ორუელის 1984-ის წინასწარმეტყველება თუ სიმულაციური სცენარი?

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

814
VIEWS

20 მარტს და 16 აპრილს, ფეისბუქ მომხმარებელმა Lasha Modebadze-მ გამოაქვეყნა იდენტური პოსტები, რომელშიც ამტკიცებს, რომ 1973 წელს როკფელლერის მიერ შექმნილმა რომის კლუბმა მსოფლიოს მოწყობის გეგმა შეიმუშავა. მოდებაძე წერს, რომ რომის კლუბის თავდაპირველი გეგმის თანახმად, მსოფლიო 10 რეგიონად უნდა დაყოფილიყო, რომელსაც ერთი მთავრობა ეყოლებოდა. ახალი გეგმის მიხედვით კი, მსოფლიოს სამ გლობალურ რეგიონად დაყოფას აპირებენ, რომელსაც მსოფლიოს შეერთებულ შტატები ერქმევა, ექნება ერთი  ვალუტა და ეყოლება ერთი მთავრობა გაეროს ხელმძღვანელობით, რომლის უკან სინამდვილეში როკფელერების  და როტშილდების კრიმინალური სინდიკატი დგას.

 

მოდებაძე წერს, რომ ეს სამი რეგიონი თითქმის ემთხვევა სამ ბლოკს, რომელთა არსებობა ორუელმა თავის 1984 წლის წიგნში იწინასწარმეტყველა. ასევე, ეს რეგიონები შეესაბამება სამმხრივი კომისიის მიერ შემოთავაზებულ სამ რეგიონს და გამოცხადებულია G7- ის შეხვედრებზე. ეს რეგიონებია:  1. ჩრდილოეთ, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ყველა შტატების ამერიკული კავშირი. 2. გაფართოებული ევროკავშირი, რომელშიც საბოლოოდ შევა რუსეთი, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნები 3. აზიისა და წყნარი ოკეანის კავშირი, რომელიც იაპონიას, ავსტრალიას, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებსა და ჩინეთს მოიცავს .

;;

პოსტი მცდარ ინფორმაციას და შეთქმულების თეორიის ელემენტებს შეიცავს, რადგან ერთი მთავრობა 10 რეგიონის მოდელი რეალურად სიმულაციური თეორიული სცენარია, რომელიც მიზნად მოსალოდნელი კრიზისების პროგნოზირებას ისახავს, ჯორჯ ორუელი კი 1984-ში განსხვავებულ რეგიონებს ასახელებს. ამასთან ორუელის წიგნი 1949 წელს, ხსენებული თეორიის შექმნამდე 25 წლით ადრე გამოიცა. სამმხრივი კომისია და G7 სამიტი კი მსოფლიოს დაყოფასთან კავშირში არ არიან.

  • რა არის რეალურად რომის კლუბი?

რომის კლუბი არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1968 წლის დასაწყისში დაარსდა რომში ევროპელი ბიზნესმენებისა და მეცნიერების მიერ. ორგანიზაციის მისიაა “იმოქმედოს, როგორც გლობალური ცვლილებების კატალიზატორმა” ახალი ამბების გამოცემების, კვლევების, კონფერენციების და ანგარიშების დაფინანსებით, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ გრძელვადიან გლობალურ პრობლემებზე და მათ ურთიერთკავშირზე.

რომის კლუბის მიერ 1972 წელს გამოცემული პირველი ანგარიში, სახელწოდებით „ზრდის ლიმიტები“, კაცობრიობის წინაშე მდგარ ყველაზე კრიტიკულ პრობლემებს ეთმობოდა. ეს პრობლემები მოიცავს: გარემოს დაბინძურებას, დემოგრაფიულ პრობლემებს, არათანაბარ განვითარებას ერებსა და ხალხებს შორის, სამუშაო პირობებს და განაწილებას; ახალი ტექნოლოგიების სოციო-კულტურულ გავლენას, დისფუნქციურ საგანმანათლებლო სისტემას, ეკონომიკის გლობალიზაციას, საერთაშორისო ფინანსურ კრიზისებს და ა.შ.

რომის კლუბს ხელმძღვანელობს თერთმეტი წევრისგან შემდგარი აღმასრულებელი კომიტეტი, რომელიც ნიშნავს პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტებს, გენერალურ მდივანს და ხაზინადარს. 2018 წელს რომის კლუბის პრეზიდენტის პოზიციაზე 2 ქალი აირჩიეს, მამფილა რამფილი (სამხრეთ აფრიკა) და სანდრინ დიქსონი დეკლევი (ბელგია)

ორგანიზაციის დამაარსებლები იტალიელი ინდუსტრიალისტი აურელიო პეჩეი და  შოტლანდიელი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციიის (OECD) სამეცნიერო ხელმძღვანელი ალექსანდრე კინგი არიან. სხვდასხვა შეთქმულების თეორია რომის კლუბის დაარსებას როკფელერების ოჯახს უკავშირებს, რადგან კლუბის დამფუძნებლები 1968 წლის ოქტომბერ-ნოემბერში პირველ შეხვედრებს როკფელერების საკუთრებაში მყოფ ვილა სერბელონიში, ბელაჯიოში მართავდნენ, თუმცა, კლუბი მანამდე, 1968 წლის 7 აპრილს რომში დაფუძნდა.

ორგანიზაციის შესახებ სხვადასხვა შეთქმულების თეორია წარსულშიც გავრცელებულა, რომელსაც კლუბმა სახალისო ანიმაციური ვიდეოთი უპასუხა, სათაურით: საბოლოო სიმართლე რომის კლუბის შესახებ.

რომის კლუბმა საკუთარი მეორე ანგარიში “Mankind at the turning point” (კაცობრიობა გარდამტეხ წერტილში) 1974 წელს გამოაქვეყნა, რომელშიც ყურადღება ჭეშმარიტად ურთიერთდამოკიდებული საზოგადოების ჩამოყალიბებაზეა გამახვილებული. ნაშრომის ავტორები ედუარდ პესტელი და მიხაილო მესაროვიჩი არიან. სწორედ ამავე ნაშრომშია ნახსენები მათ მიერ შექმნილი თეორია მსოფლიოს ინტეგრირებული მოდელის შესახებ, რომლიც მსოფლიოს 10 ჰიპოთეტურ რეგიონად ყოფს.

  • ერთი მთავრობა ათი რეგიონის მოდელი  რეალურად სიმულაციური თეორიული სცენარია, რომელიც მიზნად მოსალოდნელი კრიზისების პროგნოზირებას ისახავს.

მსოფლიოს 10 რეგიონად დაყოფის იდეა რეალურად სიმულაციური თეორიული სცენარია და მას  მსოფლიოს ინტეგრირებულ მოდელსაც (WIM) უწოდებენ. აღნიშნული მოდელი ორი გუნდის მიერ პარალელურად შეიქმნა, ერთს ხელმძღვანელობდა მიხაილო მესაროვიჩი Case Western Reserve უნივერსიტეტში, კლივლენდში, ხოლო მეორეს – ედუარდ პესტელი (აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, რომის კლუბი) ჰანოვერის ტექნიკურ უნივერსიტეტში.

ავტორებმა თავიანთი მოდელი პირველად ვაშინგტონში გამართულ მაღალი დონის პოლიტიკურ კონფერენციაზე წარადგინეს, რომელსაც სპონსორობას ვუდრო ვილსონის საერთაშორისო ცენტრი  უწევდა. შემდეგი წარდგენა იყო ავსტრიაში გამოყენებითი სისტემების ანალიზის საერთაშორისო ინსტიტუტის (IIASA) პირველ გლობალურ სამოდელო კონფერენციაზე და ბოლოს სამეცნიერო შეხვედრებსა და კონგრესებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  მოდელის დეტალური აღწერა კი მხოლოდ ამ ოფიციალური პრეზენტაციების შემდეგ, 1974 წლის შემოდგომაზე გამოიცა.

ამ თეორიის თანახმად, მსოფლიო ერთიანი, ერთგვაროვანი სამყაროს ნაცვლად, განიხილულია, როგორც მოდელი, რომელიც 10 რეგიონს შეიცავს, თითოეულ რეგიონში კი გარკვეული კრიტერიუმებით მსგავსი ქვეყნებია გაერთიანებული. თეორიის ზოგიერთ ვერსიაში ისინი 3-4 ჯგუფად არიან დაჯგუფებულნი. WIM მოდელის თანახმად, აღნიშნულ რეგიონებს განვითარების სხვდასხვა დონე, განსახვებული კულტურა, გარემო და რესურსები ექნებათ. ეს გარემოებები კი შეიძლება გამოყენებულ იქნას პოტენციური რეგიონალური (გლობალურიდან განსხვავებით) პრობლემებისა და კრიზისების წინასწარ გამოსავლენად.

მოდელის ავტორები მესაროვიჩი და პესტელი წერენ:

“ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში პოლიტიკურ და ეკონომიკურ სექტორში გადაწყვეტილების მიმღებებს შევთავაზებდით გლობალური დაგეგმვის სრულყოფილ ინსტრუმენტს, რათა მათ  წინასწარ დაენახათ მოსალოდნელი კრიზისები”

ცხადია, აღნიშნული მოდელი სისრულეში არ არის მოყვანილი, ამასთან რომის კლუბს მსგავსი ცვლილებების განხორციელების ლეგიტიმაცია არც აქვს. მოცემული მოდელი წამოდგენს ერთ-ერთს რეგიონალიზმის იმ თეორიებს შორის, რომლებიც მსოფლიოს სხვდასხვა პოტენციურ რეგიონებად დაყოფას წინასწარმეტყველებენ, პოლიტიკური თუ ეკონომოკური კრიზისების პრევენციისა და მოგვარების მიზნით.

;

  • ჯორჯ ორუელი 1984-ში განსხვავებულ რეგიონებს ასახელებს, ამასთან წიგნი 1949 წელს, მსოფლიოს ინტეგრირებული მოდელის (WIM) თეორიის შექმნამდე 25 წლით ადრე გამოიცა. 

ჯორჯ ორუელის ნაწარმოებში 1984 მართლაც არის ნახსენები 3 გამოგონილი სუპერსახელმწიფო: ოკეანია, ევრაზია და აღმოსავლეთ-აზია (Eastasia), თუმცა ეს რეგიონები განსხვავებულია.

  • ოკეანეა მოიცავს ამერიკისა და ოკეანეთის მთელ ქვეყნებს/კონტინენტებს (ავსტრალია) და ბრიტანეთის კუნძულებს.
  • ევრაზია მოიცავს ევროპას და (მეტ-ნაკლებად) მთელ საბჭოთა კავშირს.
  • აღმოსავლეთ-აზია მოიცავს იაპონიას, კორეას, ჩინეთს და ჩრდილოეთ ინდოეთს.

ორუელის მიერ აღწერილი რეგიონების ერთ-ერთი სიმულაციური რუკა ასე გამოიყურება:

;

ფოტო: openculture.com

ამასთან წიგნი 1949 წელს გამოიცა, მსოფლიოს ინტეგრირებულ მოდელის (WIM) თეორიის შექმნამდე 25 წლით ადრე და მას კავშირი ვერ ექნება ზემოთ აღნიშნულ თეორიასთან ან რომის კლუბთან. წიგნში აღწერილი კონტექსტიც განსხვავებულია. მასში აღწერილია მსოფლიო 1984 წელს. მოვლენები ერთ-ერთ გამოგონილ სუპერსახელმწიფოში, ოკეანიაში ვითარდება, რომელსაც მართავს ყველას მაკონტროლებელი პარტია. პროპაგანდისა და ტვინის გარეცხვის შედეგად ოკეანეაში ტოტალური კონტროლია დამყარებული და პარტიის ლიდერი “დიდი ძმა” ყველას აკვირდება. წიგნის მთავარი პერსონაჟი უინსტონ სმითი, რომელიც ლონდონში  ცხოვრობს და სიმართლის სამინისტროში მუშაობს  მხარს არ უჭერს პარტიულ იდეოლოგიას.წიგნი სწორედ სმითის ისტორიას გვიამბობს და წარმოადგენს ერთგვარი გაფრთხილებას ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ.

  • სამმხრივი კომისია და G7 სამიტი მსოფლიოს დაყოფასთან კავშირში არ არიან. 

სამმხრივი (ტრილატერალური) კომისია კერძო მოქალაქეთა ორგანიზაცია, რომელიც 1973 წელს ძირითადად ამერიკელი ბანკირის დევიდ როკფელერის მიერ დაარსდა, აშშ-სა და მის მთავარ მოკავშირეებს (კანადა, იაპონია და დასავლეთ ევროპის ქვეყნები) შორის მზარდი ურთიერთდამოკიდებულების შედეგად შექმნილი გამოწვევების დასაძლევად და უფრო მეტი თანამშრომლობის წახალისების მიზნით.

სამმხრივ კომისიას სამი რეგიონალური თავმჯდომარე ხელმძღვანელობს: 1.ევროპის, 2.ჩრდილოეთ ამერიკის 3.აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონისთვის, რომლებსაც რამდენიმე მოადგილე და აღმასრულებელი კომიტეტი უწევს დახმარებას. ორგანიზაციის ყველა წევრი ყოველწლიურად იკრიბება, რათა განიხილონ ანგარიშები და სამომავლო  სტრატეგია. კომისიის რეგიონული ხელმძღვანელების ამგვარი განაწილება მსოფლიოს კონტინენტურ დაყოფას ემთხვევა და საერთო არ აქვს შემოთავაზებულ თეორიასთან მსოფლიოს დაყოფის გეგმის შესახებ.

;

რაც შეეხება G7- შვიდეულთა ჯგუფს (Group of Seven) ეს არის ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს შვიდ უმსხვილეს ე.წ. მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყანას აერთიანებს: კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები.

;

G7- ის რომელ შეხვედრაზე გაჟღერდა ზემოთ ნახსენები მსოფლიოს 3 რეგიონი პოსტის ავტორს დაკონკრეტებული არ აქვს, G7- ის ყოველწლიური სამიტები კი სხვადასხვა თემატური ჯგუფების შეხვედრებს და  ლიდერებთან კითხვა-პასუხის სესიას მოიცავს.

ამგვარად G7 არც როკფელერებთან და არც როტშილდებთან არ არის დაკავშირებული და არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მათ შეხვედრებზე მსოფლიოს დაყოფისა და ახალი წესრიგის დამყარების შესახებ განცხადება გაკეთდა.

ვინ არიან როკფელერები და როტშილდები ?

როკფელერები და როტშილდები მსოფლიოს უმდიდრეს საგვარეულოებს წარმოადგენენ. როკფელერები 2020 წილის ფორბსის ანგარიშის თანახმად ამერიკის უმდიდრეს საგავრეულოებს შორის 43 ადგილს იკავებს 8.4 მილიარდი დოლარით.

როკფელერების გვარი ძირითადად დაკავშირებულია ნავთობის, უძრავი ქონდების ბიზნესთან, რომლითაც საგვარეულოს დამფუძნებელმა ჯონ როკფელერმა მე-19 საუკუნეში პირველი მილიარდები მოიპოვა. გარდა ბიზნესებისა, ოჯახთან დაკავშირებულია საქველმოქმედო ორგანიზაცია “როკფელერების ფონდი”, რომელიც მეოცე საუკუნის ათიანი წლებიდან დღემდე საქველმოქმედო საქმიანობითაა დაკავებული. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს “როკფელერების ფონდმა” ოჯახის ტრადიციული ბიზნესის – ნავთობკომპანიების (Standard Oil და EXXON) ინვესტირება ეკოლოგიასა და გლობალურ დათბობაზე მათი გავლენის გამო შეაჩერა.

როტშილდების ოჯახმა მე-18 საუკუნეში ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული საბანკო-საფინანსო ქსელი შექმნა. აღსანიშნავია ისიც, რომ როტშილდების საბანკო დინასტია მათი სწრაფი გამდიდრების, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მოპოვების და პირველ რიგში, მათი ებრალურ წარმოშობის გამო ანტი-სემიტური კონსპირაციების სამიზნე ევროპაშიც ხდებოდა.

მსოფლიოს გადანაწილების, ახალი წესრიგისა თუ მსოფლიო მთავრობების არსებობის შესახებ კონსპირაციის თორიების მიზანია  დემოკრატიისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ლეგიტიმურობის ეჭქვეშ დაყენებაა. საზოგადოებაში მსგავსი ნარატივის გაღვივება, აფიქრებინებს მათ, რომ ხალხს რეალური ცვლილებების მიღწევა დემოკრატიული პროცესების შედეგად არ შეუძლია, რადგან ყველაფერს მსოფლიო მთავრობა აკონტოროლებს.

იხილეთ მითების დეტექტორის მასალები ამ თემებზე:


Lasha Modebadze-ის პოსტის (20 მარტი) არქივი
Lasha Modebadze-ის პოსტის (16 აპრილი) არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist