟს და ამის შესრულება არ უნდათ, როგორ უნდა ვთქვათ, რომ 2028 წლისთვის არა შანტაჟად, არამედ რეკომენდაციად ჩათვლიან და შეასრულებენ. ეს არის აბსოლუტური ნონსენსი და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა. უბრალოდ ტყუილი”. – ამბობს ის.