NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ოლენა ზელენსკას ყალბი ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ოლენა ზელენსკა
165
VIEWS

22-27 ოქტომბერს ქართულ და რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას ფოტო და ციტატა გაავრცელეს, რომელშიც ვკითხულობთ: “NATO-ში შესვლის გამო, ჩვენ, უკრაინელები, მზად ვართ 20-30 წელი გავძლოთ ელექტროენერგიის, გათბობის, წყლის, საკვების გარეშე და შეგვიძლია თოვლშიც კი დავიძინოთ”.

 ოლენა ზელენსკა

ოლენა ზელენსკას სახელით გავრცელებული ციტატა ყალბია. მსგავსი ფრაზა მან 2022 წელს BBC-სთან ინტერვიუში გააჟღერა, სადაც არა რთული პირობების 20-30 წლით გაძლებაზე და NATO-ში შესვლაზე, არამედ 2-3 წელზე და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრობდა. 

ოლენა ზელენსკას ციტატა 20-30 წლით ელემენტარული საარსებო პირობების გარეშე გაძლების შესახებ ღია წყაროებში არ იძებნება. ციტატასთან ყველაზე ახლოს მსგავსებით უკრაინის პირველი ლედის ფრაზაა, რომელიც მან 2022 წლის 25 ნოემბერს BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააჟღერა. ინტერვიუში, სხვა საკითხებთან ერთად, ელექტროენერგიის გათიშვის, მოახლოებული ზამთრისა და ომის ხანგრძლივობაზე უკრაინელების აზრის შესახებ საუბრობდნენ. ზელენსკამ სოციოლოგიურ კვლევაზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც, მისი თქმით, უკრაინელების უმრავლესობამ განაცხადა, რომ ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე გაძლებდა 2-3 წელიწადი, თუ  ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას დაინახავდა.

ოლენა ზელენსკა: “შემიძლია ჩემი შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ. სულ ახლახანს, გასულ კვირას, დასრულდა სოციოლოგიური კვლევა – უკრაინელებს ჰკითხეს, რამდენ ხანს შეძლებდნენ ამ პირობების ატანას, ელექტროენერგიის, გათბობის გარეშე. ჩვენ ვიცით, რომ ზამთარი შეიძლება ჩვენთვის კიდევ ერთი გამოცდა გახდეს, თუ ჩვენს სახლებში გათბობა არ იქნება. უკრაინელების უმრავლესობამ – გამოკითხულთა 90%-ზე მეტმა – უპასუხა, რომ მზად არიან ორი ან სამი წლის განმავლობაში აიტანონ ეს, თუ ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების პერსპექტივას დაინახავენ. მათ სურთ, რომ ამ ევროპულ ოჯახში თანასწორები იყვნენ. ჩვენ ვიცით, რატომ: გამარჯვებისთვის, თავდაჯერებისთვის, იმიტომ, რომ ეს დემოკრატიული ოჯახი გველოდება და ჩვენ გვინდა, რომ იქ სხვებთან თანასწორად ვიყოთ. უკრაინელები მზად არიან ამის ასატანად. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი ამ ყველაფრის მიმართ”.

ჟურნალისტმა ზელენსკას “2-3 წლის” შესახებაც ჰკითხა, რის პასუხადაც უკრაინის პირველმა ლედიმ იმედი გამოთქვა, რომ ომი უფრო მალე დასრულდება, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ზუსტად არავინ იცის

შესაბამისად, გავრცელებული ციტატისგან განსხვავებით, ზელენსკამ ინტერვიუში არა 20-30, არამედ 2-3 წელი ახსენა და არა NATO-ში, არამედ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე ისაუბრა. ასევე, ინტერვიუში ზელენსკას წყლის და საკვების გარეშე დარჩენაზე ან თოვლში ძილზე არაფერი უთქვამს. 

“მითების დეტექტორმა” ოლენა ზელენსკას გაყალბებული ციტატა წარსულშიც გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ მასალაში

არქივის ბმულები: 1; 2 


მოამზადა ლიზი ჭკადუამ 
“მითების დეტექტორის” ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist