26 ოქტომბერს, 08:00-ზე საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების გახსნის შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა (1;2;3;4;5;6;7) ინფორმაცია, რომ ამომრჩეველთა ნაწილს ხმის მიცემისას 2 ბიულეტენი მისცეს, რაც არჩევნების გაყალბების საფრთხეს აჩენს.
ამომრჩევლებისთვის ორი ბიულეტენის მიცემის შესახებ ინფორმაცია შეცდომაში შემყვანია. ელექტრონული აპარატები ერთდროულად ორ ბიულეტენს არ იღებს, ხოლო რისკი, რომ ამომრჩეველი ორ ფურცელს ერთმანეთის მიყოლებით შეაცურებს, ადგილზე დამკვირვებელთა ყოფნის გამო მცირდება.
-
ხმის მთვლელი აპარატი ერთდროულად ორ ბიულეტენს არ იღებს
საარჩევნო უბანზე მისვლისა და პროცედურების გავლის შემდეგ, ამომრჩეველს აძლევენ ფურცელს, რომელზეც მისთვის სასურველი პოლიტიკური პარტია უნდა გააფერადოს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, დამკვირვებლებმა დააფიქსირეს შემთხვევები, როდესაც მოქალაქეს ერთის ნაცვლად ორი ფურცელი მიაწოდეს. აღნიშნული, ფეისბუქ-მომხმარებლების მტკიცებით, კარუსელის რისკს აჩენს. თუმცა, ხმის მიცემის ელექტრონული აპარატები იმგვარად არის შექმნილი, რომ მსგავსი რისკები მაქსიმალურად შეამციროს. ინფორმაცია, რომ აპარატი ერთდროულად ორ ბიულეტენს ვერ მიიღებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 11:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე დაადასტურეს.
“გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაფიქსირდა ერთი ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის გადაცემის ფაქტი. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ხმის მთვლელი აპარატი ფიზიკურად ვერ მიიღებს ორ ბიულეტენს ერთდროულად. ბიულეტენების გადაცემის პროცესში მექანიკური შეცდომების იდენტიფიცირება ადგილზევე ხდება და არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა აპარატის მიერ ორი ბიულეტენის ერთად მიღების ფაქტი”. – თქვა ცესკოს წარმომადგენელმა.
მათივე განმარტებით (5:35), ორი ბიულეტენის გადაცემა რეგისტრატორის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზი იყო, თუმცა “სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ხმის მთვლელი აპარატი ერთდროულად ვერ მიიღებს ერთზე მეტ ბიულეტენს”.
რაც შეეხება პროცედურას – ცესკოს განმარტებით, მას შემდეგ, რაც აღმოაჩენენ, რომ ამომრჩეველმა ორი ბიულეტენი მიიღო, თავმჯდომარე მოქალაქის თვალწინ გააფუჭებს ბიულეტენს, რომელიც დაიკეცება, დასტეპლერდება და ცალკე დაიდება, ხმის მთვლელ აპარატში კი მხოლოდ ერთი ბიულეტენი მოთავსდება. ბრიფინგზე დამატებით განმარტეს, რომ ტექნიკური ხარვეზი გამოასწორეს და შეტყობინება გაუგზავნეს ყველას უბანს, რომ აღნიშნულ დეტალზე ყურადღება გაამახვილონ.
გარდა ამისა, ინფორმაცია, რომ აპარატში ერთდროულად ორი ბიულეტენის მოთავსება შეუძლებელია, დადასტურდა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია “ფაქტ-მეტრის” მიერ ჩატარებული ცდით. მათ მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ხმის მთვლელი აპარატი ერთმანეთზე დადებულ ორ ბიულეტენს არ იღებს.
ინფორმაცია, რომ ელექტრონული აპარატები გამართულია, დადასტურდა დამოუკიდებელი აუდიტის მიერ, რომელიც Pro V&V-იმ ჩაატარა. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ თანაბარი ხმის უფლების მიმართულებით ხარვეზები არ დაფიქსირდა. დოკუმენტის მიხედვით, თითოეული მიცემული ხმა უდროს მხოლოდ ერთ ხმას; ამომრჩეველთა უნიკალური იდენტიფიკაცია უზრუნველყოფილია და არასწორ უბანზე მისული მოქალაქე ხმას ვერ მისცემს; ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა ზუსტად ანიჭებს თითოეულ მოქალაქეს ხმების შესაბამის რაოდენობას (ერთს); არცერთ ამომრჩეველს არ შესაძლებლობა, რამდენჯერმე მისცეს ხმა;
-
რა ამცირებს ბიულეტენის ორჯერ ზედიზედ შეცურების რისკს?
მას შემდეგ, რაც მომხმარებელი კაბინაში საკუთარ არჩევანს დააფიქსირებს, ბიულეტენი კონვერტში უნდა მოათავსოს და ხმის მთვლელ აპარატში შეაცუროს. აპარატს დრო სჭირდება იმისთვის, რომ ბიულეტენი მიიღოს, დაამუშავოს და ეკრანზე დაეწეროს, რომ ხმა მიღებულია. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ორ ბიულეტენს კაბინაში შეიტანს და ორჯერ გააფერადებს სასურველ პარტიას, შემდეგ კი რიგრიგობით შეაცურებს ქაღალდებს (რადგან აპარატი ერთდროულად ორ არ იღებს), ის პირველი ბიულეტენის დამუშავებას უნდა დაელოდოს, შემდეგ კი მეორე ბიულეტენი შეაცუროს. პროცესს დრო სჭირდება. ადგილზე საარჩევნო პროცესს, ცესკოს მონაცემებით, 102 ადგილობრივი და 76 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდება. შესაბამისად, მსგავსი შემთხვევა უბანზე მყოფმა დამკვირვებლებმა უნდა დააფიქსირონ და რისკი, რომ ამომრჩეველი აპარატთან განმარტოვებით ორივე ბიულეტენის მოსათავსებლად საჭირო დროს შეუმჩნევლად გაატარებს, მცირდება.
“მითების დეტექტორი” საკითხზე დეტალების დასაზუსტებლად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს, ნიკა ოდიკაძეს დაუკავშირდა. როგორც ის ამბობს, ადგილზე დამკვირვებლების არსებობა აღნიშნულ რისკს ამცირებს.
“ამ შემთხვევაში, თვითონ ტექნოლოგია ჩვენ ვერ დაგვაზღვევს. ადგილზე კომისია და დამკვირვებლები უნდა იყვნენ ყურადღებით, ორი ბიულეტენით თუ ადამიანი გამოვა და ეცდება, რომ რიგრიგობით შეაცუროს, რა თქმა უნდა, დარღვევა არის და უნდა აღკვეთონ. საბოლოო ჯამში, მეტობა დაჯდება [უბანზე ბიულეტენების რაოდენობის]. თუ ასეთი შემთხვევები იქნება და თითო ამომრჩეველი ერთზე მეტ ბიულეტენს რაიმე გზით შეაცურებს, საბოლოო ჯამში მეტობა იქნება ბიულეტენების.
[…] როგორც წესი, ამომრჩეველს ჩარჩო კონვერტი ერთი აქვს და სათითაოდ უნდა შეაცუროს. [რიგრიგობით თითო ფურცლის კონვერტში ჩადება და შემდეგ აპარატში შეცურება] თვალსაჩინო იქნება, რა თქმა უნდა. პირველ რიგში, კომისიები ახდენენ ამაზე რეაგირებას, მაგრამ დამკვირვებლებიც ყურადღებით უნდა იყვნენ. თვითონ მოწყობილობა ჩვეულებრივად მიიღებს, იმიტომ, რომ ეს იმ უბნისთვის განკუთვნილი ბიულეტენია”. – ამბობს ოდიკაძე.
მისივე სიტყვებით, ამოწმებენ დამკვირვებლისგან მიღებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ცალკეულ შემთხვევაში, ერთმა ამომრჩეველმა ორჯერ შეძლო ხმის მიცემა. არსებობს ვარაუდებიც, რომ, შესაძლოა, სპეციალურად ხდებოდეს უბანზე ქაოტური სიტუაციის შექმნა, რათა დამკვირვებლებმა ყურადღება მოადუნონ და ერთმა ადამიანმა ორჯერ მისცეს ხმა, თუმცა ამის რისკები დაბალია, ხოლო ჯერჯერობით შემთხვევების უმეტესობის იდენტიფიცირება მოხდა.
ამრიგად, ელექტრონული აპარატები ორ ბიულეტენს ერთდროულად არ იღებს, შესაბამისად, ამომრჩეველი ერთმანეთზე დადებულ ორ ფურცელს დამკვირვებლისგან ფარულად ხმის მთვლელ აპარატში ვერ შეაცურებს. ორი ბიულეტენის სათითაოდ მოთავსებას კი დრო სჭირდება, შესაბამისად, რისკი, რომ ამას ადგილზე მყოფი დამკვირვებლები ვერ შეამჩნევენ, მცირეა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.