11-13 აგვისტოს გაზეთ ასავალ-დასავალის ჟურნალისტმა, ზაზა დავითაიამ და ფეისბუქ-ანგარიშმა ,,ფან ტინა” გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელიც, მათი ინფორმაციით, ერაყშია გადაღებული და ადგილობრივების მიერ ჩატარეულ ოლიმპიადის საწინააღმდეგო აქციას ასახავს. ვიდეოში ჩანს მსვლელობა, რომელსაც ქრისტიანული სიმბოლოებით – ჯვრებითა და ხატებით მიუძღვებიან. ასევე, მონაწილეებს აცვიათ ჯვრის გამოსახულებიანი მაისურები. ზაზა დავითაია ამბობს, რომ “პროტესტის ნიშნად, რაც საფრანგეთში მოხდა”, ერაყელი მუსლიმები ქრისტიანებს სოლიდარობას უცხადებენ და ქრისტიანული ხატებით მარშს აწყობენ. ვიდეოზე დატანილია წარწერა “მარში ქრისტესთვის ერაყში”.
ფეისბუქ-მომხმარებლები ვიდეომანიპულაციას ავრცელებენ, რადგან მტკიცება, თითქოს ერაყში ადგილობრივმა მუსლიმებმა ქრისტიანების სოლიდარობის ნიშნად ოლიმპიადის საწინააღმდეგო აქცია მოაწყვეს, სიმართლეს არ შეესაბამება. გავრცელებული ვიდეო ყველაზე ადრე 2022 წელს იძებნება და გადაღებულია იმ ადგილზე, სადაც ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალების სამხედრო აღლუმი იმართება. კადრებში 50-ე ბრიგადის, Kataib Babiliyoun-ის “ქრისტიანული კომპონენტის” წევრებს ჩანან.
-
სად არის ვიდეო გადაღებული და რას ასახავს ის?
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ერაყში ადგილობრივების მიერ პარიზის ოლიმპიადის გაპროტესტება არაა ნაჩვენები. ღია წყაროებით არ იძებნება ინფორმაცია, რომ ადგილობივებმა ოლიმპიადის გახსნა მსგავსი ფორმით გააპროტესტეს. ცნობები იძებნება მხოლოდ იმის შესახებ, რომ სასულიერო პირები შეუერთდნენ საერთაშორისო რელიგიურ ორგანოებს და დაგმეს სცენა, რომელსაც საიდუმლო სერობის იმიტაციად მიიჩნევენ.
გავრცელებული ვიდეო, ყველაზე ადრე, 2022 წელს იძებნება. როგორც ადგილობრივი ფეისბუქ-მომხმარებლის აღწერაში ვკითხულობთ, ვიდეო აღლუმში “ქრისტეს ბრიგადის” მონაწილეობას ასახავს. იგივე ვიდეო 2023 და 2024 წლებშიც ვრცელდებოდა (1;2;3) და მას უწოდებდნენ “მარშს ქრისტესთვის”
მსვლელობის მონაწილეების ფონზე ჩანს ბანერები, რომელზეც კაცის ფოტოებია გამოსახული. ასევე ვხედავთ თეთრ, წითელ და შავ ფერებში მცირე ზომის ნაგებობას. 2022 წელს ერაყში მსგავსი ფოტოების ფონზე, იმავე ადგილას, სახალხო მობილიზაციის ძალების (PMF) სამხედრო აღლუმი გაიმართა. ვიდეოზე აღბეჭდილი დეტალები ერაყის სამხედრო აღლუმის ოფიციალური კადრებში ნაჩვენების იდენტურია.



ბანერბზე ასახული კაცი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისია, ის სახალხო მობილიზაციის ძალების მეთაურის მოადგილე იყო, 2020 წელს ალ-მუჰანდისი ირანელ “ყუდსის ძალების” ხელმძღვანელ ყასემ სოლეიმანთან ერთად აშშ-ის საჰაერო იერიშისას მოკლეს.
ვიდეოში მსვლელობის მონაწილეებს ჯვრის გამოსახულებიანი შავი მაისურები აცვიათ, ასევე, უჭირავთ ჯვრები და ხატები. აღლუმის ოფიციალურ კადრებში ჩანს, რომ მსვლელობაში მსგავსი ჯგუფიც მონაწილეობდა. მათ იგივე სამოსი ეცვათ და ჯვრებიც ეჭირათ, თუმცა წინ ხატებით არ მიუძღვოდნენ. სავარაუდოა, რომ გავრცელებული ვიდეო ძირითადი მსვლელობისთვის სამზადისს ასახავს.

-
ვის ასახავს სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო?
აღლუმის კადრებში ჩანს, რომ ბრიგადას, რომლის წევრებსაც ჯვრიანი მაისურები აცვიათ, წინ მოუძღვება დროშიანი პირი. დროშაზე დატანილია სიმბოლო და წარწერა, რომელიც ინგლისურად ითარგმნება, როგორც ‘Kurdos, the 50th Brigade” (ქურთები, 50-ე ბრიგადა).
მსგვასი ვიდეო, სხვა რაკურსით გადაღებული, 2022 წელს ფეისბუქზე გამოაქვეყნა 50-ე ბრიგადის ლიდერმა, ოსამა ალ-კალდანიმ და დაწერა: 50-ე ბრიგადის “ქრისტიანული კომპონენტის” გმირები სახალხო მობილიზაციის აღლუმზე.
სამხედრო დაჯგუფება Kataib Babiliyoun (50-ე ბრიგადა) 2017 წელს ქალდეველი ქრისტიანების მიერ შეიქმნა. დაჯგუფება წარსდგა როგორც ადგილობრივი ქრისტიანული ძალა, თუმცა მის შემადგენლობაში, ძირითადად, შიიტი მუსლიმები იყვნენ. ჩამოყალიბების პირველივე წელს, გაერთიანების წევრები მაროდიორობისა და მონასტრების ძარცვის გამო, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ერაყის ერთ-ერთი რეგიონიდან გააძევეს. დაჯგუფება რაიან ალ-კილდანის, იგივე რაიან ქალდეველის მიერ არის ჩამოყალიბებული, რომელიც აშშ-ს მიერ არის სანქცირებული. 2019 წელს ის ძმამ, ოსამა ალ-კილდანმა ჩაანაცვლა, თუმცა კვლავ ინარჩუნებს ძლიერ გავლენას როგორც ბრიგადაზე, ასევე საკუთარ ძმაზე. რაიან ქალდეველს აქვს პოლიტიკური პარტია “ბაბილონის მოძრაობა” და ის პრო-ირანულ ძალებთან არის დაკავშირებეული. დაჯგუფება მონაწილეობდა თურქულ და ამერიკულ ძალებზე თავდასხმაში და ერაყში ყველაზე ნაკლებად კონტროლირებადი გაერთიანებაა.
პარიზის ოლიმპიადასთან დაკავშირებით არაერთი შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია გავრცელდა. ,,მითების დეტექტორმა” უკვე გადაამოწმა ოლიმპიადის სამხატვრო გაფორმებასთან, სპორტსმენებთან თუ ორგანიზტორებთან დაკავშირებული საეჭვო ცნობები:
- დაუპირისპირდა თუ არა პარიზის ოლიმპიადაზე იტალიელ სპორტსმენს ტრანსგენდერი მოკრივე და რა ვიცით იმანე ხელიფზე?
- AP News-ის გაყალბებული სქრინშოტით თომას ჟოლის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
- საიდუმლო სერობა თუ მითოლოგია – რას ასახავს სცენა პარიზის ოლიმპიადაზე და რატომ მოიხადეს ბოდიში ორგანიზატორებმა?
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ ანგარიში ,,ფან ტინა”, ოთხი სხვადასხვა პროფილით (1, 2, 3, 4) სისტემატურად ავრცელებს ყალბ ინფორმაციას. მის ფეისბუქზე გამოქვეყნებული ცნობები ,,მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.