ფეისბუქზე აქტივისტ ნენსი ვოლანდის ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ნენსი-ვოლანდი
37
VIEWS

8 ნოემბერს ფეისბუქ გვერდმა “თბილისი ოცდაოთხი” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აქტივისტი ნენსი ვოლანდი საუბრობს.  ვიდეოში ვისმენთ: “ქვემოთ ჩავედი სადღაც, ტაქსი გამოვიძახე და რომ ჩავჯექი, ფანჯრები ამოვწიე, იმიტომ, რომ ძალიან ციოდა. მეც ძალიან მციოდა, გალუმპული ვიყავი, მაგრამ ისეთი სუნი დადგა მანქანაში, რომ მომერიდა, ეს კაციც ამ სუნით ამეყროლებინა. ჩამოწეული ფანჯრებით ვიმგზავრე და ეს ტაქსისტიც… ისეთი სუნი დადგა, რომ ტაქსისტმა მკითხა, რა სუნი აგდითო…” პოსტის აღწერაში ფეისბუქ-გვერდი წერს: “დაიბანე მერე შე, კარგმო***ულო!”

ნენსი ვოლანდი

ფეისბუქზე ნენსი ვოლანდის შესახებ ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება. ვიდეოს აუდიო შეცვლილია და ის ნენსი ვოლანდს არ ეკუთვნის. რეალურად, აუდიო აქტივისტ ნინო კალანდიას ინტერვიუდან არის აღებული, რომელშიც ის საუბრობდა, რომ აქციის წყლის ჭავლით დაშლის შემდეგ აქტივისტები გრძნობდნენ უსიამოვნო სუნს, რომელსც ვერ იშორებდნენ.   

ნენსი ვოლანდის ვიდეოს ფონად ადევს ხმა, რომელიც სრულიად აცდენილია მისი პირის მოძრაობას. ღია წყაროებში ძიების შედეგად მივაკვლიეთ აუდიო მასალის ორიგინალ ვერსიას. ხმა რეალურად ეკუთვნის სამოქალაქო ატივისტ ნინო კალანდიას, რომელიც სტუმრად ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში იმყოფებოდა. ეთერში მას სთხოვეს, გაეხსენებინა დღეები, როცა აქციაზე აქტივისტებს წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით შლიდნენ. საპასუხოდ, კალანდიამ თქვა, რომ აქტივისტები ხვდებოდნენ, წყლის ჭავლით დაშლის ეს შემთხვევა წინა შემთხვევებისგან განსხვავებული იყო. (6:38)

“[…] მაშინვე გაჩნდა კითხვები, რომ რა არის გარეული ამ წყალში ისეთი, რომ დასველების შემდეგ რაღაცა საშინელი ეფექტი აქვს და საშინელი სუნი, რომელსაც ვერ ვიშორებდით.  

ქვემოთ ჩავედი სადღაც, ტაქსი გამოვიძახე და რომ ჩავჯექი, ფანჯრები ამოვწიე, იმიტომ, რომ ძალიან ციოდა. მეც ძალიან მციოდა, გალუმპული ვიყავი, მაგრამ ისეთი სუნი დადგა მანქანაში, რომ მომერიდა, ეს კაციც ამ სუნით ამეყროლებინა. ჩამოწეული ფანჯრებით ვიმგზავრე და ეს ტაქსისტიც… ისეთი სუნი დადგა, რომ ტაქსისტმა მკითხა, რა სუნი აგდითო… ამას ამბობდა ყველა, რანაირად შეიძლებოდა, რომ ეს შეგვეთანხმებინა ერთმანეთთან? ყველა ადამიანი მეორე დღეს ან იქვე, სანამ გავშრებოდით, მანამდე ხომ ვგრძნობდით ამ წვას, მაგრამ მერე უფრო ძლიერდებოდა. დაბანის შემდეგ კიდევ უფრო მეტად ძლიერდებოდა, წყლის შეხება ამ მოწამლულ კანს უარეს დღეში აგდებდა და ასეთ მგომარეობაში იყო ყველა ადამიაი, ვინც ამ წყლის ჭავლში მოყვა”.  

ნენსი ვოლანდის კადრები, რომელიც ვიდეოფაბრიკაციაში გამოიყენეს, აღებულია “ფორმულას” 7 თებერვლის გადაცემიდან “ფორმულას დღე”.

ნენსი ვოლანდი
სქრინშოტი: ფორმულა/Facebook

აღსანიშნავია, რომ ნინო კალანდიას დისკრედიტაციის მიზნით ფეისბუქ-მომხმარებლები და Tik Tok ანგარიშები მისი ინტერვიუდან მხოლოდ იმ მონაკვეთს ავრცელებენ, რომელშიც ტაქსიში უსიამოვნო სუნზე საუბრობს და პოსტებს შეურაცხმყოფელ აღწერებს ურთავენ (1,2). პოსტებს ნინო კალანდია თავადაც გამოეხმაურა.

ნენსი ვოლანდი

ნინო კალანდიას დისკრედიტაციისკენ მიმართული ვიდეოს გამავრცელებლებს შორის არის პროსახელისუფლებო ყალბი ფეისბუქ-ანგარიში Luka Gagnidze, რომელიც სისტემატურად აქვეყნებს ანტიოპოზიციურ და აქტივისტების მადისკრედიტირებელ პოსტებს და პროფილის ფოტოდ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ვიზუალს იყენებს.

 ნენსი ვოლანდი
სქრინშოტები: Hive Moderation, AI or Not

 მოამზადა ბარბარე ლაგვილავამ 

“მითების დეტექტორის ლაბორატორია”


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist