5 იანვარს მთავარი არხის ეთერში ჟურნალისტმა გალის მუნიციპალიტეტ სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გაშუქებისას თქვა (1;2), რომ ოკუპირებული აფხაზეთი ჩაბნელებულია, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ და რუსეთმა მათ დენის მიწოდება შეუწყვიტეს.
ჟურნალისტი ემა გოგოხია: “ოკუპირებულ სოფელ საბერიოში ნათესავებს დავუკავშირდით, ისინი აცხადებენ, რომ სოფელში შუქი არ იყო და სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ბებიამ ვერ გაარჩია ჭურჭელი, რომელშიც ბენზინი ესხა და მეორე ჭურჭელი, რომელშიც ნავთი ესხა. როგორც იცით, მთლიანად ჩაბნელებული არის ოკუპირებული აფხაზეთი, იქ საქართველოს ხელისუფლებამ შეუწყვიტა მათ დენის მიწოდება, ასევე, რუსეთმა შეუწყვიტა და მთლიანად გალის სოფლები არის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი.”
ჟურნალისტი ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოზე საუბრისას ელექტროენერგიის მიწოდების საკითხით მანიპულირებს. მართალია, საქართველოს მთავრობა აფხაზეთს ელექტროენერგიით დამატებით არ დახმარებია, თუმცა მიწოდების პრობლემა ენგურჰესის წყლის დონის კლებამ გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული აფხაზეთი ენგურჰესიდან უფასო ელექტროენერგიას იღებს, ხოლო 40/60 პარიტეტის დაცვა, რომლის მიხედვითაც ნაწილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას უნდა მოხმარდეს, ხშირად ირღვევა და უმეტესი წილი სწორედ აფხაზეთს მიეწოდება.
-
რამ გამოიწვია ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის შეზღუდვა?
ოკუპირებული აფხაზეთის ელექტრომომარაგების წყარო ენგურჰესისა და ვარდნილჰესების მიერ გამომუშავებული და რუსეთიდან მიღებული ელექტროენერგიაა. ენგურჰესის ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოხვედრილი, არსებული შეთანხმების მიხედვით, გამომუშავებული ელექტროენერგია ოკუპირებულ ტერიტორიებს და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას 40/60-ზე განაწილებით უნდა მიეწოდოს. თუმცა, 40/60-ზე პარიტეტის დაცვა არ ხდება და ელექტროენერგიის მეტი ნაწილი ხშირად ოკუპირებულ აფხაზეთში მიდის.
ამავდროულად, ჯვრის წყალსაცავში ზამთრის დასაწყისში წყლის დონე ეცემა, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში დეფიციტს ზრდის. აღსანიშნავია ისიც, რომ ენერგეტიკის ექსპერტების აზრით, ოკუპირებულ აფხაზეთში დეფიციტის ნახევრის წყარო კრიპტოვალუტის მაინინგ მოწყობილობების მოხმარებაა. 2024 წლის დეკემბერში, როდესაც აფხაზეთის მოხმარებამ ენგურჰესის გამომუშავებას გადააჭარბა, გენერატორები ავტომატურად გაჩერდა, რამაც ნახევარსაათიანი შეფერხება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ გენერატორებთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარდა, ენგურჰესი განცხადებაში აღნიშნავდა, რომ ელექტრომომარაგების მხრივ სიტუაცია კვლავ მძიმე რჩებოდა და ენგურჰესი და ვარდნილჰესი რეზერვის არარსებობის გამო იმ წყლის შესაბამისად მუშაობდა, რომელიც მდინარეში მოდიოდა. 11 დეკემბერს ენგურჰესის ტექნიკურმა დირექტორმა, გია ხუბუამ აღნიშნა, რომ ჰიდროელექტროსადგური არ გაჩერებულა და ერთი აგრეგატი მინიმალურ დონეზე მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთი ენგურჰესიდან უფასო ელექტროენერგიას იღებს; ტურბინები აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, სადგურს კი მთლიანად ქართული კომპანია მართავს. ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელს, ლევან მებონიას მედიაში გავრცელებული განმარტებით, იმის გამო, რომ აფხაზეთი არ იხდის გამომუშავების საფასურს, ჰიდროელექტროსადგური იძულებულია, ელექტროენერგიის ნაწილი საზღვარგარეთ გაყიდოს და ამით გადაიხადოს უფასო მოხმარება. ხოლო თუ აფხაზეთი თავის კვოტას გადაიხდის, მაშინ წყალსაცავში მეტი წყალი იქნებოდა, რადგან ჰიდროელექტროსადგურს ელექტროენერგიით ვაჭრობა არ მოუწევდა.
წინა წლებში, იმ პერიოდში, როცა ენგურჰესიდან ელექტროენერგიის მომარაგების პრობლემა იქმნებოდა, ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგია რუსეთიდან მიეწოდებოდა. თუმცა, 2024 წელს სიტუაცია გართულდა. სექტემბრიდან რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება გარკვეული ვალდებულებების შესრულებამდე შეუჩერა. ამავე დროს, დადგა საკითხი, რომ რუსულ ელექტროენერგიის ნაკადში, რომელსაც ყოველ წელს იღებდნენ, კომერციული ფასი უნდა გადაეხადათ. ნოემბრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტრომომარაგების პრობლემა შეიქმნა და შეზღუდვები დაწესდა. 1-ელ ნოემბერს რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს 4 საათიანი შეზღუდვა დაუწესა, ხოლო 11 დეკემბრიდან ეს შეზღუდვა კიდევ უფრო გაიზარდა და დღის განმავლობაში ელექტროენერგია მხოლოდ 3 საათით, ხოლო ღამის საათებში 22:00-დან 08:00-მდე მიეწოდებოდათ. ამ მიზეზის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა. 23 დეკემბრიდან რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტრომომარაგება ისევ 4-4 საათიანი შეზღუდვით აღუდგინა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ე.წ. მოქმედმა პრეზიდენტმა, ბადრი გუნბამ რუსეთს მიმართა თხოვნით, ელექტროენერგიის სახით მათთვის ჰუმანიტარული დახმარება მიეცათ.
-
როგორ მარაგდება ოკუპირებული აფხაზეთი ელექტროენერგიით?
აფხაზეთის ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე, ასევე, კრიზისის გამომწვევ მიზეზებსა და საქართველოს როლზე “მითების დეტექტორი” ენერგეტიკოს გია არაბიძეს ესაუბრა. როგორც ის განგვიმარტავს, შეთანხმება, რომ ენგურჰესიდან ოკუპირებული ტერიტორიისთვის ენერგიის მიწოდების წილი 40/60-ზეა, სიტყვიერია და მისი დაცვა მეტ-ნაკლებად ხდება. კრიზისის პერიოდში (ნოემბრის შუა რიცხვებიდან იანვრის ჩათლით) ენგურის მიერ გამომუშავებული ენერგია ოკუპირებულ აფხაზეთს მთლიანად (უსასყიდლოდ) მიეწოდებოდა. პარალელურად, ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთიდან მიეწოდებოდა ელექტროენერგია, რომელსაც ე.წ. სოციალურ დენს უწოდებენ.
“როგორც წესი, ნოემბრის შუა რიცხვებიდან და დეკემბერ-იანვარშიც ენგურის მიერ გამომუშავებული ელექტრული ენერგია მთლიანად მიეწოდებოდა აფხაზეთს. ამ შემთხვევაში, აქ 40/60 არ არსებობდა. დაახლოებით, ეს ენერგია დღე/ღამის განმავლობაში 2/2.5 კვტ. საათი იყო, ხშირ შემთხვევაში, მასზე ნაკლები. აი, ეს ენერგია გამომუშავდებოდა ენგურში, ენგურის მიერ გამომუშავებული ენერგიის თითქმის 90%-ზე მეტი მიდიოდა აფხაზეთისკენ. დანარჩენის შევსება ხდებოდა რუსეთიდან. როდესაც აფხაზეთს რუსეთიდან ელექტროენერგიის მოწოდების პრობლემა არ ჰქონდა, მოიხმარდნენ, დაახლოებით, 9.5-10 მილიონამდე კილოვატ საათს დღე/ღამის განმავლობაში. ესე იგი, ენგურიდან შედიოდა 2-2.5, დანარჩენი მოდიოდა სალხინოდან და ნაკადულიდან. მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო სიტუაცია.
შემდეგ ამას პოლიტიკური წიაღსვლები აქვს – მოხდა ის, რომ სექტემბერში რუსეთმა შეწყვიტა ე.წ. სოციალური ელექტროენერგიის მიწოდება და მოსთხოვა, რომ მიაწვდიდნენ, მაგრამ უნდა გადაეხადათ. აფხაზებისათვის სერიოზული პრობლემა შეიქმნა, იმიტომ, რომ რუსეთი მათ, დაახლოებით, 3 ცენტის ფარგლებში, 4 რუბლზე იყო საუბარი, აწვდიდა კილოვატ საათ ელექტრულ ენერგიას. ეს საკმაოდ დიდი თანხა გამოდიოდა, იმიტომ, რომ აფხაზებს მთლიანად რომ ამოეღოთ თავის ტერიტორიაზე მოხმარებული ელექტრული ენერგიის საფასური, იქ ტარიფი ამ ენერგიისა ცენტი, ცენტნახევარია, ამიტომ გაჩნდა პრობლემა. მეორე პრობლემა არის ის, რომ იურიდიული პირების ძალიან დიდი რაოდენობა და კერძო პირებიც საფასურს არ იხდიან. აქედან გამომდინარე, ბიუჯეტში არ ევსებოდათ თანხა, რომლის საშუალებითაც შეეძლოთ, ეყიდათ ელექტროენერგია რუსეთიდან და შემოეტანათ აფხაზეთში. ამას მოჰყვა ის პრობლემები, რაც იყო ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით. ეს იყო ძალიან მძიმე კრიზისული პერიოდი”. – ამბობს გია არაბიძე.
საქართველოში 2024 წლის პირველ ექვს თვეში 457 გვტ.სთ. ელექტროენერგია შემოვიდა, რომლის 91% რუსეთიდან აფხაზეთის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იყო იმპორტირებული. ამავე პერიოდში, აზერბაიჯანიდან იმპორტირებული იყო 39.3 გვტ.სთ. ელექტროენერგია. 2023 წელსაც იმპორტირებული ელექტროენერგიის 98% აფხაზეთის მოხმარების დასაკმაყოფილებლად განხორციელდა. ენერგეტიკოსი გია არაბიძე ამბობს, რომ “შეწყვეტაზე” საუბარი დანაშაულის ტოლფასია.
“სალხინოთი და ნაკადულით შემოსული ელექტრული ენერგია არის იმპორტირებული და მოხმარდა ოკუპირებულ აფხაზეთს და ფაქტობრივად აბსოლუტურად არ მოხმარებია დანარჩენ საქართველოს.
[…] საქართველოს მიწოდება არ შეუწყვეტია, საქართველო წელს აწვდიდა იმას, რასაც შარშან და შარშანწინ აწვდიდა. სხვა საკითხია, როდესაც რუსეთმა შეუწყვიტა მიწოდება, ამ შემთხვევაში საქართველოდან შეიძლებოდა თუ არა, როდესაც საქართველო ნოემბერ-დეკემბერში თვითონ ყიდულობს ელექტრულ ენერგიას აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან თუ სომხეთიდან, დანარჩენი საქართველოსთვის ნაყიდი ელექტრული ენერგია მიეწოდებინა აფხაზეთისთვის. აქ უკვე სხვა საკითხი დგება – მე რომ ვიყიდე დანარჩენი საქართველოსათვის, შენც უნდა მოგაწოდო. შეიძლება ამაში იყოს ვარიანტი ურთიერთობის მხრივ, მაგრამ საქართველოს მთავრობამ არ მიაწოდა ის ელექტრული ენერგია პირდაპირ, მუქთად და უფასოდ აფხაზეთს, იმიტომ, რომ მას საკმაოდ ძვირად ჰქონდა ნაყიდი ეს ენერგია”. – ამბობს ის.
-
რას ამბობდა საქართველოს მთავრობა აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე წარსულში?
წარსულში ყოფილა შემთხვევები, როდესაც საქართველოს მთავრობამ რუსული “ინტერ რაოსგან” ოკუპირებულ აფხაზეთში დეფიციტის დაფარვის მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვაზე ხელშეკრულება გააფორმა. მაგალითად, 2019 წლის მარტში ერჯდერადად გაფორმდა შეთანხმება 45 მილიონი კვტ საათი ელექტროენერგიის მიწოდებაზე. ღირებულება 315 ათასი დოლარი იყო. ეკონომიკის მინისტრის მაშინდელი მოადგილე, ნათია თურნავა განმარტავდა, რომ როდესაც ენგურჰესის რესურსი საკმარისი არ არის, მათ ჰქონდათ ორი გამოსავალი – აფხაზეთისთვის არ მიეწოდებინათ ელექტროენერგია ან დაებალანსებინათ და თვითონ მიეწოდებინათ.
“ეს არ არის პირველი შემთხვევა, მსგავსი პრაქტიკა იყო წინა წლებშიც, რადგან ენგურჰესი ჩვენი ელექტროენერგიის ძირითადი წყაროა, მისი ნაწილი მდებარეობს საქართველოს მიერ კონტროლირებად, ხოლო ნაწილი – არაკონტროლირებად ტერიტორიაზე. 25 წელია ჩვენ გვიწევს ამ ელექტროენერგიის გაზიარება აფხაზეთთან, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოსთან და ეს არის სწორი გადაწყვეტილება, რადგან სხვა შემთხვევაში, თავად ვუბიძგებთ სეპარატისტულ რეჟიმს, ჩვენგან დამოუკიდებლად ეძებოს ენერგომომარაგების სხვა გზები”. – ამბობდა თურნავა.
თუმცა, განსხვავებული განცხადება გააკეთა 2023 წელს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ. კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთი ვერ გადაიხდიდა ფულს, რომელიც რუსეთმა ელექტროენერგიის მიწოდებისთვის მოსთხოვა, დაეხმარებოდა თუ არა საქართველოს მთავრობა, მან განმარტა, რომ გარდა ენგურჰესისა, საქართველოს მთავრობას სხვა რაიმე ვალდებულება არ ჰქონდა:
“არანაირი ვალდებულება ჩვენ არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით. სხვა დამატებით ინფორმაციას არ ვფლობ. წესით, არ დავეხმარებით”.
მთავარი არხის ჟურნალისტმა სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას თქვა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს დენის მიწოდება საქართველოს ხელისუფლებამ შეუწყვიტა, თუმცა, მისი ეს მტკიცება მანიპულაციურია. ენგურჰესიდან ელექტროენერგიის მიწოდება ოკუპირებულ აფხაზეთს წყლის დონის კლების გამო შეუმცირდა – პრობლემა წლებია, მეორდება და 2024 წელს პირველად არ მომხდარა. რაც შეეხება მომარაგების მეორე წყაროს – რუსეთმა, მიმდინარე მოვლენების ფონზე, ოკუპირებული აფხაზეთისგან ელექტროენერგიაზე კომერციული ღირებულების გადახდა მოითხოვა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.