26 სექტემბერს ანონიმურმა ფეისბუქ ანგარიშმა პოლიტ ოლოგი გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო (ე.წ. რილსი), რომელშიც ომის შესახებ ქართველი ოპოზიციონერებისა და საჯარო ფიგურების, მათ შორის, გიგი უგულავას, ლევან ბერძენიშვილის, ზურაბ ჭიაბერაშვილის, ნინო ლომჯარიას და სხვების ფრაზებია გაერთიანებული და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ისინი ომისკენ მოგვიწოდებენ. ვიდეოს დართული აქვს წარწერა “უთხარი არა ომს! აირჩიე მშვიდობა”. ვიდეოს ბოლო მონაკვეთში კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსის ვიდეო გვხვდება, სადაც მხოლოდ მათ მიერ ნათქვამი სიტყვა “ომი” ჩანს.
ამავე დღეს ფეისბუქზე ვიდეოში მოცემული ფრაზები მათი ავტორების ფოტოებთან ერთად ტექსტის სახითაც გავრცელდა.
გავრცელებულ ვიდეოსა და პოსტში “ომის” შესახებ მოყვანილი ფრაზები მანიპულაციურად ვრცელდება და მათი ავტორების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. გვარამიას, ხოშტარიას, გახარიასა და ზურაბიშვილის კადრებს კონტექსტი სრულად დაკარგული აქვს და ომისკენ მოწოდებასთან კავშირში არ არის.
ვიდეო სხვადასხვა ქართველი პოლიტიკოსისა და საზოგადოებისთვის ცნობილი პირის ციტატებს აერთიანებს. ყველა ციტატა ომს ეხება. ვიდეოს ფონად რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად განადგურებული უკრაინული შენობებისა და გარდაცვლილი უკრაინელი სამხედროების საფლავების კადრებია გამოყენებული.
-
გიგი უგულავა
ვიდეოს პირველ მონაკვეთსა და პოსტში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიგი უგულავას ფრაზას “ომიც მოსულა, კი, მოსულა, მოსულა გაიგეთ!” ვხვდებით. ეს ფრაზა უგულავამ 2022 წლის 4 აპრილს Georgian Times TV-ის გადაცემაში “დროული კითხვები” სტუმრობისას გააჟღერა. გადაცემის წამყვანმა უგულავას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების შესახებ დაუსვა შეკითხვა, რომლებიც ოპოზიციის წარმომადგენლებს “ომის პარტიად” მოიხსენიებენ.
გიგი უგულავა: “ხალხო, აღარ არი მაგისი დრო, დამიჯერეთ, აღარ არი, მოგადგა უკვე, მოვიდა. ეს მერე კიდე, ეს ოპოზიციის კეკლუცი, რომ ვაიმე ის არ დამიძახონ… რაც გინდა ის დაგიძახონ, საარჩევნო პერიოდია, არჩევნები არ იქნება თუ რუსი მოვიდა და რა მერე, ომის პარტია დაგიძახონ, დამიძახონ! ჩემი ქვეყნისთვის ომიც მოსულა კი, მოსულა, მოსულა! გაიგეთ, ყველამ გაიგოს, ყველამ, რომ ქვეყანას დაცვა სჭირდება!”
უგულავას ფრაზა რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში გაჟღერდა, თუმცა ის ხელისუფლების განცხადებების შესახებ საუბრობდა, რომლებიც მათ ომის დაწყების შემდგომ გააკეთეს. უგულავას მიხედვით, ომის შესახებ განცხადებების 90% “ქართულ ოცნებას” ეკუთვნის და ისინი მოსახლეობას ომით აშინებენ.
ომის შესახებ უგულავა გადაცემის სხვა მონაკვეთშიც საუბრობს და აცხადებს: “მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს არ მრცხვენია და ვაცხადებ, თუ ამ ქვეყანას დასჭირდება დაცვა, როგორც შემეძლება ისე დავიცავ, შემეძლება იარაღით – დავიცავ იარაღით, შემეძლება სხვა ფორმით მონაწილეობა, წყალი მივაწოდო იმას, ვისაც იარაღი აქვს, აი ამას ვიზამ”. ხოლო ხელისუფლება ამ განცხადებების ნაცვლად სამოქალაქო თავდაცვის სტრუქტურის გაუმჯობესებით უნდა იყოს დაკავებული.
შესაბამისად, უგულავა არა რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყების, არამედ რუსეთის შესაძლო აგრესიის შემთხვევაში ქვეყნის თავდაცვის აუცილებლობის შესახებ საუბრობდა.
-
ლევან ბერძენიშვილი
ვიდეოს შემდგომ მონაკვეთში მწერალი და ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილის ფრაზას ვხვდებით: “თუ საჭიროა, ომიც უნდა გვინდოდეს”.
ეს მონაკვეთი ამოჭრილია მთავარი არხის გადაცემა “შენი შუადღის”, 2023 წლის 22 თებერვლის ეთერიდან. ბერძენიშვილი “უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის და ხელისუფლების რიტორიკის შესახებ საუბრობდა, რომელიც მშვიდობასა და თავისუფლებას უპირისპირებს ერთმანეთს.
ლევან ბერძენიშვილი: „თავიდანვე, როგორც კი ითქვა, რომ მშვიდობა არის ყველაზე დიდი ღირებულება, რაც თავისთავად, ვინ შეიძლება შეეკამათოს, ამაშია მთელი მუღამი ამისი, ისეთ რამეს ამბობენ – აბა, ომი გინდათ? უნდა გითხრათ, რომ თუ საჭიროა, ომიც უნდა გვინდოდეს და დავით აღმაშენებელზე რომ თქვეს, ჩვენ ეგ ვართ, მაგ ხაზს ვატარებთო, იმ კაცმა ომით გააკეთა თავისი გასაკეთებელი. თუ ვინმეს ამაში რამე ეჭვი ეპარება, უბრალოდ ისტორიის სახელმძღვანელოში უნდა ჩაიხედოს, მაგრამ მშვიდობას თუ გამოაცხადებ და უსაფრთხოებას მთავარ ღირებულებად, მაშინ დათმეთო ბატონო თავისუფლება, ესაა სულ მათი ფილოსოფია“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ამავე გადაცემაში ბერძენიშვილი განმარტავს, რომ მშვიდობა ძალიან მყიფე ტერმინია და დღეს საქართველოში მშვიდობაზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან ჩვენი ტერიტორიის ნაწილზე მტერი დგას.
ლევან ბერძენიშვილი: “მშვიდობა ძალიან მყიფე ტერმინია, რას ნიშნავს… ახლა საქართველოში მშვიდობაა? როცა ტერიტორიები არი ოკუპირებული, როცა მტერი დგას იმ ტერიტორიაზე, როცა მისი ჯარი დგას, როდესაც სახელმწიფოს ტერიტორიაზე არავისი არმია არ უნდა იდგეს, რა მშვიდობაზეა ლაპარაკი, სადაა მშვიდობა?”
შესაბამისად, ბერძენიშვილის განცხადება ომისკენ მოწოდებას არ შეიცავს და ის ხელისუფლების მიერ თავისუფლებისა და მშვიდობის იდეების დაპირისპირების შესახებ საუბრობს, სადაც უპირატესობას თავისუფლებას ანიჭებს.
-
ზურაბ ჭიაბერაშვილი
ვიდეოს შემდგომ მონაკვეთში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრისა და საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილი ფრაზა მოცემული: “თუ ომი საჭიროა, დიახ, ომი მინდა”.
ეს ფრაზა ჭიაბერაშვილმა ტელეკომპანია ფორმულას გადაცემაში “კვირის ფორმულა” 2022 წლის 5 ივნისს გააჟღერა. გადაცემაში საუბარი ძირითადად ავტორიტარიზმის მახასიათებლებსა და მასთან ბრძოლის მეთოდებს შეეხებოდა.
ჭიაბერაშვილის მიხედვით, ავტორიტარიზმის დამარცხება პოლიტიკური პროცესის გარეშე შეუძლებელია და საქართველოშიც ამ პროცესს პოლიტიკური პარტიები უნდა ჩაუდგნენ სათავეში. ხოლო ჟურნალისტის შეკითხვაზე ამ პარტიების მიმართ ნდობის ნაკლებობის შესახებ, მან განაცხადა, რომ ეს მეტწილად პარტიების ბრალია და მათ ხელისუფლების პოლიტიკური მესიჯების წინააღმდეგ გაცილებით თამამად უნდა ისაუბრონ.
„პოლიტიკურმა პარტიებმა გაცილებით თამამად უნდა ილაპარაკონ და დაანგრიონ ის სტერეოტიპები, რაც საბოლოო ჯამში, ავტორიტარიზმის დანგრევას სჭირდება. რას ვგულისხმობ? – პირველი, მთავარი არის გამართული მესიჯი. როდესაც პოლიტიკური პარტიები ლაპარაკობენ არა საკუთარი დღის წესრიგიდან, არამედ კობახიძის დაბრალებულზე პასუხის პასუხის გაცემით, შეუძლებელია… იმ წუთას ოპოზიციური ამომრჩეველიც კი გრძნობს, რომ ძალა არ მოდის ამ პასუხებიდან.
სინამდვილეში, როცა გაბრალებენ, აბა, ომი გინდათ? თუ საჭიროა, უნდა უთხრა, რომ ქვეყნის თავისუფლებისათვის თუ ომი საჭიროა, დიახ, ომი მინდა. აბა, ისე დამოუკიდებლობა არ არსებობს, სუვერენიტეტი არ არსებობს. სახელმწიფოს არსი არის სუვერენიტეტი და სუვერენიტეტის არსი არის, რომ თუ შენ სუვერენიტეტი უნდა დაიცვა, ეს შეიძლება, იარაღითაც მოგიწიოს.“
აღსანიშნავია, რომ ჭიაბერაშვილი არა კონკრეტულად რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს პოზიციის, არამედ ავტორიტარიზმის დამარცხების პროცესში ოპოზიციური პარტიების გაძლიერების აუცილებლობის შესახებ საუბრობდა.
-
ნინო ლომჯარია
ვიდეოს შემდეგ მონაკვეთში საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ციტატაა მოცემული: “ბომბებისგან მიღებული რაღაცა ცეცხლი უფრო სჯობდეს…”. ლომჯარიას კადრები ტვ პირველის გადაცემიდან “ნოდარ მელაძის შაბათია” მოპოვებული. ყოფილმა სახალხო დამცველმა, რომელიც უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა, საქართველოს იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წინა დღეს გაკეთებული განცხადების შესახებ ისაუბრა, რომელშიც ღარიბაშვილმა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებთან არმიერთების გადაწყვეტილება გამოაცხადა.
ნინო ლომჯარია: „მე გუშინ ძალიან შემრცხვა. ხანდახან დგება მომენტი, რომ შეიძლება, რაღაც ბომბებისგან მიღებული ცეცხლი ჯობდეს იმ სირცხვილს და წვას, რაც ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ბევრმა ქართველმა ვიგრძენით. მე კარგად მესმის, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ის საფრთხეებიც მესმის, რომ შესაძლებელია სანქციების შეერთებით ჩვენ ბევრს ვერაფერს მივაღწიოთ, თუმცა ვფიქრობ, რომ გუშინ პრემიერმა, შეგნებულად ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად გააკეთა ეს განცხადება. მას უნდოდა, რომ ეს გაეგოთ მათ, ვისაც ესიამოვნებოდათ. ამის გაგონება, დარწმუნებული ვარ, მძიმე იყო უკრაინელებისთვის, ამიტომ თუ ვერ ვეხმარებით, გული მაინც არ უნდა ვატკინოთ ამ ადამიანებს“
როგორც ციტატიდანაც ჩანს, ლომჯარია საქართველოს ომში ჩართვის იდეას არ აჟღერებს და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთების საფრთხეებსაც უსვამს ხაზს, თუმცა, ის ასევე აღნიშნავს, რომ აუცილებელია ომში მყოფ ქვეყანას მორალური მხარდაჭერა მაინც გამოვუცხადოთ.
-
თინა ხიდაშელი
ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის ფრაზასაც ვხვდებით: “ჩვენ არანაკლებად ვიომებთ ვიდრე უკრაინა ომობს”. ეს ციტატა ხიდაშელმა ტელეკომპანია პალიტრანიუსის გადაცემაში “Newsroom” 2022 წლის 2 ივნისს გააჟღერა, სადაც ის ხელისუფლების მიერ დანერგილი ნიჰილიზმის შესახებ საუბრობდა.
გადაცემის ერთ-ერთ მონაკვეთში მისი წამყვანი და თინა ხიდაშელი საქართველოს არმიის შეიარაღებასა და NATO-სგან მიღებული შეიარაღების ახალი პაკეტის შესახებ საუბრობდნენ. გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამ თემების აფიშირებას არ ცდილობს. პასუხად ხიდაშელმა განაცხადა, რომ ამის ნაცვლად ხელისუფლება საქართველოს უძლურების განწყობის დათესვას ცდილობს.
თინა ხიდაშელი: “აფიშირება არ არის პრობლემა, იცით პრობლემა რაშია, რომ ამის სანაცვლოდ, რომ ამაზე გველაპარაკოს ხელისუფლება, მუდმივად პესიმიზმს თესავს და მუდმივად ისეთ განწყობას ქმნის, რომ ჩვენ ხომ არაფერი შეგვიძლია, ჩვენ ხომ უცბად დავმარცხდებით, ჩვენ ხომ ვერ ვიომებთ… ეს არის ტრაგიკული, იმიტომ რომ, ღმერთმა დაიფაროს, მართლა რამე რომ მოხდეს, იმის ნაცვლად რომ საზოგადოება იყოს ოპტიმისტურ განწყობაზე, იყოს მზადყოფნაში, რომ მისი ჯარი დაიცავს, ის თვითონაც მზად იქნება ამ გამოწვევისთვის ხო, იმიტომ რომ დედამიწის ზურგზე ჯერ არც ერთი ომი მარტო ჯარს არასდროს არ მოუგია თუ საზოგადოების შესაბამისი განწყობა და მხარდაჭერა არ არის…”
ხოლო ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რეალურად რა შეუძლია საქართველოს, ხიდაშელი პასუხობს, რომ ის ოპტიმისტურად უყურებს ქართული ჯარის შესაძლებლობებს და ომში წარმატება საზოგადოების განწყობაზეცაა დამოკიდებული.
ხიდაშელი: “ჩვენ არანაკლებად ვიომებთ, ვიდრე უკრაინა ომობს დღეს, ოღონდ იმ შემთხვევაში ვიომებთ, თუ ეს… დიდწილად ეს ამბები, რასაც ეხლა უკრაინაში ვუყურებთ ყოველდღე, ეს ხომ განწყობის შედეგია, საზოგადოების, მთელი ქვეყნის, იმ ჯარისკაცების მშობლების, მათი ოჯახის წევრების, რომლებიც სამხედრო თეატრში იმყოფებიან, უკან რა დგას ამისი შედეგია. აი ამის უზრუნველყოფა თუ მოვახდინეთ, მე ძალიან მაღალი ოპტიმიზმის მაქვს ქართულ ჯართან დაკავშირებით. მაგრამ თუ უცბათ აღმოვჩნდით, რომ მთელი დანარჩენი საზოგადოება ტანკზე სუფრას გადაუშლის რუსებს, ხო, რა თქმა უნდა მაშინ, ვერაფერს ვერ იზამენ ქართველები…”
შესაბამისად, ხიდაშელი არა რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომში ჩართვის, არამედ რუსეთის შესაძლო აგრესიის შემთხვევაში ქართული ჯარის შესაძლებლობებისა და ხელისუფლების მიერ ნიჰილიზმის დათესვის მცდელობის შესახებ საუბრობს.
-
გიორგი მარგველაშვილი
ვიდეოს შემდეგი მონაკვეთში საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ვხედავთ, რომელიც შემდეგ ფრაზას ამბობს “მაქსიმალური შეიარაღება, მაქსიმალური ჯარის მობილიზაცია”.
ეს კადრები ამოჭრილია ტელეკომპანია ტვ პირველის გადაცემიდან “რეაქცია”. მარგველაშვილმა ეს ფრაზა 2022 წლის 22 მარტს წარმოთქვა რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას.
გიორგი მარგველაშვილი: “მე ნამდვილად არ მინდა ომი და მე მიმაჩნია, რომ ადამიანი, რომელსაც ომი უნდა ან გარეწარია, ვისაც უნდა მკვლელობა და სხვების სიკვდილი, ან არანორმალური არი. მაგრამ არსებობს მარტივი ჭეშმარიტებები, პირველი, ინგა, ჩვენ დავიწყეთ კითხვის დასმა სამშობლოს დაცვაზე ისე, გეგონება ეს სიგიჟის ტოლფასი იყოს… ხო, სამშობლოსთვის, თუ დასჭირდა, უნდა ვიომოთ და არ არის აქ ექსტრაორდინალური არაფერი, მთელი ჩვენი წინაპრები ომობდნენ, რომ თქვენ, მათ შორის, ვინც ამას ამბობთ, ილაპარაკოთ ქართულ ენაზე და გერქვათ საქართველოს მოქალაქეები. ეს ერთი მომენტი, რომ ნუ ვიტყვით, რომ ომი ისეთი რამეა რომ კაცობრიობას არ უნახავს… ეხლა მეორე, როგორც რომაელები ამბობდნენ, გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის. თუ ჩვენ გვინდა მშვიდობა, ჩვენ მუხლებზე დამდგარს არავინ მშვიდობას არ გვაღირსებს…ამიტო თუ გვინდა მშვიდობა, მაქსიმალური შეიარაღება, მაქსიმალური ჯარის მობილიზაცია, მაქსიმალური რეზერვის მობილიზაცია იმისთვის რომ მშვიდობა იყოს.”
მაშასადამე, მარგველაშვილი არა ომის დაწყებაზე, არამედ სამშობლოს დასაცავად თავდაცვითი უნარების გაძლიერების აუცილებლობა საუბრობდა. რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს პოზიციას, ამავე გადაცემაში მარგველაშვილი ამბობდა, რომ სიტყვიერად პოზიციის დაფიქსირება აუცილებელია.
მარგველაშვილი: “თუ ჩვენ ამ ბრძოლაში სიტყვით, და სიტყვა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ჩვენ ამ ბრძოლაში სიტყვით ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია არ დააფიქსირეთ, რა თქმა უნდა ეხლა უშუალოდ თუ შენ არ ხოცავ ვიღაცას ხელები სისხლში არა გაქვს მაგრამ შენ იმათ გვერდით დგეხარ, რომლებიც შენ ამ სისხლიან ხელებს მიგცხებენ და მოგცხებენ, როდესაც მათ გვერდით დგეხარ”.
-
დავით უსუფაშვილი
ვიდეოში საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ფრაზასაც ვხვდებით: “თუ ასეთი მთავრობა მყავს, მაშინ წავიდნენ სახლში და ისეთი მაინც მყავდეს, რომელიც იტყვის, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ”. ეს მონაკვეთი მოპოვებულია TV პალიტრანიუსის გადაცემიდან “თავისუფალი სტუდია”, სადაც 2022 წლის 10 მარტს უსუფაშვილმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ საქართველოს შესაძლო ქმედებებზე ისაუბრა.
უსუფაშვილის მიხედვით, არც ის და არც მისი პარტია საქართველოს აგრესიული ქმედებებისკენ არ მოუწოდებენ, მაგრამ აუცილებელია საქართველომ იმის დემონსტრირება მოახდინოს, რომ დემოკრატიული სამყაროს გვერდში დგას.
დავით უსუფაშვილი: “მთავარი ისაა, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში, საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, უნდა დავიკავოთ მკაფიო პოზიცია. “ლელო” არასოდეს არ მოუწოდებდა და არ თვლის მიზანშეწონილად რაღაც სუპერ აგრესიულ ქმედებებს, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ვთვლით, რომ აუცილებელია ვიყოთ დემოკრატიული სამყაროს გვერდში. ყველას ესმის, რომ ჩვენ თავად ვართ ოკუპირებული…”
ჟურნალისტის შეკითხვაზე, დგას თუ არა საქართველო დემოკრატიული სამყაროდ გვერდით, უსუფაშვილი პასუხობს, რომ ხელისუფლების კომუნიკაციის სერიოზული პრობლემის გამო საქართველო საკუთარი პოზიციის დემონსტრირებას ვერ ახდენს. ხოლო პარტია “ლელოს” მოთხოვნები სწორედ მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას ითვალისწინებს:
უსუფაშვილი: “შორიახლოს ვდგავართ და სადაც ვდგავართ იმის დემონსტრირებასაც ვერ ვახერხებთ, იმიტომ რომ დღევანდელი საქართველოს ლიდერები, რომლებსაც სერიოზული პრობლემა აქვთ, ესე-იგი კომუნიკაციისაც კი, ისე ელაპარაკებიან მთელს მსოფლიოს, როგორც საკუთარ ოპონენტებს რუსთაველზე გამართულ მიტინგზე და ამან ძალიან ბევრი რამ დააზარალა. ჩვენ არ ვითხოვთ ომს საქართველოში, ჩვენ ვითხოვთ ზომებს ომის თავიდან ასაცილებლად, ამიტომ ამბობს… “ლელოს” მოთხოვნები პირველი დღიდან რა იყო? მოთხოვნებში იგულისხმება იმ ტიპის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ მკაფიო, პრინციპულ პოზიციას დაგვაკავებინებს. მითუმეტეს, რომ ჩვენ ვართ უკვე ოკუპირებული, უკვე მსხვერპლი ვართ რუსეთის აგრესიის”.
შესაბამისად, უსუფაშვილი თავადვე განმარტავს, რომ ომის მომხრე არაა. გავრცელებულ ვიდეოში გამოყენებული ციტატა კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი, რაც უსუფაშვილის პასუხს შინაარსს უცვლის.
-
ნიკა გვარამია
ვიდეო სხვადასხვა ქართველი ოპოზიციონერისა და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის კადრებით გრძელდება, სადაც მხოლოდ მათ მიერ ნათქვამი სიტყვა “ომი” ჩანს და სრულდება წარწერით “არა ომს! არა აგენტურას!”.
კოლაჟის ეს ნაწილი პოლიტიკური ალიანსი “ახალის” თანადამფუძნებლის ნიკა გვარამიას კარდით იწყება. გვარამიას ჩაცმულობასა და ვიდეოს სხვა დეტალებზე (სათვალე, მიკროფონი, გადაცემის დასახელების ნაწილი გვარამიას უკან) დაკვირვებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის ტელეკომპანია ფორმულას გადაცემა “განსხვავებული აქცენტების” 2024 წლის 16 ივლისის ეთერიდანაა ამოჭრილი.
მარცხნივ: სქრინშოტი ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოდან, მარჯვნივ: სქრინშოტი გადაცემიდან “განსხვავებული აქცენტები”
აღნიშნულ გადაცემაში გვარამიამ ამავე დღეს ქართული ოცნების ახალი ოფისის განხსნაზე ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლის შესახებ ისაუბრა. გვარამიას მიხედვით, ივანიშვილის გამოსვლის ძირითადი მესიჯები ბოლო 12 წლის განმავლობაში არ შეცვლილა და მას ქართველი ხალხის კეთილდღეობასა და სხვა საჭიროებებთან კავშირი არ აქვს.
ნიკა გვარამია: “თორმეტი წლის წინანდელ ტექსტებს რომ შეადაროთ არის ერთი და იგივე. ყველას ამ ქვეყანაში მობეზრდა “სისხლიანი ცხრა წელის” მოსმენა, “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის” მოსმენა, ეს არის დაუმთავრებელი კაკაფონია, რომელსაც ისეთივე შედეგი აქვს ჩვენს კეთილდღეობაზე, ჩვენი ბედნიერებისკენ სწრაფვაზე, ჩვენ უსაფრთხოებაზე, მათ შორის და იმ ომსა და მშვიდობის საკითხზე, როგორიც აქვს ოპერისა და ბალეტის თეატრში ვინ როგორ ცეკვავს იმ საკითხს”.
ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოსთვის გვარამიას ამ ციტატიდან მხოლოდ სიტყვა “ომსა” არის ამოჭრილი. კადრის ამგვარი გამოყენება შეუძლებელს ხდის გვარამიას განცხადების შინაარსის გაგებას და სხვა კადრებთან მოთავსებით ის განსხვავებულ შინაარსს იძენს.
-
გიორგი გახარია
ერთ-ერთ კადრში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ვხედავთ. გახარიას ჩაცმულობა და ვიდეოს ფონი საშუალებას გვაძლევს ამოვიცნოთ, რომ კადრი 2022 წლის 8 აგვისტოსაა გადაღებული და გახარიას შინდისის გმირთა მემორიალთან ვიზიტს ასახავს.
მარცხნივ: სქრინშოტი ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოდან, მარჯვნივ: სქრინშოტი ტელეკომპანია ფორმულას სიუჟეტიდან.
გიორგი გახარიას შეკითხვა აგვისტოს ომის დაწყების თარიღის შესახებ დაუსვეს, რის პასუხადაც მან განაცხადა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ომის დაწყების თარიღზე კამათი:
“ერთიანობა დღეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და დღეს იმის მაგივრად რომ ქართველები ვდავობდეთ ომი როდის დაიწყო, ან ეს ომი ვინ დაიწყო, ერთად უნდა ვზრუნავდეთ და ვიცავდეთ ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.”
შესაბამისად, გახარიას ეს კადრი მანიპულაციურადაა გამოყენებული და მას როგორც სხვა კადრების თემატიკასთან, ასევე ომის დაწყებისკენ მოწოდებასთან კავშირი არ აქვს.
-
ელენე ხოშტარია
კიდევ ერთ კადრში პარტია “დროას” დამფუძნებელს ელენე ხოშტარიას ვხედავთ. ვიდეოში ხოშტარიას ფონსა და მის წინ არსებულ მიკროფონზე დაკვირვებით ცხადი ხდება, რომ კადრი 2024 წლის 30 აპრილს ხოშტარიას მიერ “ფორმულა ნიუსთან” გაკეთებულ კომენტარს ასახავს.
მარცხნივ: სქრინშოტი ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოდან, მარჯვნივ: სქრინშოტი “ფორმულა ნიუსის” სიუჟეტიდან
ელენე ხოშტარიას კომენტარი 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას ეხებოდა.
ელენე ხოშტარია: “მან [ბიძინა ივანიშვილმა] ომი გამოუცხადა მთელს მსოფლიოს პრაქტიკულად, ოღონდ ომი ძალიან კომიკურია მისი მხრიდან ,ძალიან პატარაა ბიძინა ივანიშვილი იმ დიდ მასშტაბში რომელშიც ის იმყოფება, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო, დასავლეთი – ევროპა, ამერიკა, ძალიან მკაფიო არის, რომ ისინი არ აპირებენ საქართველოს მოსახლეობის ბრძოლის დათმობას”.
შესაბამისად, ხოშტარიას კომენტარი რუსეთ-უკრაინის ომს, ან საქართველოს ომში ჩართვას არ ეხებოდა და კადრი მანიპულაციურადაა გამოყენებული.
-
სალომე ზურაბიშვილი
ვიდეოში გამოყენებული ბოლო კადრი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ასახავს. მის შემთხვევაშიც, განცხადებიდან მხოლოდ სიტყვა “ომია” ამოჭრილი. ზურაბიშვილის ჩაცმულობასა (საყელოს ფორმა, გულსაბნევი, ვარცხნილობა) და ფონზე დაკვირვებით, ცხადი ხდება, რომ კადრი პრეზიდენტის მიერ ტვ პირველისთვის მიცემული ინტერვიუდანაა ამოჭრილი, რომელიც 2023 წლის 24 მარტით თარიღდება.
მარცხნივ: სქრინშოტი ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოდან, მარჯვნივ: სქრინშოტი დიანა ტრაპაიძის ინტერვიუდან
ინტერვიუს მანძილზე პრეზიდენტი ომს არაერთხელ ახსენებს, თუმცა, ომისკენ მოწოდებას არც ერთხელ არ აჟღერებს. პრეზიდენტის განმარტებით, დასავლელ პარტნიორებს კავკასიის რეგიონში სტაბილურობა სჭირდებათ:
სალომე ზურაბიშვილი: “საქართველო დღეს არის ისეთ რეგიონში, კავკასიაში, რომელიც ყველასთვის ძალიან საჭიროა სტაბილურობისთვის და არა “მეორე ფრონტისთვის”, ჩვენი სტაბილურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი”
ის “მეორე ფრონტის” იდეას კიდევ ერთხელ ახსენებს და ამბობს, რომ რეალურად, ამ სცენარს არავინ არ ამზადებს:
ზურაბიშვილი: “ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც არავინ არ ამზადებს მეორე ფრონტს და რომ ეს სქემა არის საერთო თემა ხელისუფლების, არძინბასი და ლავროვის, სიმონიანის, ვინ კიდე, არ ვიცი მათი ყველას სახელები. ეს ხომ უნდა იყოს ყველასთვის ძალიან გასაკვირი, რა მეორე ფრონტი და როდის იყო რომ ჩვენი დასავლეთის პარტნიორები ჩვენ გვიწვევდნენ რამე ომში?.. არავის არ აქვს სურვილი, რომ კიდევ ზედმეტი სადმე დესტაბილიზაცია… პირიქით, ყველა ოცნებობს იმაზე, რომ “შავი ზღვა”, კავკასია, თუნდაც იმ აზერბაიჯანი-სომხეთის ომის პირობებში, რომ ესეც იყოს დაწყნარებული და დაშოშმინებული. არავის არ აქვს სურვილი რამე ახალი წამოწყების…”
ზურაბიშვილის კადრი, ისევე როგორც ყველა წინა მონაკვეთი მანიპულაციურადაა გამოყენებული იმ მიზნით, რომ შეიქმნას განწყობა, რომ ეს პირები საქართველოს ომში ჩართვას ითხოვენ ან აპირებენ, რასაც, როგორც საზოგადოებაში შიშის დანერგვის, ასევე ამ პირების დისკრედიტაციის ეფექტი აქვს.
სხვა პოლიტიკოსები
ვიდეოში ასევე გამოყენებულია მამუკა ხაზარაძის, თინა ბოკუჩავასა და ნიკანორ მელიას კადრები, თუმცა, კადრების მცირე ზომისა და მათში დეტალების ნაკლებობის გამო, “მითების დეტექტორმა” ვერ დაადგინა, თუ კონკრეტულად საიდანაა მოპოვებული ისინი. თუმცა, არც ერთ ამ პიროვნების საჯარო განცხადებებში ომისკენ მოწოდება არ იძებნება. სამივე მათგანმა წარსულში “ქართული ოცნება” სანქციებთან არმიერთების გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა (1, 2, 3). ასევე, მამუკა ხაზარაძემ მმართველი გუნდის მტკიცებას “ომის პარტიის” შესახებ გებელსის ტიპის მეთოდი უწოდა და განაცხადა, რომ “ომის პარტია” ის პარტიაა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ღალატობს.
წყაროს შესახებ:
ანონიმური ფეისბუქ ანგარიში “პოლიტ ოლოგი” ოპოზიციის მადისკრედიტირებელ ინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს. გარდა ამისა, 2024 წლის სექტემბერში ანგარიშმა კესარია აბრამიძის მკვლელობასთან დაკავშირებული სიუჟეტი და მასში ჟურნალისტის კომენტარი მანიპულაციურად გაავრცელა.
არქივი: 1
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.