2014 წელს, ანონიმურ ჰაკერთა ჯგუფმა „შალტაი-ბალტაი“-მ საბერძეთში რუსეთის საელჩოს ყოფილი თანამშრომლის, „ევრაზიანისტული“ მოძრაობის წევრის გეორგი გავრიშის ელექტრონული ფოსტა გატეხა და მიმოწერა გამოაქვეყნა. მასალებიდან ჩანს, რომ საელჩოს ყოფილ თანამშრომელს აქტიური მიმოწერა ჰქონდა „ევრაზიანისტული მოძრაობის” ლიდერ ალექსანდრ დუგინთან, რუს ოლიგარქ კონსტანტინ მალოფეევთან და ალექსეი კომოვთან, რომელიც ამერიკაში დაფუძნებული ორგანიზაციის, ოჯახების მსოფლიო კონგრესის (WCF) ოფიციალური წარმომადგენელია რუსეთში.
ოჯახების მსოფლიო კონგრესი (WCF) ქრისტიანულ-ევანგელისტური ორგანიზაციაა, რომელიც ლგბტ თემის მიმართ სიძულვილს აღვივებს, ხოლო მისი მისია მსოფლიო მასშტაბით „ბუნებრივი ოჯახის“ დაცვის სახელით, ლგბტ უფლებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში მდგომარეობს. კონგრესის მიერ „ბუნებრივი ოჯახი“ განისაზღვრება, როგორც ქმრის, ცოლის და მათი ბიოლოგიური შვილისგან შემდგარი ერთობა.
რუსეთი
რუსეთში ოჯახების მსოფლიო კონგრესის (WCF) წარმომადგენელი ალექსეი კომოვია, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან აფილირებულ პიროვნებებთან. 2014 წელს კომოვი მოსკოვში ორგანიზაციის ყოველწლიური კონგრესის ჩატარებას გეგმავდა, რომელშიც ანტი-ლგბტ აქტივისტები და მათი მხარდამჭერი პოლიტიკოსები მიიღებდნენ მონაწილეობას. 2014 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის გამო ღონისძიების ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად, აშშ-მა და ევროკავშირმა სანქციები დააწესეს, რომელშიც ორგანიზაციის მხარდამჭერი რუსეთის მოქალაქებიც მოხვდნენ. სანქციების საფრთხის გათვალისწინებით, კონგრესის ამერიკულმა ხელმძღვანელობამ ყოველწლიურ კონგრესთან აფილაცია თავიდან აირიდა, თუმცა კომოვმა იმავე დღეს, მსგავსი პროგრამითა და მონაწილეებით კონგრესი დახურულ კარს მიღმა მაინც ჩაატარა და მედიასთან ღონისძიების ორგანიზატორად ოჯახების მსოფლიო კონგრესი (WCF) მოიხსენია. ორგანიზაციის დირექტორმა, ლარი ჯეიკობსმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო.
“შალტაი-ბალტაი“-ს მიერ გატეხილი მეილებიდან ჩანს, რომ 2014 წლის სექტემბერში ალექსეი კომოვს ახალგაზრდა ქალმა მისწერა, რომელიც 1 კვირით ადრე მოსკოვში ჩატარებული ფორუმის „დიდი ოჯახები: კაცობრიობის მომავალი“ მონაწილე იყო. მიმოწერის თანახმად, ამერიკაში დაბრუნების შემდეგ ის უსაფრთხოების სამსახურის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ აღმოჩნდა. კომოვმა აღნიშნული წერილი რუს ოლიგარს, კონსტანტინ მალოფეევს გადაუგზავნა და შესთავაზა აღნიშნული შემთხვევა ამერიკულ სასამართლოში სარჩელის შეტანისთვის გამოეყენებინათ. კომოვის თქმით, ეს გამოავლენდა დასავლეთში ქრისტიანების დაუფარავი დევნის ფაქტებს, რაც დიდ რეზონანსს გამოიწვევდა. კომოვის თანახმად, ამისათვის ამერიკაში მოქმედი ქრისტიანთა უფლებების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჯგუფი „თავისუფლების დამცველი ალიანსი“ Alliance Defending Freedom (ADF) უნდა გამოეყენებინათ, რომელიც ასევე ცნობილია სიძულვილის ენის გაღვივებით.
კონსტანტინ მალოფეევმა კომოვის იდეა არ მოიწონა და დაეჭვდა, რომ შესაძლოა ქალი სპეციალურად მიგზავნილი ყოფილიყო. მოგვიანებით მალოფეევისადმი კომოვის მიერ მიწერილი წერილიდან ჩანს, ოლიგარქის ეჭვები დადასტურდა. მიმოწერა ადასტურებს, რომ კომოვი და მალოფეევი აქტიურად ცდილობდნენ აშშ-ის პოლიტიკურ და სამართლებრივ დისკურსზე გავლენის მოხდენას. ოჯახების მსოფლიო კონგრესის ქსელი (WCF) კი წარმოადგენდა ერთგვარ „რბილი ძალის“ პლატფორმას რუსი ოლიგარქების ინტერესებისთვის.
სწორედ კონსტანტინ მალოფეევი აფინანსებდა ზემოხსენებულ ფორუმს „დიდი ოჯახები: კაცობრიობის მომავალი“, რომელიც 2014 წელს მოსკოვში ჩატარდა. ოლიგარქი საინვესტიციო კომპანია „მარშალ კაპიტალი“-ს დამფუძნებელია და რუსეთში ყველაზე მსხვილ მართლმადიდებლურ საქველმოქმედო ორგანიზაციას, წმინდა ბასილი დიდის სახელობის ფონდს ხელმძღვანელობს, რომლის ბიუჯეტი 40 მლნ$-ს აჭარბებს. კონსტანტინ მალოფეევი მხარს უჭერს რუსეთის იმპერიის და მონარქიის აღდგენის იდეას, რისთვისაც “წმინდა ბასილი დიდის“ სახელობის სკოლა დაარსა, სადაც ახალგაზრდებს მომავალი “რუსული მონარქიისთვის” ამზადებენ. სკოლის დირექტორის, ზურაბ ჭავჭავაძის თქმით, სკოლაში „ახალ ელიტას“ ზრდიან. მალოფეევი ასევე აფინანსებდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის პროცესს, რის გამოც აშშ-მა და ევროკავშირმა სანქცირებული ინდივიდების სიაში შეიყვანეს.
ზურაბ ჭავჭავაძე. კონსტანტინ მალოფეევის მიერ გახსნილი სკოლის დირექტორი.
რუსეთში ოჯახების მსოფლიო კონგრესის (WCF) კიდევ ერთი მხარდამჭერი რუსი ულტრამემარჯვენე პარლამენტარი ელენა მიზულინაა. 2013 წელს მიზულინას ავტორობით რუსეთში „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდის“ აკრძალვის კანონი მიიღეს, რასაც მომდევნო 5 წლის მანძილზე ქვეყანაში ლგბტ თემის მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ზრდა მოჰყვა.
კონგრესთან კავშირშია ევრაზიანისტული მოძრაობის დამფუძნებელი ულტრანაციონალისტი ფილოსოფოსი ალექსანდრ დუგინი, რომელმაც 2017 წლის დეკემბერში მოლდოვაში ევრაზიული კონფერენცია გამართა, სადაც დაანონსდა, რომ მოლდოვა 2018 წლის სექტემბერში ყოველწლიური ოჯახების მსოფლიო კონგრესის მასპინძელი იქნება. ალექსანდრე დუგინი კონსტანტინ მალოფეევის მფლობელობაში მყოფი ულტრამემარჯვენე ტელეკომპანია Царград TV-ს რედაქციის ხელმძღვანელიცაა.
დუგინის ევრაზიული იდეა რუსეთის ექსპანსიასა და ევრაზიულ კონტინენტზე რუსეთის უპირატეს სულიერ-პოლიტიკურ როლს უჭერს მხარს და რუსულ ორთოდოქსულ ხედვაზეა დაფუძნებული. ნაცისტური გერმანიის იდეით შთაგონებული დუგინი მიიჩნევს, რომ ევრაზიის კონტინენტი ქვეყნების ერთგვარი ფედერაცია უნდა იყოს, რომელსაც რუსეთი ლიდერობს. ევრაზიული პროექტის პოტენციურ მოკავშირეებად ალექსანდრ დუგინი თეთრ ნაციონალისტებს მიიჩნევს, რადგან ისინი ტრადიციონალისტები არიან. ყირიმის კონფლიქტში ჩართულობის და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების გამო, ფილოსოფოსი აშშ-ის მიერ სანქცირებული პირების სიაშია.
ფოტო: ალექსანდრ დუგინი, 2008 წ, რუსეთის აგრესია საქართველოში – ცხინვალის რეგიონი
დუგინის ევრაზიული კონფერენციის მასპინძელი კიშინიოვში მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი იყო, რომელიც ცნობილია პრო-რუსული განწყობებით. ოჯახების მსოფლიო კონგრესიდან (WCF) კონფერენციას ალექს კომოვი, ასევე ქართველი ბიზნესმენი ლევან ვასაძე ესწრებოდნენ. მოგვიანებით ლევან ვასაძემ მოლდოვის პრეზიდენტს იგორ დოდონს საქართველოში უმასპინძლა.
საქართველო
საქართველოში ოჯახების მსოფლიო კონგრესის (WCF) წარმომადგენელი ბიზნესმენი ლევან ვასაძეა, რომელმაც კაპიტალი რუსეთში დააგროვა. 2016 წლის 15-17 მაისს რიგით მეათე საიუბილეო კონგრესი სახელწოდებით „ცივილიზაციის გზაჯვარედინზე: ოჯახი – თავისუფლებისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ბასტიონი“ თბილისში გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი და მასპინძელი ლევან ვასაძე იყო, რომელმაც კონგრესზე ჰომოფიბიური, ანტიდასავლური და პრორუსული განწყობების შემცველი სიტყვა წარმოთქვა.
ლევან ვასაძე: “რუს ხალხთან ერთად ჩვენ გავუძელით და თავიდან მოვიშორეთ და დავამარცხეთ ჯერ ფაშიზმი და შემდეგ კომუნიზმი, ორივე მოსული ჩვენთან დასავლეთიდან. მანამდე ქრისტიანული რუსეთი დაეხმარა ქრისტიანულ საქართველოს განადგურებისგან გადარჩენაში. თუმცა, მან ეს მოახდინა ჩვენთვის მიუღებელი ფასის ხარჯზე, საქართველოს სამეფოსა და ავტოკეფალიის გაუქმების შედეგად”
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სასულიერო პირები, საქართველოს პატრიარქი ილია მეორე და პრო-რუსული პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.
ოჯახების მსოფლიო კონგრესის (WCF) ქართულენოვან გვერდს ფეისბუქზე 23,700 ზე მეტი ხელმომწერი (Follower) ჰყავს და აქტიურად ავრცელებს ლევან ვასაძის მიმართვებს, ასევე 2016 წლის კონგრესზე მისი გამოსვლის ფრაგმენტებს.
ლევან ვასაძის ცოლის, ნინო დურგლიშვილის მფლობელობაშია 2009 წელს დაარსებული იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი, რომლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ სასწავლებლის ხედვა ეფუძნება ქართულ, მართლმადიდებლურ ტრადიციულ ფასეულობებს. სასწავლებელმა 2017-2018 წლისთვის სტიპენდია მხოლოდ მე-8 კლასში გადამსვლელი ბიჭებისთვის დააწესა, ხოლო გოგონებისთვის არა. სასწავლებლის განმარტებით, სტიპენდიის დანიშვნა ესახურებოდა სქესთშორის ბალანსის დაცვას, რადგან მე-8 კლასში მყოფი ბიჭები უმცირესობაში ყოფნის გამო, დისკომფორტსა და დათრგუნვას განიცდიან. საქართველოს სახალხო დამცველმა სასწავლებელს რეკომენდაციებით მიმართა და თანასწორობის პრინციპის დაცვისა და გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრისკენ მოუწოდა.
ლევან ვასაძე ორგანიზაცია საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ის ერთ-ერთი დამფუძნებელიცაა, რომლის მიერ მომზადებული 2 საკანონმდებლო ინიციატივა 2015 წელს საქართველოს პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა წარადგინა. ინიციატივები მოითხოვდა ანტიდისკრიმინაციული კანონიდან სიტყვების „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერი“ ამოღებას, ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის“ დასჯადად გამოცხადებას.
ევროპის ქვეყნები
2017 წლის აპრილში საფრანგეთში კონგრესის რეგიონული კონფერენცია მოეწყო, რომლის ორგანიზატორი კონგრესის ოფიციალური წარმომადგენელი, ფაბრის სორლინი იყო. ღონისძიების თემატიკა შემდეგ საკითხებს მოიცავდა:
- გეი ლობის ტაქტიკა და სტრატეგია ევროკავშირში,
- საქართველოს ლიბერალური გამოცდილება,
- რუსეთის აღორძინება 21 საუკუნეში,
- ევროპა თუ ევროკავშირი – რომელი გზა უკეთესი სერბეთისთვის,
- ევროკავშირის აგრესიული ანტიოჯახური პოლიტიკა, როგორც უკრაინის სახელმწიფობრიობის განადგურების ფაქტორი
ფაბრის სორლინი წარსულში გასამხედროებულ კათოლიკური დაჯგუფება Dies Irae-ს მეთაურობდა, რომელიც მიზნად ისახავდა თეთრი ფრანგი კათოლიკე ახალგაზრდების მომზადებას იმიგრანტების, მუსლიმების და შავკანიანების წინააღმდეგ სამოქალაქო ომისთვის. ის ასევე ხელმძღვანელობდა ჯგუფს Alliance France Europe Russia (AAFER), რომელმაც ისტორიკოსების ჟან ივ კამუს და ნიკოლას ლებორგის აზრით, დიდი როლი ითამაშა ფრანგული ულტრამემარჯვენე პარტიის „ნაციონალური ფრონტის“ დაახლოებაში რუსეთთან. „ნაციონალური ფრონტს“ ფრანგი პოლიტიკოსი მარინ ლე პენი მეთაურობს. 2014 წელს ლე პენის პარტიას რუსული ბანკიდან 2 მილიონიანი სესხის აღებაში, კონსტანტინ მალოფეევი დაეხმარა.
იტალია, კვიპროსი, ავსტრია, ბულგარეთი და ესპანეთი. ალექსეი კომოვი ხელს უწყობდა შეხვედრებს კონსტანტინ მალოფეევსა და ევროპულ ულტრამემარჯვენა და ულტრამემარცხენე პოლიტიკურ ფიგურებთან. კომოვი ათენში რუსეთის საელჩოს თანამშრომელთან, გეორგი გავრიშთან მიმოწერაში იტალიური ნეოფაშისტური პარტიის თანადამფუძნებელს, რობერტო ფიორეს “პრო-რუსულ იტალიელ მეგობრად” მოიხსენიებს. თავის მხრივ, რობერტო ფიორემ კომოვი კვიპროსის ულტრამემარჯვენე პარტია ELAM-თან დააკავშირა. აღნიშნული ოჯახების მსოფლიო კონგრესის (WCF) ევროპულ ძალადობრივ ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ აქტორებთან კავშირებზე მიუთითებს.
“შალტაი-ბალტაი”-ს მასალების თანახმად, კონსტანტინ მალოფეევი ევროპულ ქვეყნებში რუსული გავლენის გავრცელების მხრივ ცენტრალური ფიგურა იყო. სწორედ მალოფეევმა დაასპონსორა 2014 წლის მარტში, ვენაში გამართული საიდუმლო შეხვედრა ავსტრიული ულტრამემარჯვენე პარტიის FPÖ წარმომადგენლის და ავსტრიის ვიცე კანცლერის ჰაინც კრისტიან შტრახეს, ფრანგული “ნაციონალური ფრონტის” წარმომადგენლების მონაწილეობით. შეხვედრას ესწრებოდნენ ულტრამემარჯვენე ჯგუფები ბულგარეთიდან და ესპანეთიდან, ასევე თავად კონსტანტინე მალოფეევი და ალექსანდრ დუგინი.
უკრაინაში ოჯახების მსოფლიო კონგრესის (WCF) აქტივობები მოიცავდა კონკრეტული ჯგუფების წახალისებას და შიშის დათესვას, თითქოს ევროკავშირი უკრაინას ლგბტ უფლებებს ახვევს თავს. 2013 წელს კონგრესმა ქვეყანაში სპეციალური დელეგაცია გაგზავნა, რომელიც უკრაინაში არსებულ ორგანიზაცია „სრულიად უკრაინელთა მშობლების კომიტეტის“ (All Ukrainians’ Parents Committee) წარმომადგენლებს და ასევე უკრაინის პარლამენტის რამოდენიმე წევრს შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი წევრ ქვეყნებს არ სთხოვს ერთი სქესის ადამიანთა ქორწინების ლეგალიზაციას, „სრულიად უკრაინელთა მშობლების კომიტეტის“ წარმომადგენლებმა, კონგრესის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, რადგან აღნიშნული უკრაინის „გარდაუვალ ჰომოსექსუალიზაციას“ გამოიწვევს.
მომზადებულია სამოქალაქო უფლებების დამცველი ორგანიზაცია THE SOUTHERN POVERTY LAW CENTER-ის მასალებზე დაყრდნობით.