28 სექტემბერს ფეისბუქ-ანგარიშმა Mamuka Chargazia გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო (ე.წ. რილსი), რომელიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, თინა ბოკუჩავას, მიხეილ სააკაშვილის, ზურა ჯაფარიძის, თამარ ჩერგოლეიშვილის, ანა ბუჩუკურის და სხვების ვიდეოებითაა შექმნილი, ისინი მხოლოდ ერთ სიტყვას “ომს” ამბობენ. ვიდეოკოლაჟი გრძელდება ხელისუფლების წევრების, ირაკლი კობახიძის, ირაკლი ღარიბაშვილის, მამუკა მდინარაძის, თეა წულუკიანის, შალვა პაპუაშვილისა და პატრიარქის, ილია II-ის ვიდეოების ფრაგმენტებით, რომლებშიც ისინი სიტყვა “მშვიდობას” ამბობენ. გავრცელებულ ვიდეოზე დატანილია წარწერა “ომი გინდა თუ მშვიდობა”, მასზე ასევე ჩანს, რომ ვიდეო ტიკ-ტოკის ანგარიშის, Qudzekaci-ს მიერაა გამოქვეყნებული.
ომისა და მშვიდობის თემაზე პოლიტიკოსების ფრაზებით აწყობილი ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება. ნაჩვენებ მონაკვეთებში ისინი ომზე პოზიტიურად არ საუბრობენ და მათ შორის, არც ომის დაწყების თუ მასში ჩართვის მოწოდებით არ გამოდიან.
გავრცელებული ვიდეოკოლაჟი ქართველი პოლიტიკოსების არასრულ ციტატებს აერთიანებს. ვიდეოს პირველ ნაწილში ხელისუფლების ოპონენტების მიერ სხვადასხვა დროს ნათქვამი სიტყვა “ომი” ისმის, შემდგომ კი ის იმ ვიდეოებით გრძელდება, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები სიტყვა “მშვიდობას” ამბობენ. რილსი იმგვარადაა დამონტაჟებული, რომ აღიქმება, თითქოს, ხელისუფლების კრიტიკოსები მოქალაქეებს ომს სთავაზობენ, “ქართული ოცნება”, პატრიარქთან ერთად, კი – მშვიდობას. სინამდვილეში, ვიდეოში ნაჩვენები ფრაგმენტების სრული ჩანაწერების ნახვისას ჩანს, რომ პოლიტიკოსები ომზე პოზიტიურად არ საუბრობენ და არც ომის მოწოდებით გამოდიან.
-
თინა ბოკუჩავა
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ეპიზოდით იწყება. პოლიტიკოსი ვიდეოში მხოლოდ ერთ სიტყვას “ომს” ამბობს. ბოკუჩავას ფრაგმენტი 2018 წელს “ტელეკომპანია პირველის” ეთერში მისი და ზაქარია ქუცნაშვილის დებატს ასახავს (0:40). გადაცემაში “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა არაერთხელ ახსენა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ომის პარტიაა. აღნიშნულ ეპიზოდში კი თინა ბოკუჩავა ოპონენტს ეუბნება, მან ბიძინა ივანიშვილს უნდა მიბაძოს და ღიად თქვას, რომ საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებს.
თინა ბოკუჩავა: “სირცხვილია, ასეთ ადამიანთან საერთოდ არც უნდა ვიჯდე დებატებში, უკაცრავად, რომელიც თავის ქვეყანას ადანაშაულებს ომის დაწყებაში. ეგ არის სირცხვილი. არ გაქვთ პასუხი იმაზე, მაშინ რატომ შეიჭრა პუტინი უკრაინაში, არ გაქვთ პასუხი იმაზე, თუ რატომ იყენებს ქიმიურ იარაღს მაშინ დიდ ბრიტანეთში, არ გაქვთ პასუხი იმაზე, მაშინ რატომ იყენებს ბიოლოგიურ იარაღს, ქიმიურ იარაღს სირიაში”.
მარჯვნივ: თინა ბოჯუჩავასა და ზაქარია ქუცნაშვილის დებატი გადაცემაში “პირველები”
თინა ბოკუჩავას სიტყვა “ომი” პოზიტიურ კონტექსტში არ უხსენებია და არც რუსეთთან ახალი ომის დაწყებაზე უთქვამს რაიმე. მან სიტყვა არაერთხელ ახსენა ზაქარია ქუცნაშვილთან დებატისას და ძირითადად, იმის სათქმელად, რომ 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველო დამნაშავე არ არის.
-
მიხეილ სააკაშვილი
ვიდეოს მომდევნო მონაკვეთში მიხეილ სააკაშვილი ჩანს, რომელიც ბოკუჩავას მსგავსად, მხოლოდ “ომს” ამბობს. აღნიშნული მონაკვეთი საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის 11 წლის წინ მიცემული ინტერვიუდანაა ამოჭრილი. ინტერვიუ 2013 წლის 8 აგვისტოსაა ჩაწერილი. “პირველი არხის” ჟურნალისტი მიხეილ სააკაშვილს პირველივე შეკითხვას 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ უსვამს და რესპონდენტს ეკითხება, გასული 5 წლის განმავლობაში აქვს თუ არა რაიმე ტრადიცია, რასაც მხოლოდ 8 აგვისტოს აკეთებს. სწორედ აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხისას (0:20) სიტყვა “ომის” ხსენების ეპიზოდია ამოჭრილი.
მიხეილ სააკაშვილი: “ჩემთვის ეს ომი ჩემი ცხოვრების შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. უმნიშვნელოვანესი, ერთი მხრივ, ტრაგედიაა და მეორე მხრივ, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო უმნიშვნელოვანესი სიამაყის წყაროა იმითი, რომ რეალურად ეს ომი იყო ერთ-ერთი განმსაზღვრელი თანამედროვე, ახალი სახელმწიფოს, ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების.”
მარჯვნივ: მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ საზოგადოებრივ მაუწყებელთან
ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა არაერთ საკითხზე ისაუბრა. ძირითადად, აგვისტოს ომის დროს გადაწყვეტილების მიღებაზე, მოწინააღმდეგისა და ქართული ჯარის საბრძოლო მზაობის შესახებ. მან ვრცლად ისაუბრა ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე და ბუქარესტის სამიტიც შეაფასა. სააკაშვილის თქმით, სამიტის შედეგი წარმატებული იყო, თუმცა წარუმატებლად მოიხსენია სამიტისას საქართველოსა და უკრაინის შესახებ ჩანაწერზე აზრთა სხვადასხვაობა.
ამდენად, მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში არაერთხელ ახსენებს “ომს”. ინტერვიუც 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებაა და სააკაშვილი ომზე პოზიტიურად არ საუბრობს.
-
ზურაბ ჯაფარიძე
კიდევ ერთი პოლიტიკოსი, რომელიც ქართული ოპოზიციის მადისკრედიტირებელ ვიდეოკოლაჟში მოხვდა, პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეა. ჯაფარიძის ვიდეოც ინტერვიუდანაა ამოჭრილი და გიორგი თარგამაძისათვის 2024 წლის აპრილში მიცემულ ინტერვიუს ასახავს. ინტერვიუს ბოლოს პოლიტიკოსი ახსენებს სიტყვა “ომს” (50:53). ინტერვიუს კონკრეტულ მომენტში ჯაფარიძე სამხედრო მოქმედებებს, მით უმეტეს, საქართველოს მონაწილეობით არ გულისხმობს და სიტყვას გადატანითი მნიშვნელობით იყენებს.
ზურაბ ჯაფარიძე: “ეს, რაც გააკეთეს ახლა [ქართულმა ოცნებამ], ამას აქვს თავისი პოლიტიკური გზავნილი, პოლიტიკური გზავნილი, მათ შორის, დასავლეთისადმი, რომ ისინი აღარ აპირებენ ამ გზაზე სიარულის გაგრძელებას. გასაგებია ყველასთვის და ნებისმიერისთვის გასაგებია, რომ ნაცვლად იმისა, რომ ეს 9 რეკომენდაცია შეასრულონ, იმისგან კარდინალურად განსხვავებულ რაღაცას აკეთებენ და პირიქით, დასავლეთისთვის ღია ომი აქვთ გამოცხადებული და ასე ევროკავშირისკენ ვერ წახვალ.”
მარჯვნივ: ზურაბ ჯაფარიძე გადაცემაში “გიორგი თარგამაძის ფორმულა”
ზურაბ ჯაფარიძე გადაცემაში “გიორგი თარგამაძის ფორმულა” 3 აპრილს იყო მიწვეული. ამავე პერიოდში მმართველი პარტია “ქართული ოცნება” ხელმეორედ ცდილობდა ე.წ. აგენტების კანონის მიღებას. ჟურნალისტისა და რესპონდენტის საუბარიც აღნიშნულ კანონსა და ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების რეაქციას შეეხებოდა. ზურა ჯაფარიძის თქმით, ნაცვლად ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებისა, მმართველი პარტია “აგენტების კანონის” მიღებას ცდილობს და “დასავლეთს ომი გამოუცხადა”.
-
თამარ ჩერგოლეიშვილი
რილსში მოხვდა პარტია “ფედერალისტების” ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის ვიდეოც, რომელშიც პოლიტიკოსი სიტყვა “ომს” ამბობს. ვიდეო გადაღებულია 2015 წელს გამართულ ანტისაოკუპაციო აქციაზე, რომელზეც ჩერგოლეიშვილი სიტყვით გამოვიდა და რუსეთის პოლიტიკაზე, ასევე მის მიმართ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ისაუბრა (1:02). აქციის ორგანიზატორი რამდენიმე მედიასაშუალება და არასამთავრობო ორგანიზაცია იყო.
მარჯვნივ: თამარ ჩერგოლეიშვილის სიტყვით გამოსვლა აქციაზე Stop Russia
თამარ ჩერგოლეიშვილი: “ჩვენ, ვისაც რუსეთის პოლიტიკა არ მოგვწონს, ხშირად გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ თითქოს ჩვენ ომი გვინდა, თითქოს ჩვენ სისხლი გვწყურია. ხელისუფლებამ ეშმაკური გამოსავალი მონახა, თავისი ჭკუით და ნებისმიერ კრიტიკას ამ თემაზე ყალბი პათოსით დასმული რიტორიკული კითხვით ხვდება: “აბა, რა ვქნათ, ომი დავიწყოთ?” თითქოს ერთადერთი ალტერნატივა, რაც ახლა ხდება იმისა, იყოს ომი”.
შესაბამისად, თამარ ჩერგოლეიშვილი ანტისაოკუპაციო მიმართვისას ომზე დადებითად არ საუბრობს და არაერთხელ უსვამს ხაზს, რომ ვისაც ხელისუფლების რუსული პოლიტიკა არ მოსწონს, პირიქით, მშვიდობა სურს. ჩერგოლეიშვილის თქმით, მაშინ, როდესაც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან ადამიანებს იტაცებენ, ოჯახებს კი საკუთრებასა და სამშობლოს შორის არჩევანის გაკეთება უწევთ, ქვეყანაში მშვიდობა არ არის.
-
ანა ბუჩუკური
პოლიტიკოსების გამონათქვამებით შექმნილ ვიდეოში ჩანს “გახარია საქართველოსთვის” წევრი ანა ბუჩუკურიც. ის, დანარჩენების მსგავსად, მხოლოდ ერთ სიტყვას, “ომს” ამბობს. რეალურად, დეპუტატის ვიდეო 2022 წლის მაისში ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემა “მრგვალ მაგიდაში” მისი სტუმრობის ფრაგმენტია. ბუჩუკურმა ომი რამდენჯერმე ახსენა, თანაც მაშინ, როდესაც ამავე თემაზე მმართველი პარტიის გზავნილებს ეხმიანებოდა.
მარჯვნივ: ანა ბუჩუკური გადაცემაში “მრგვალი მაგიდა”
ანა ბუჩუკური: “უკრაინის ომთან დაკავშირებით, პირველივე დღიდან, “ქართული ოცნების”, ანუ ხელისუფლების შეგნებული, მიზანმიმართული პროპაგანდა, მისი არჩევანი იყო, რომ საზოგადოებაში დაემკვიდრებინა, რომ, ეს იგი, ვისაც არ მოგვწონს ქართული ოცნების პოლიტიკა და გადაწყვეტილებები და რიტორიკა და მესიჯბოქსი და ა.შ. ქმედებები, ეს იგი, ყველანი ვიყავით ომის მომხრე. […] და რანაირად უნდა მინდოდეს, მართლა მაინტერესებს, საკუთარ ქვეყანაში ომი მინდოდეს, ნიშნავს, რომ ჩემი ოჯახის მტერი ვარ, იმიტომ, რომ რას ნიშნავს, ომი მინდა? როგორ შეიძლება ეს დაუშვა საკუთარ ქვეყანაში?”
ანა ბუჩუკური გადაცემაში სხვა პოლიტიკოსებთან ერთად იმყოფებოდა. მან ომზე მმართველი პარტიის მიერ გავრცელებული გზავნილების კონტექსტში ისაუბრა და ინტერვიუში ომისკენ მოწოდება არ გაუკეთებია.
გავრცელებული რილსი არაერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ვიდეოს აერთიანებს. მსგავსი ვიდეოკოლაჟი ერთხელ უკვე გავრცელდა და ის ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა “პოლიტ ოლოგმა” გაავრცელა. “მითების დეტექტორმა” წინა შემთხვევაც შეისწავლა. ორივე ვიდეო წინასაარჩევნო პროპაგანდის ფარგლებში ვრცელდება, ვიდეოები მასში ასახული პოლიტიკოსების დისკრედიტაციას და იმ სახელისუფლებო გზავნილის გავრცელებას ისახავს მიზნად, თითქოს მშვიდობას მხოლოდ პარტია “ქართული ოცნება” უზრუნველყოფს, ხოლო ოპოზიციურ პარტიებს საქართველოს ომში ჩართვა სურთ.
წყაროს შესახებ:
ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოს პირველწყარო “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ტიკ-ტოკ ანგარიშია, სახელად Qudzekaci. ანგარიში ოპოზიციის საწინააღმდეგო ვიდეოებს აქვეყნებს და ხშირად აზიარებს წარსულში პოლიტიკოსების მიერ მიცემული ინტერვიუების ფრაგმენტებს. Qudzekaci-ის ვიდეოების ნაწილზე დატანილი აქვს ტექსტი: “26 ოქტომბერს! ქუდზე კაცი! თუ არ გინდა, იგივე განმეორდეს”. პროფილის აღწერაში კი უწერია: “ქართული ოცნების” მხარდამჭერებო, 26 ოქტომბერს გამოვიდეთ ქუდზე კაცი!!!”.
ფეისბუქ-ანგარიში Mamuka Chargazia ხელისუფლების მოწინააღმდეგეების შესახებ ყალბ ცნობებსა და ვიზუალურ მანიპულაციებს ხშირად ავრცელებს. “მითების დეტექტორმა” მის მიერ გავრცელებული პოსტები რამდენჯერმე უკვე მონიშნა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.