არიან თუ არა ჩინეთი და რუსეთი ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით ნომერ პირველი ქვეყნები?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

ნომერი პირველი
133
VIEWS

17 თებერვალს გადაცემაში “სოლიდარობის დრო” წამყვანმა დავით ახვლედიანმა და სტუმარმა პარტიის “სოლიდარობა მშვიდობისთვის” პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ირემაძემ გლობალური პოლიტიკისა და უკრაინის სახელმწიფოებრიობის წარმოშობის შესახებ ისაუბრეს: ირემაძის მტკიცებით, დღეისათვის მსოფლიოს ზესახელმწიფოები არიან რუსეთი, როგორც სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, ჩინეთი, როგორც ეკონომიკურად ნომერ პირველი სახელმწიფო, ხოლო აშშ ამ ჩამონათვალში მესამე ადგილს იკავებს. ირემაძემ რუსეთის მიერ მიტაცებულ უკრაინულ ტერიტორიაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთმა ლუჰანსკის, დონეცკის, ზაპორიჟიას, ხერსონისა და ყირიმის ტერიტორიები ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით შეიერთა. გადაცემის წამყვანის მტკიცებით კი, უკრაინის სახელმწიფოებრიობა 1917 წელს დაიწყო და ის ქალაქები, რომლებისთვისაც ახლა რუსეთი იბრძვის, თავად რუსეთის დაარსებულია.

ნომერ პირველი

გადაცემაში დეზინფორმაციული და მანიპულაციური მტკიცებები გაჟღერდა: 1) მცდარია მტკიცება, რომ რუსეთი სამხედრო ძალით და ჩინეთი ეკონომიკურად მსოფლიოს ნომერ პირველი ქვეყნები არიან. როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური ძალით პირველ ადგილს აშშ ინარჩუნებს; 2) დეზინფორმაციაა, რომ რუსეთმა უკრაინის რეგიონები საერთაშორისო დაცვით შეიერთა. რუსეთმა დაარღვია როგორც “ჰააგის კონვენცია”, ასევე “ბუდაპეშტის მემორანდუმი”; 3) მანიპულაციურია მტკიცება, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობა სათავეს 1917 წელს იღებს. მტკიცება რუსული პროპაგანდის ნაწილია, რომელიც უგულვებელყოფს მეცხრე საუკუნეში დაფუძნებულ კიევის რუსს.

  • რომელი ქვეყანაა პირველ ადგილზე ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით?

სხვადასხვა გამოცემა სამხედრო ძალას სხვადასხვა ინდიკატორების გამოყენებით ზომავს, თუმცა ყველა შემთხვევაში პირველ ადგილს შეერთებული შტატები იკავებს. გამოცემა Military Watch Magazine-ის მიხედვით, მეორე ადგილს ჩინეთი, ხოლო მესამეს რუსეთი იკავებს, ხოლო საიტი Global Fire power მეორე ადგილს რუსეთს, ხოლო მესამეს ჩინეთს აკუთვნებს. აღსანიშნავია, რომ ამავე სურათს აჩვენებს საკუთრივ აზიის კონტინენტზე გავლენის საზომი ინდექსიც. Lowy Institute-ის ინდექსი, როგორც სამხედრო შესაძლებლობების, ასევე ზოგადი გავლენის ინდექსით პირველ ადგილს შეერთებულ შტატებს აკუთვნებს. 

ნომერი პირველი
Lowy Institute-ის აზიაში არსებული გავლენების 2024 წლის მონაცემები

შესაბამისად, მტკიცება, რომ გლობალურ ძალებს შორის რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით პირველ ადგილს იკავებს, მცდარია. 

რაც შეეხება ეკონომიკურ განვითარებას, გიორგი ირემაძის მიხედვით, პირველ ადგილს აქ ჩინეთი იკავებს. ირემაძე არ აკონკრეტებს ეკონომიკების შედარებისას რომელ ინდიკატორებს იყენებს. რეალურად, აშშ რამდენიმე ძირითად მაჩვენებელში ჩინეთზე წინაა, ესენია: ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), მშპ ერთ სულ მოსახლეზე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და საფონდო ბირჟის წილი (S&P Global Broad Market Index). მოსაზრება, რომ ჩინეთი ეკონომიკურად აშშ-ს გადაუსწრებს, უკვე დიდი ხანია არსებობს და ყველაზე ადრეული ვარაუდით, ეს 2035 წელს მოხდება. უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკური მაჩვენებლების შედარება შესაძლოა ზუსტ სურათს არ გვაძლევდეს. ეროვნული სტატისტიკის ოფისებმა, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ეკონომიკური ინფორმაციის გამოქვეყნებაზე, შესაძლოა პოლიტიკური ზეწოლის შედეგად მცდარი მონაცემები გამოაქვეყნონ. ამგვარი ქმედებაში არაერთი სახელმწიფოა შემჩნეული

  • რუსეთმა საერთაშორისო ნორმები არაერთხელ დაარღვია

გიორგი ირემაძე ასევე ამტკიცებდა, რომ რუსეთმა დონეცკის, ლუჰანსკი, ზაპორიჟიას და ხერსონის ტერიტორია, ასევე ყირიმი, სადაც რეფერენდუმი ჩატარდა, ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით შეიერთა. 

რეალურად, 2014 წლის 16 მარტს ყირიმში რეფერენდუმი როგორც საერთაშორისო ნორმების, ასევე უკრაინისა და რუსეთის საარჩევნო კოდექსების დარღვევით ჩატარდა. ამ პერიოდში ყირიმს, რომელიც უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში იყო, რუსული ძალები აკონტროლებდნენ. ამავე წლის 27 მარტს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა გამოხატა და ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ყირიმის სტატუსის ცვლილების არაღიარებისკენ მოუწოდა

ვლადიმერ პუტინმა დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპორიჟიასა და ხერსონის ტერიტორიების ანექსაციის შესახებ 2022 წლის სექტემბერში გამოაცხადა და ამავე წლის 6 ოქტომბერს ანექსაცია ბრძანებაზე ხელმოწერითაც გააფორმა. ეს ნაბიჯი არაერთ საერთაშორისო პრინციპსა და შეთანხმებას არღვევდა. მათ შორის უმნიშვნელოვანესია “ჰააგის კონვენციის” 43-ე მუხლი, რომელიც დამპყრობელი ძალის მიერ ტერიტორიის საზოგადოებრივ წესრიგზე კონტროლს ითვალისწინებს, მაგრამ მას ამ ტერიტორიის კანონმდებლობის დაცვას ავალდებულებს (აღსანიშნავია, რომ უკრაინაც და რუსეთიც ამ კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოებია). ამ შემთხვევაში ასეთი კანონი უკრაინის კონსტიტუციაა, რომლის მიხედვითაც, უკრაინის ტერიტორიის ნებისმიერი სახის ცვლილება საერთო უკრაინული რეფერენდუმის შედეგად უნდა გადაწყდეს. შესაბამისად, გამოკითხვის მხოლოდ ანექსირებულ რეგიონებში ჩატარება არასამართლებრივი იყო. კიდევ ერთი და არანაკლებ მნიშვნელოვანი დოკუმენტი “ბუდაპეშტის მემორანდუმია”, რომლითაც რუსეთმა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პირობა დადო და უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციით ის დაარღვია.  

  • რა ვიცით უკრაინის ისტორიულ ტერიტორიებზე?

კიდევ ერთი მტკიცება, რომელიც გადაცემაში გაჟღერდა უკრაინის სახელმწიფოებრიობას ეხებოდა. გადაცემის წამყვანის მტკიცებით, უკრაინის სახელმწიფოებრიობა 1917 წელს დაიწყო და ქვეყანა დღევანდელი სახით ამ პერიოდში “ააწყეს”. 

უკრაინის სახელმწიფოებრიობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება კრემლის პოლიტიკის ნაწილია და რუსეთის ოკუპაციისა და მიმდინარე ომის გამართლებას ემსახურება. სხვადასხვა დროს კრემლის დეზინფორმაციის სამიზნე როგორც უკრაინის სახელმწიფოებრიობა, ასევე მის მიერ ცალკეული რეგიონების ფლობა ხდებოდა. მტკიცება, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობა 1917 წლამდე არ არსებობდა ამ ნარატივის ოდნავ სახეცვლილი ფორმაა, თუმცა იმავე მიზნებს – უკრაინის სუვერენიტეტის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებასა და მისი აღმოსავლეთ რეგიონების რუსეთის ბუნებრივ ნაწილად წარმოჩენას ემსახურება.  

1922 წელს უკრაინის სრულ გასაბჭოებამდე მის შემადგებლობაში თანამედროვე უკრაინის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი შედიოდა, მათ შორის, დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონის, ხარკივის, ოდესისა და კიევის ტერიტორიები. ყირიმი და ლვივი ამ პერიოდისთვის ქვეყნის შემადგენლობაში არ შედიოდა. თუმცა, 1917 წელი, ანუ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის დაფუძნების თარიღი, უკრაინის სახელმწიფოებრიობის დასაწყისი არაა. უკრაინის ისტორიული საფუძვლები მე-9 საუკუნეში შექმნილ კიევის რუსის სახელმწიფოს უკავშირდება, რომელიც თანამედროვე უკრაინის ტერიტორიის დიდ ნაწილის გარდა ჩრდილოეთით აღმოსავლეთ ევროპის სხვა ტერიტორიებსაც მოიცავდა. სწორედ ამ პერიოდში იწყებს ჩამოყალიბებას უკრაინული ენა. კიევის რუსის არსებობის შეწყვეტის შემდეგ, მე-14 საუკუნისთვის ტერიტორია რამდენიმე სხვადასხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში იყო, ესენია: მონღოლური ოქროს ურდო, პოლონეთის სამეფო და ლიეტუვის დიდი საჰერცოგო. მე-15 საუკუნეში სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე კაზაკთა სახელმწიფო აღმოცენდა. მას შემდეგ, რაც უკრაინის ტერიტორია რუსეთის სამეფოსა და იმპერიის სამიზნე გახდა, რუსეთმა კიევის რუსი, როგორც ისტორიული წინაპარი და თავად ტერმინი “რუსი”, შეითვისა. 

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ფორმით უკრაინის სახელმწიფო 1917 წელს გამოცხადებულ უკრაინის სახალხო რესპუბლიკასთან ახლოსაა, მისი სახელმწიოებრიობა გაცილებით ძველია. 

ვრცლად უკრაინის სახელმწიფოს წარმოქმნისა და ამ თემაზე კრემლის ნარატივების შესახებ გაეცანით “მითების დეტექტორის” მასალებში: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist