2024 წლის 26 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა, გოდერძი ელგანდაშვილმა გაავრცელა რუსულენოვანი ვიდეო თანდართული წარწერით ,,ორეო – სატანიზმი”. ვიდეოს აღწერაში ავტორი ამტკიცებს, თითქოს, ,,ორეოს” ორცხობილაზე სატანისტური სიმბოლოებია დატანილი, ხოლო მისი შემადგენლობა კი ჯერჯერობით ისევ ,,გამოცანად რჩება”.
მტკიცება, თითქოს ,,ორეოს” ორცხობილაზე სატანისტური სიმბოლოებია გამოსახული, სიმართლეს არ შეესაბამება და კონსპირაციულია. სინამდვილეში, ორცხობილას ცენტრში დატანილი სიმბოლო ,,ორეოს” მწარმოებელი საკონდიტრო კომპანია Nabiscos-ის ლოგოა და მას სატანისტურ ან მასონურ ორგანიზაციებთან კავშირი არ აქვს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ყურადღება რამდენიმე დეტალზეა გამახვილებული, მათ შორის, ,,ორეოს” ორცხობილას ცენტრში გამოსახულ ოვალურ სიმბოლოსა და მის გარშემო განლაგებულ ყვავილებზე, ტირეებზე, წერტილებსა და ,,მასონურ სიმბოლოებზე”. ვიდეოს მიხედვით, ორცხობილაზე ასევე გამოსახულია იერუსალიმის ,,სატანისტური ჯვრები”, რომელიც XII საუკუნეში იერუსალიმში დაფუძნებულ ,,ტამპლიერთა ორდენს” უკავშირდება.
,,ორეოს” ორცხობილა პირველად 1912 წელს გამოვიდა, ამ დრომდე კი მისი დიზაინი რამდენჯერმე შეიცვალა. დღევანდელი ორნამენტებით ,,ორეოს” პირველი ორცხობილა 1952 წელს გამოვიდა.

,,ორეოს” ორცხობილას ცენტრში გამოსახული ოვალური ფორმის სიმბოლო მისი მწარმოებელი კომპანიის, Nabisco-ს ლოგოა, რომელიც ,,ორეოს” შეფუთვაზეცაა დატანილი. Nabisco ამ ლოგოს 1900 წლიდან იყენებს და მას სატანისტურ სიმბოლიკასთან ან მასონურ ორგანიზაციებთან კავშირი არ აქვს.

,,ორეოს” ორცხობილაზე Nabisco-ს ლოგოს გარსშემო ოთხ-ფოთლოვანი სამყურაა გამოსახული და არა ,,ტამპლიერთა ორდენის” ერთ-ერთი სიმბოლო, იერუსალიმის ჯვარი. შეცდომაში შემყვანი მტკიცება, თითქოს ,,ორეოზე ,,ტამპლიერთა ორდენის” სიმბოლოა დატანილი, დიდი ხანია ვრცელდება, თუმცა მსგავსი სიმბოლო ,,ორეოს” ორცხობილების პირველ ვერსიებზე დატანილი არ იყო. ყვავილის სხვადასხვა ფორმის სიმბოლოები ,,ორეოზე” 1924 წლიდან გამოჩნდა და ის ორცხობილას ორგანულობას გამოკვეთდა.
,,ორეოსთან” დაკავშირებული მსგავსი ცნობები, რომ ორცხობილაზე სატანისტური სიმბოლოებია დამალული, გასულ წლებშიც ვრცელდებოდა. ამ მითების საპასუხოდ კი ,,ორეომ” 2022 წელს სატირული პოსტი გამოაქვეყნა, რომელზეც, თითქოს, ახსნილი იყო ორცხობილაზე სატანისტური სიმბოლოების დატანის სქემა.
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ მომხმარებელი გოდერძი ელგანდაშვილი შეთქმულების თეორიებსა და ანტივაქსერული შინაარსის პოსტებს ხშირად ავრცელებს. “მითების დეტექტორს” ანგარიშის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გამოუვლენია.
არქივის ბმული
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.