4 დეკემბერს ანტიოპოზიციურმა ფეისბუქ გვერდმა “კონსერვატიული ფლანგი” და ანონიმურმა ფეისბუქ-მომხმარებელმა გიორგი იბერიელი გაავრცელეს ფოტო, რომელიც, აღწერის მიხედვით, პარტია “ახალში” ნიკა გვარამიას კაბინეტიდან ამოღებულ მის პირად ნივთებს ასახავს. ფოტოზე მაგიდაზე დალაგებული სხვადასხვა სექს-სათამაშო ჩანს.
ნიკა გვარამიასა და პარტია “ახალის” ოფისის ჩხრეკასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება. რეალურად, ფოტო 2019 წელს “გირჩის” ოფისშია გადაღებული და მიმდინარე მოვლენების ფონზე გვარამიას დისკრედიტაციის მიზნით უკავშირებენ.
ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, 2019 წელს არის გადაღებული და 2024 წლის 4 დეკემბერს პოლიტიკური პარტიების ოფისებში ჩატარებულ ჩხრეკებს არ უკავშირდება. რეალურად, ფოტო პარტია “გირჩის” ოფისში მოწყობილ “საროსკიპოს” ასახავს. 2019 წლის მაისში პარტიამ, რომელიც პროსტიტუციის ლეგალიზებას ითხოვდა, პროტესტი ამ მეთოდით გამოხატა.
“ჩვენ მივიჩნევთ, რომ ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ გულისხმობს ძალადობას და გულისხმობს ორ ზრდასრულ ადამიანს შორის ნებაყოფლობით შეთანხმებას, არის პატიოსანი შრომა. მათ შორის პატიოსანი შრომაა პროსტიტუციაც. ერთადერთი გზა იმისათვის, რომ დავასრულოთ ეს ტრაგიკომედია და დავიცვათ ადამიანები ძალადობისგან, მათ შორის, ხშირ შემთხვევაში, ძალადობისგან სამართალდამცავების მხრიდან, გარდა ამისა, მოვახდინოთ პრევენცია სექსუალური გზით გადამდები დაავადებებისა, არის პროსტიტუციის სრული ლეგალიზაცია. ამიტომ, დღეს ჩვენ, გირჩის ოფისის ერთ ნაწილში ვხსნით საროსკიპოს, რომლის სახელწოდებაცაა პიონერი”. – ამბობდა ზურაბ ჯაფარიძე.

ამრიგად, ფოტოს, რომელზეც სექს-სათამაშოებია ასახული, პარტია “ახალის” ჩხრეკასთან კავშირი არ აქვს. ფეისბუქ-პოსტების ავტორები მას ნიკა გვარამიას დისკრედიტაციის მიზნით უკავშირებენ.
4 დეკემბერს პოლიციამ ოპოზიციური პარტიების – “ახალის”, “დროას”, “გირჩი – მეტი თავისუფლებისა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისები გაჩხრიკა. ამავე დღეს გაჩხრიკეს სამოქალაქო აქტივისტების ბინები. შსს-ს მტკიცებით, “ნივთმტკიცებები” ამოიღეს, მათ შორის: ჩაფხუტები, აირწინაღები, პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, “მოლოტოვის კოქტეილები”, საღებავები და ა.შ. ენმ-ის ახალგაზრდული ფრთის წევრი, ბექა პაპაშვილი შსს-ს ოფისში “მოლოტოვების ჩადებაში” ადანაშაულებს. მომდევნო დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პარტიულ ოფისებში შესვლისა და “იარაღების ამოღების” შემდეგ “მაშინვე დასრულდა ძალადობა”.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.