განახლება 20.10.2023: მასალას დაემატა ნიუ-იორკის შენობაზე იმავე წარწერის ამსახველი ვიდეო. “მითების დეტექტორი” ვერ გამორიცხავს, რომ წარწერა შენობაზე გარკვეული პერიოდით მიანათეს, თუმცა მასალის ვერდიქტი რჩება უცვლელი, რადგან შენობაზე ბანერი განთავსებული არ ყოფილა.
18 ოქტომბერს “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერმა ანგარიშებმა ამირანი ფრუიძე, რუ სა, Nini Nini გაავრცელეს ფოტო, რომელზეც ინგლისურენოვანი ბანერი შემდეგი წარწერით არის განთავსებული: “ისრაელი ბომბავს საავადმყოფოს ბაიდენი იხდის ამაში”. პოსტების აღწერის თანახმად, ბანერი ნიუ-იორკში არის განთავსებული.
იდენტური ფოტო რუსულენოვანმა ფეისბუკ მომხარებლებმაც (1, 2, 3) და ონლაინ გამოცემამ Деловой Петербург გაავრცელეს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო, სავარაუდოდ, პროგრამულად არის დამუშავებული და ის ნიუ-იორკში, მანჰეტენზე არ განთავსებულა, რასაც შემდეგი ნიშნები ადასტურებს:
- 2023 წლის 18 ოქტომბერს გადაღებულ ფოტო და ვიდეო მასალაზე მსგავსი ბანერი არ გვხვდება;
- შენობა, რომელზედაც ბილბორდი უნდა ყოფილიყო განთავსებული, 2019 წელს აშენდა და ამ დროიდან მასზე სარეკლამო ან სხვა ტიპის ბილბორდები არ განთავსებულა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო, რომელზედაც ნიუ-იორკში განთავსებული ბილბორდი ჩანს, ღამით არის გადაღებული. ფოტოზე ყვითელი ტაქსი და რამდენიმე შენობა, მათ შორის ცნობილი ცათამბჯენი, Empire State Building ჩანს. გარდა ამისა, ფოტოზე შესამჩნევია ქუჩის აღმნიშვნელლი ნიშანი და წარწერა Eighth Ave.
მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ბილბორდის ზუსტი ადგილმდებარეობა არ არის მითითებული, ფოტოზე მონიშნული დეტალები საშუალებას გვაძლევს, გეოლოკაციის დადგენის მეთოდით გავარკვიოთ, კონკრეტულად მანჰეტენის რომელ უბანში შეიძლებოდა ბანერი განთავსებული ყოფილიყო.
თავდაპირველად Google Maps-ში Empire State Building-ს ვეძებთ, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე მითითებული დეტალის თანახმად, მერვე ავენიუდან არის გადაღებული. მერვე ავენიუზე მდებარე ქუჩებიდან ცათამბჯენის დანახვა იმ რაკურსით, როგორც ეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე გვხვდება, რუკის მიხედვით, 33-ე ან 34-ე ქუჩიდან უნდა იყოს შესაძლებელი.

33-ე და 34-ე ქუჩების მიმდებარე ტერიტორიების “ქუჩის ხედის” (Street view) დათვალიერების შედეგად იმ ადგილის პოვნა გახდა შესაძლებელი, სადაც ბილბორდი უნდა ყოფილიყო განთავსებული. შენობა მანჰეტენის მერვე ავენიუზე 34-ე და 35-ე ქუჩებს შორის მდებარეობს და მასში სხვადასხვა დაწესებულება (UHO Construction Corporation, Carlo Security & Transportation Services) გვხვდება.

ყველაზე ბოლოს გაკეთებული ქუჩის ხედი, რომელშიც ეს შენობაც ჩანს, 2022 წლის აგვისტოთი თარიღდება. როგორც Google Maps-ში ატვირთული ხედებიდან ირკვევა, ობიექტის მშენებლობა 2019 წელს მიმდინარეობდა, მანამდე კი ამ ადგილას სხვა შენობები იყო.
აღსანიშნავია ისიც რომ როგორც 2022 წელს, ასევე წინა წლებში გადაღებულ “ქუჩის ხედებში” შენობაზე განთავსებულ სარეკლამო ან სხვა ტიპის ბანერებს ვერ ვხვდებით.
2022 წლის აგვისტო |
2022 წლის ივნისი |
ყველაზე ახალი ვიდეო, რომელიც Youtube-ზე გვხვდება და რომელიც მერვე ავენიუზე 31-ე და 33-ქუჩის კვეთებსა და იმ შენობას ასახავს, რომელზედაც ბანერი უნდა იყოს განთავსებული, 2022 წლის 15 ოქტომბერს არის ატვირთული.
რამდენადაც Huaisi Cen-იც დაინტერესებული იყო სიმართლის გარკვევით, “მითების დეტექტორი” მას “ინსტაგრამზე” დაუკავშირდა და მერვე ავენიუზე ფოტოების გადაღება სთხოვა. Huaisi Cen-მა 18 ოქტომბრის საღამოს და 19 ოქტომბრის დილას (საქართველოს დროით) გადაღებული ფოტოები და ვიდეო მოგვაწოდა. მერვე ავენიუს 34-ე ქუჩაზე გადაღებული ვიდეო და ფოტო მასალიდანაც ცხადი ხდება, რომ ბანერი ამ ტერიტორიაზე არსად არის განთავსებული.

17 ოქტომბერს ღაზას სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელი აცხადებს, რომ ღაზას საავადმყოფოში აფეთქება დაჯგუფება “ისლამური ჯიჰადის” წარუმატებლად გაშვებულმა რაკეტამ გამოიწვია. „ისლამური ჯიჰადმა“, რომელიც ჰამასის მოკავშირეა, აფეთქებასთან კავშირი უარყო და განაცხადა, რომ ჯგუფს იმ პეროდში ღაზაში რაიმე სახის აქტივობა არ განუხორციელებია.

17 ოქტომბერს ღაზას სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელი აცხადებს, რომ ღაზას საავადმყოფოში აფეთქება დაჯგუფება “ისლამური ჯიჰადის” წარუმატებლად გაშვებულმა რაკეტამ გამოიწვია. „ისლამური ჯიჰადმა“, რომელიც ჰამასის მოკავშირეა, აფეთქებასთან კავშირი უარყო და განაცხადა, რომ ჯგუფს იმ პეროდში ღაზაში რაიმე სახის აქტივობა არ განუხორციელებია.
განახლება: აღსანიშნავია, რომ 18 ოქტომბერს ასევე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც შენობაზე წარწერა “ისრაელი ბომბავს საავადმყოფოს ბაიდენი იხდის ამაში” ჩანს. მართალია, შენობაზე ბანერი ან პლაკატი ღაზას სექტორში საავადმყოფოს დაბომბვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, არ განთავსებულა, თუმცა “მითების დეტექტორი” ვერ გამორიცხავს, რომ ტექსტი შენობას მოკლე პერიოდით მიანათეს. დამატებით უნდა ითქვას, რომ ფართოდ არის გავრცელებული ვიდეოების პროგრამულად დამუშავების პრაქტიკაც, როგორც ეს 2023 წლის აგვისტოში იაპონიაში ბანერის “შეაჩერე ზელენსკი, შეაჩერე ომი”, 2023 წლის ოქტომბერში ნიუ იორკში ბანერის “დიდება შარდს” (Glory to Urine), 2023 წლის ივლისში ბანერის “არა ზელენსკი არა ომი” შემთხვევებში მოხდა. ზემოაღნიშნული ბანერების ამსახველი ვიდეო პროგრამულად იყო დამუშავებული და ისინი რეალურად ნიუ-იორკსა და ტოკიოში არ განთავსებულა. ვრცლად ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- განთავსდა თუ არა ბანერი სახელწოდებით “შეაჩერე ზელენსკი, შეაჩერე ომი” იაპონიაში?
- განთავსდა თუ არა უკრაინის დროშის ფერებით ბანერი GLORY TO URINE ნიუ-იორკში?
- განთავსდა თუ არა ბანერი “არა ზელენსკი, არა ომი” ნიუ-იორკში?
წყაროების შესახებ:
ფეისბუკ მომხმარებლები ამირანი ფრუიძე, რუ სა, Nini Nini “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერები არიან და კრემლისტური ტელევიზიის, “ალტ-ინფოს” გადაცემებს სისტემატიურად ავრცელებენ. ამირანი ფრუიძეს გარეკნის ფოტოდ ადრე კონსერვატიული მოძრაობის ლოგო ჰქონდა, ახლა კი “ალტ-ინფოს” გადაცემის წამყვანის ფოტო აქვს განთავსებული. “მითების დეტექტორს” ამ მომხმარებლის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია წარსულში არაერთხელ გადაუმოწმებია.
ფეისბუკ მომხმარებელი რუ სა, რომელსაც პროფილის ფოტოდ “კონსერვატიული მოძრაობის” ლოგო აქვს განტავსებული, სისტემატიურად ავრცელებს ატიდასავლიურ და ანტიუკრაინულ პოსტებს. მის მიერ გავრცელებული ინფორმაციები კი ფაქტების გადამმოწმებლების მიერ მცდარად არის მონიშნული.
ფეისბუკ ანგარიში Nini Nini, სავარაუდოდ, “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერის, ნინი ხუნდაძის ხუთიდან (1, 2, 3, 4, 5) ერთ-ერთი პროფილია. ნინი ხუნდაძე რამდენიმე ანგარიშიდან ავრცელებს ანტიდასავლური შინაარსის შემცველ პოსტებს. მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულში ბევრჯერ გადაუმოწმებია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.