20 ნოემბერს რუსულენოვანმა ანგარიშმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ უღებს რამდენიმე კამერა ნანგრევების ფონზე მოსიარულე ადამიანებს. ვიდეოზე დატანილია უკრაინის დროშა და წარწერა: “კარგი კინო უკრაინიდან”. პოსტის კომენტარებიდან ჩანს, რომ ფეისბუქ-მომხმარებლების ნაწილი ვიდეოს იმის მტკიცებულებად აღქვამს, რომ უკრაინაში ომის კადრები დადგმულია.
იდენტური ვიდეო 1 ნოემბერს სხვა რუსულენოვანმა ანგარიშმაც გაავრცელა და აღწერაში დაურთო ტექსტი: “და გინდათ, ბუჩა გადავიღოთ…დუბლი 35, კამერა, მზადაა… ჰააგა”.

რუსული ანგარიშები მანიპულაციურად ავრცელებენ ვიდეოს, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს უკრაინაში ომის კადრები დადგმულია. სინამდვილეში, ვიდეო ფილმის “ომი ცხოველების თვალით” გადაღების პროცესს ასახავს და უკრაინულ მხარეს ის რეალურ კადრებად არ წარმოუჩენია. ამას ადასტურებს როგორც ვიდეოს პირველწყარო, ასევე გადასაღები მოედნიდან გავრცელებული სხვა ფოტოები.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოს პირველწყაროს ძიებისას დავადგინეთ, რომ ის ტიკ-ტოკზე უკრაინულმა ანგარიშმა გაავრცელა. ვიდეო 15 ნოემბრით თარიღდება და თან ახლავს წარწერა “ფილმის “ომი ცხოველების თვალით” გადასაღებ მოედანზე.” ვიდეოს გამავრცელებელი ტიკ-ტოკ ანგარიშის სახელია “allakri7”. მისი სხვა სოციალური ქსელების ანგარიშების (Facebook; Instagram) დათვალიერებით ვიგებთ, რომ ის უკრაინაში ცხოვრობს და სავარაუდოდ, მსახიობია.

უკრაინული ფილმი “ომი ცხოველების თვალით” (Війна очима тварин) 2025 წელს გამოვიდა. ის მოიცავს ექვს მოკლე ისტორიას, რომლის მთავარი გმირებიც ცხოველები არიან და უკრაინაში მიმდინარე ომისგან იტანჯებიან. ფილმში უკრაინელ მსახიობებთან ერთად შონ პენიც თამაშობს.
უკრაინული მედია ფილმზე მუშაობის პროცესშიც წერდა და გადასაღები მოედნიდან ფოტოებს ავრცელებდა. ფოტოებისა და სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოების შედარებით დასტურდება, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო სწორედ ფილმის გადაღების მომენტს ასახავს.

წყარო: Надано командою фільму

ამდენად, უკრაინული მხარე აღნიშნულ კადრებს ომის რეალურ სცენებად არ ასაღებს. ის ფილმის “ომი ცხოველების თვალით” გადაღებებს ასახავს და არასწორია ვიდეოს საფუძველზე იმის მტკიცება, თითქოს უკრაინელები ომის კადრებს დგამენ.
“მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა ვიდეოები მსგავსი მტკიცებით. წარსულშიც დავადგინეთ, რომ მტკიცება ყალბი იყო, ვიზუალური მასალები კი ან გაყალბებული იყო, ან ძველ კადრებს იყენებდნენ:
- ვიდეომანიპულაცია, თითქოს გავრცელებული კადრები ამტკიცებს, რომ უკრაინელები მსხვერპლს აყალბებენ
- ვიდეოფაბრიკაცია, თითქოს კიევის ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის კადრებში მსახიობი ექიმი მონაწილეობს
- ომი უკრაინაში 2022 წელს თუ პირველადი დახმარების ტრენინგი 2016 წელს – რას ასახავს ფოტოკოლაჟი?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















